იმ გამოხმაურებებს შორის, რაც ბრატისლავაში, “გლობსეკის” კონფერენციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის პასუხს მოჰყვა კითხვაზე, “რატომ შეიჭრა რუსეთი უკრაინაში 2022 წელს”, ერთ-ერთი იყო ბრიტანელი პარლამენტარის და პროფესიონალი სამხედროს, ბრიტანეთის პარლამენტის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის, ტობიას ელვუდის კომენტარიც: “სამარცხვინოა იმის მოსმენა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი (სახელმწიფო, რომელიც ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებას ცდილობს) რუსეთის უკრაინაში შეჭრაში ნატოს ადანაშაულებს”, – დაწერა ელვუდმა ტვიტერზე.
“ყველა სახტად დარჩა. იმედი მქონდა, რომ უკან წაიღებდნენ ამ განცხადებებს, რადგან ეს ძირს უთხრის საქართველოს რეპუტაციას და მის მცდელობებს, ნატოსა და ევროკავშირის წევრი გახდეს. შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ… რაღაც ავბედითი ხდება, ფარდებს მიღმა”, – უთხრა ბრიტანელმა პარლამენტარმა რადიო თავისუფლებას.
”არა მარტო მე, ყველა სახტად დატოვა ამ გამოსვლამ, მიუხედავად იმისა, რომ მოდერატორმა წინათქმისას თითქოს შეგვამზადა ამისთვის, მაინც ყველა გაოგნებული იყო. თუ ვინმე უნდა უჭერდეს მხარს უკრაინას ასი პროცენტით, ეს საქართველოა, რადგან საქართველომ თვითონაც იწვნია რუსული აგრესია – რუსეთმა ტერიტორიები წაგგლიჯათ. აქ კი ვნახეთ პრემიერი, რომლის ქვეყანაც ნატოში შესვლას ლამობს, ის კი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრას ნატოსვე აბრალებს. ყველა სახტად დარჩა. იმედი მქონდა, რომ უკან წაიღებდნენ ამ განცხადებებს, რადგან ეს ძირს უთხრის საქართველოს რეპუტაციას და მის მცდელობებს, ნატოსა და ევროკავშირის წევრი გახდეს. შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ… რაღაც ავბედითი ხდება, ფარდებს მიღმა, რომ პუტინს ჰყავს მოხელთებული, რომ ცდილობს, ფსონები ორივე მხარეზე გაანაწილოს, იმის მიხედვით, თუ რა პირი უჩანს ომს… და ეს შეურაცხმყოფელია – ესაა დემოკრატიის, ევროპული უსაფრთხოების და მათი შეურაცხყოფა, ვინც უკრაინას უდგას გვერდში.
ტაში მისთვის ნამდვილად არ დაგვიკრავს. ეს იყო პატივისცემა თავად ღონისძიებისა და სხვა მონაწილეებისადმი. ეს არ იყო ტაში მისთვის, ან მისი სათქმელისთვის. ვერავის იპოვით კონფერენციაზე, ვინც გეტყვით, რომ დიახ, აი, მე ამ კაცის სათქმელს, პოზიციას ვიზიარებ. და ამ ყველაფრის პრემიერ-მინისტრის პირიდან მოსმენა, იყო, ვფიქრობ, უპასუხისმგებლო და სახიფათოც – თუკი საქართველო კვლავაც გეგმავს დიდ ევროპულ ინსტიტუციებთან მიერთებას.
ვფიქრობ, ის მოსკოვს ელაპარაკებოდა. ის პირდაპირ მიანიშნებდა პრეზიდენტ პუტინს: რომ აი, აქა ვარ, და თუ ომის საქმე უკუღმა წავიდა, მაშინ მას სურს ისეთივე ურთიერთობა მოსკოვთან, როგორიც ვიქტორ ორბანს აქვს. გუშინ მან, ასე ვთქვათ, „კარტი“ გახსნა და გვაჩვენა.” – განაცხადა ელვუდმა.