“ქართული ოცნება კიდევ ერთ საბოტაჟს ამზადებს” – რას წერს ვახო სანაია

ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში წერს:

“რუსული კანონი 2

“ქართული ოცნება“ კიდევ ერთ საბოტაჟს ამზადებს. ამჯერად კიდევ უფრო ვერაგულად.

ფრიდონ ინჯია:

,,ამ დღეებში წარმოვადგენთ კანონპროექტების პაკეტებს, რომელიც იკვეთება საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის სახით წარმოდგენილი საზოგადოების შეკრებიდან“.

იგულისხმება რეპუბლიკის მოედანზე გამართულ აქციაზე წამოყენებული ინიციტიავა – ეგრეთ წოდებული ,, LGBT პროპაგანდის” აკრძალვა. ეს აქცია იყო ,,ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებული. ეს იყო რუსული აქცია. იმ მიტინგზე წამოყენებულ ინიციტივას მოჰყვა ,,ქართული ოცნების“ დაგეგმილი გამოხმაურება.

პარლამენტის თავმჯდომარე პაპუაშვილი :

„ეს იყო ქართული იდეით, ეროვნული ინტერესებით გამსჭვალული აქცია“.

მამუკა მდინარაძე :

გვმართებს, ამაზე [კანონის მიღებაზე] სერიოზულად ვიფიქროთ”.

ამ განცხადებებს წინ უძღოდა პროპაგანდისტული ,,იმედის“ მიერ მანიპულაციურად გამოქვეყნებული მონაცემი “გელაპის“ კვლევიდან უმცირესობებთან დაკავშირებით. ამას ,,ქართულმა ოცნებამ“ მიაბა, თითქოს ეგრეთ წოდებული ,,LGBT პროპაგანდით“ ადამიანები სექსუალურ ორიენტაციას იცვლიან და რაოდენობა იზრდება, განსაკუთრებით ჯენზი თაობაში. სწორედ ჯენზისთან ბრძოლაა ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და ფიქრობენ, რომ ამ გზით შეძლებენ ახალგაზრდების დისკრედიტაციას. რუსულ რეჟიმს ჰგონიათ, რომ იდენტობა დისკრედიტაციაა. რაც შეეხება კვლევას – ის სულ სხვა შინაარსს ატარებს, ჩვენს დროში ადამიანები უფრო თავისუფლად და ღიად ლაპარაკობენ თავის იდენტობაზე, უფრო მეტი ადამიანია, ვინც აღარ მალავს თავის ორიენტაციას, როგორც ეს წარსულში ხდებოდა. არაფერ შუაშია რაოდენობა. სახელისუფლებო პროპაგანდა ტრადიციულად ურცხვად ცრუობს. ან რომელ იდიოტს მოუვა თავში აზრად, მიბაძვით იცვლებოდეს ორიენტაცია, რომელიც უბრალოდ ადამიანის იდენტობაა და შეუძლებელია, ის ვინმემ ძალდატანებით ან მოტყუებით შეგაცვლევინოს. ან საერთოდ ვისი რა საქმეა სხვისი ორიენტაცია.

რატომ აკეთებენ ამას ?

ეს კანონი არის პირდაპირ რუსულის გადმოკოპირება. მსგავსს კანონს პუტინმა 2022 წელს მოაწერა ხელი, რომელმაც ხელი უნდა შეუშალოს ევროკავშირთან ინტეგრაციას. მსგავსი კანონი ეწინააღმდეგება 2014 წელს დამტკიცებულ ანტიდისკრიმინაციულ კანონს, რომელმაც ქვეყანას ხელი შეუწყო ვიზალიბერალიზაციის მოპოვებასა და ევროპაში თავისუფლად გადაადგილებას.

მარტში განცდილი მარცხის შემდეგ ხელისუფლებამ გადაწყვიტა, უფრო ვერაგულად შეუშალოს ხელი კანდიდატის სტატუსის მიღებას, შექმნას პროპაგანდისტული თემა და განიმტკიცოს ძალაუფლება. ამ კანონით დაიწყებენ ადამიანების დევნას, დააწესებენ ცენზურას ყველა მიმართულებით, დაადგენენ, რა დაწეროს მწერალმა, რა თქვას ჟურნალისტმა, როგორ ჩაიცვან ახალგაზრდებმა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.

