კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერი დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი ამბობს, რომ ის ძალებს აბრუნებს უკან, საველე ბანაკებში.
“სურდათ კსკ ვაგნერის დაშლა. ჩვენ 23 ივნისს სამართლიანობის მარშზე გავედით. ერთ ღამეში მოსკოვამდე 200 კილომეტრამდე გავედით. ამ დროის განმავლობაში ჩვენი მებრძოლების ერთი წვეთი სისხლიც არ დაგვიღვრია. ახლა დადგა მომენტი, როცა სისხლი შეიძლება დაიღვაროს. ამიტომ, მთელი პასუხისმგებლობის გააზრებით, რომ დაიღვრება რუსული სისხლი ერთ-ერთი მხარის მიერ, ჩვენს კოლონებს უკან ვაბრუნებთ და უკანა მიმართულებით მივდივართ, საველე ბანაკებში. გეგმის მიხედვით”. – თქვა პრიგოჟინმა.
უცნობია, თუ რა გეგმას გულისხმობს ევგენი პრიგოჟინი.
23 ივნისს პრიგოჟინმა თქვა, რომ ვაგნერის ბანაკებზე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სარაკეტო იერიში მიიტანა და საპასუხო მოქმედებებისთვის ემზადებოდნენ. ამის შემდეგ, მან განაცხადა, რომ საზღვარი გადაკვეთეს და როსტოვში შედიოდნენ. ის ასევე ირწმუნებოდა, რომ თავდაცვის სამინისტრომ თვითმფრინავებით ვაგნერის კოლონებზე დარტყმის ბრძანება გასცეს, რაზეც პილოტებმა უარი თქვეს.