ფუტკრის მოლოცვის დღე გურიაში. იმართებოდა დიდმარხვის შუა ოთხშაბათს. სალოცავად ყოველ მეფუტკრეს რამდენიმე თაფლიანი ჭადი უნდაგამოეცხო, ასევე აცხობდნენ – “ქადაპურს” (თაფლიანი პური) ან თაფლიან ჭვავის პურის.
.
თაფლიანი ჭადებისა თუ პურების რაოდენობა ოჯახის შეძლებაზე და ფუტკრის სიმრავლეზე იყო დამოკიდებული. ფუკობის დღეს მეფუტკრის ოჯახში გააწყობდნენ სუფრას და ზედ თაფლიან ჭადებსა (პურებსა) და სანთლის არაყს
დაალაგებდნენ, ჩამოარიგებდნენ ანთებულ სანთლებს, რომლებსაც კარიდან მარჯვენა კედელზეც მიაკრავდნენ. შუა ცეცხლთან კარის მიმართულებით მდგარი ქუდმოხდილი მეფუტკრე შემდეგი სახის ლოცვას აღავლენდა: „ბატონო მეფუკე, გამიმრავლე ფუტკარი“. უნდა ითქვას, რომ გურიაში ზოგან ფუტკრის მომრავლებას – ღმერთს, ზოგანაც იობს კი შეთხოვდნენ.
.
მეფუტკრეები, რომლებსაც ფუტკარი აგვართაში (ფიცრული ან მორებით ტყეში აგებული სახლი) ჰყავდათ, რამდენიმე მამაკაცის თანხლებით სალოცავად იქ მიდიოდნენ, თან თაფლიანი ჭადები, სანთლის არაყი, სანთლები და ფიჭა მიჰქონდათ;
.
თუკი ბუკები ხეებზე ჰქონდათ შემოწყობილი, სახლში დატოვებულ ორ ძირ ფუტკართან მოილოცავდნენ და გიდელში ჩალაგებულ შესაწირავს იქვე მახლობლად ჩამოდებდნენ.
ფუკობა დღეს თაფლიანი ჭადის საჭმელად მეფუტკრეს მეზობლებიც სტუმრობდნენ, რის გამოც რიგ შემთხვევაში ოჯახი დიდი ზომის სასტუმრო თაფლიან ჭადს საგანგებოდ აცხობდა. ცდილობდნენ, რომ თაფლიანი ჭადი რაც შეიძლება მეტ ადამიანს რგებოდა.
.
ფუკობაზე, გარდა ლოცვისა და მსხვერპლშეწირვისა, აუცილებელი იყო საფუტკრე საქმის გაკეთებაც. საამისოდ გამოთლიდნენ ბუკს ან უკვე გამოთლილ ბუკებს ხეებზე შემოაწყობდნენ, ათვალიერებდნენ „გაცოცხლებულ“ და დასუფთავებულ ბუკებს. იმ მიზნით, რომ ფუტკრის საქმე მთელი წლის მანძილზე კარგად წარმართულიყო.
.
ფუკობის გარდა, გურული მეფუტკრეები, ფუტკრის მომრავლების მიზნით, ბარბალობაზეც ლოცულობდნენ და შეპირებული რაოდენობის სანთელს სწირავდნენ.
.
– ა. რობაქიძე – მეფუტკრეობა გურიაში – მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისათვის. V. 1951
– ნუგზარ ანთელავა – კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები 2017
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა