დღეს, ქვეყანაში, კორონავირუსით ინფიცირების 919 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირების რიცხვი ყოველდღიურად მატულობს გურიაშიც და განსაკუთრებით ოზურგეთში. ეპიდემიოლოგები პირბადეების ტარებას და დისტანციის დაცვას გვირჩევენ, თუმცა, როგორც ჩანს ეს არ ადარდებთ ოზურგეთის მერიაშია, სადაც ყველა დადგენილებას არღვევენ. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, გუშინ, ოზურგეთის მერიის თანამშრომელმა ქალბატონებმა სვეტიცხოვლობა აღნიშნეს და შესაბამისი ფოტოები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს. ფოტოებზე გარკვევით ჩანს, რომ საჯარო მოხელეები არც პირბადეებით არიან და არც დისტანციას იცავენ იმ დროს, როცა ასეთ მითითებას საზოგადოებას ხელისუფლება და ეპიდემიოლოგები ყოველდღიურად აძლევენ.