ამ კანონის მოქმედების არეალი იქნება განუსაზღვრელად ფართო, რადგან თავად თემაა გამოგონილი – არ არსებობს არანაირი ,,LGBT პროპაგანდა“. პირიქითაა, რუსული პროპაგანდის მიზნით შექმნილი მითია, რომელიც ადამიანების დაბნევას ემსახურება და ყველგან მიზნად ისახავს დიქტატურის მიღწევასა და განმტკიცებას. ასეთმა რუსულმა კანონებმა ევროპაკავშირში შესვლას დამატებითი წინაღობა უნდა შეუქმნას.

თავად კანონი ხომ მავნებლობაა, ასევე ვერაგულია ჩანაფიქრის მიღწევის გზები. აბა, ახლა გამოდით “პიდარასტების“ დასაცავად. აბა, ახლა მოაწყვეთ აქცია, სადაც “პიდარასტებს“ დაიცავთ – ეს ამორალური გზავნილები და ლექსიკა ექნებათ.

თუ გამოხვალთ ამ კანონის წინააღმდეგ, ესეიგი, ტრადიციებსა და ქრისტიანობას ებრძვით; ევროპა გაგვაკრიტიკებს, არაფერში გვჭირდება ეგეთი გარყვნილი ევროპა – ამას გაიმეორებენ დაუსრულებად და ამ გზით ეცდებიან საზოგადოების განეიტრალებას, დაკომპლექსებასა და კანდიდატის სტატუსის საბოტაჟს. ესაა პასუხი რუსული კანონის თავზე გადახევაზე.

ამჯერად ამ სპეცდავალების შესრულება – კანონპროექტის ინიციირება- გაფარჩაკებული ,,ხალხის ძალის“ ნაცვლად მოუწევს ,,ქართული ოცნების“ კიდევ ერთ რუსულ დანაყოფს, ბოლომდე გაშიფრულ და კომპრომეტირებულ – ინჯიასა და მის რუსეთუმე ძმაკაცებს.

ქრისტიანობას ,,იცავენ” ადამიანები, რომელთაც კატასტროფამდე მიიყვანეს ჩვენი საამაყო გელათი, ჩაატარეს სპეცოპერაცია ,,გარეჯი საქართველოა“ და სინამდვილეში გარეჯი ინგრევა და ფეხებზე ჰკიდიათ, რადგან არჩევნები დასრულდა. ,,იმედმაც” არჩევნების დასრულებისთანავე მოხსნა წარწერა – ,,გარეჯი საქართველოა“.

ქრისტიანობას ,,იცავენ” ადამიანები, რომლებიც საძინებლებში უღებენ და მერე აშანტაჟებენ სასულიერო პირებს.

ნარკოტიკების წინააღმდეგ საზოგადოებას მორალს უკითხავენ უცნობი და ხაინდრავა, თითქოს ვინმემ არ იცის, რომ ნარკოტიკები ცუდია, თითქოს ნარკოტიკებით ვაჭრობა არ ყვაოდეს ქვეყანაში და თითქოს ხელისუფლება არ მფარველობდეს.

ოჯახზე ლაპარაკობენ ისინი, რომელთაც ხალხს ბილეთის აღება და ქვეყნიდან წასვლა ურჩიეს, საქართველო იცლება, ცოლები და ქმრები ერთმანეთისგან შორს, სხვადასხვა კონტინეტზე ცხოვრობენ და ბავშვებს სკაიპით ზრდიან.

ამ კანონისთვის ნიადაგის შემზადებას ემსახურება ღარიბაშვილის მონაწილეობა პუტინის მოკავშირე ორბანთან ერთად უნგრეთში ფაშისტურ კონფერენციაში.

ესენი არიან რუსები, ჩვენ კი სიფრთხილე, ბევრი შრომა, სწორად მუშაობა და კანდიდატის სტატუსი გადარჩენა გვმართებს. აპირებენ, სხვა უფრო ვირეშმაკულად შეგვისრულად, რუსეთში გვიკრან თავი, დაგვიხურონ ევროკავშირის კარი, შეასრულონ მოსკოვის დავალება, გაგვწირონ ჭაობში საცხოვრებლად ან აქედან გასაქცევად, თვითონ კი ხალხის ხარჯზე გამდიდრდნენ.

მოახერხებენ კანდიდატის სტატუსის ჩაგდებას? იტყვიან, არ გვინდა გარყვნილი ევროპაო.

დასასრულ, მინდა, წარმოგიდგინოთ მოკლე ფრაგმენტი გადაცემიდან, სადაც ნიკა ქავთარაძემ მარტივი შეკითხვა დაუსვა რუსეთის ჩმორ კოკა მორგოშიას.”

წერს ვახო სანაია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share