კულტურის სფერო ხშირად ხვდება ჩვენი საზოგადოების ყურადღების ცენტრში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც საქართველოს კულტურის მინისტრად თეა წულუკიანი დაინიშნა. მისი ოპონენტები ქართულ კულტურაში მიმდინარე პროცესს, “პოლიტიკურად მოტივირებულ ვენდეტას” უწოდებენ და ამტკიცებენ, რომ მინისტრი ყველაზე გამოცდილ, პროფესიონალ კადრებს მისი ერთგული, ლოიალური ხალხით ანაცვლებს.
იმედა კახიანი, საქართველოს სახალხო არტისტი:
”ნათქვამია, პური მეპურემ უნდა გამოაცხოსო, კინოც იმ ხალხმა უნდა გადაიღოს, რომელმაც ეს საქმე კარგად იცის. ჩემი მოსაზრება ასეთია: ქართული კინოს სათავეში პროფესიონალები უნდა იყვნენ. შეიძლება ადმინისტრაციაში ან ბუღალტერიაში ხელოვანები არ მუშაობდნენ, მაგრამ ქართულ კინოს მცოდნე ხალხი უნდა განაგებდეს. ერთი ან ორი თანამშრომელი შეიძლება იყოს იურისტი, მაგრამ უმრავლესობა – რეჟისორი, მსახიობი ან კინოს მუშაკი უნდა იყოს.
რაც შეეხება მინისტრის – თეა წულუკიანის კრიტიკას, მე მასზე აუგს ვერ ვიტყვი, ეჭვი არც მის წესიერებასა და პატრიოტიზმში მეპარება, მაგრამ ის პროფესიით იურისტია და ყველა ნიუანსში გარკვეული რომ არ იყოს, არ მიკვირს. ამიტომ, საქმეში გამოცდილი პროფესიონალები უნდა ჩაერთონ. ხომ არ შეიძლება რეჟისორმა მძიმე ავადმყოფს უმკურნალოს ან ოპერაცია გაუკეთოს? – ასევე არ შეიძლება კინოინდუსტრია გამოუცდელ ხალხს მივანდოთ. სამწუხაროდ, ყველაფერი უცნაური ჩვენთან უნდა მოხდეს, მაგალითად: მე გაოცებული ვიყავი, როცა ელდარ შენგელაიამ, დაფინანსება და ფილმის გადაღების უფლება რომ ჰქონოდა, განცხადება კინოცენტრში შეიტანა… ეს არის რეჟისორი, რომელსაც კანის ფესტივალზე ორჯერ მიანიჭეს მსოფლიო კინოს კლასიკოსის წოდება. ქართული კინო ჩვენი ქვეყნის სიამაყე და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიღწევაა, რომელიც საბჭოთა პერიოდიდან ფენომენად იყო მიჩნეული. ამ ფენომენს პროფესიონალი რეჟისორები და მსახიობები ქმნიდნენ, რომლებმაც დიდი ხანია დაამტკიცეს, რომ მსოფლიო დონის ფილმების გადაღება შეუძლიათ, ამიტომ, ამ სფეროს განსაკუთრებული ყურადღება და სიფრთხილე სჭირდება. 1956 წლის შემდეგ კინოს ვემსახურები და კარგად ვიცი, რომ მას სულ სხვა სპეციფიკა აქვს, მის შექმნაზე პროფესიონალები უნდა მუშაობდნენ, ხოლო დაფინანსებაზე სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს. ეს აუცილებელია, რომ ქართულმა კინომ თავისი საუკეთესო ტრადიციები გააგრძელოს.”
სევდია უგრეხელიძე, “ევროპის საბჭოს ადგილობრივ თვითმმართველობათა კონგრესის” ვიცე-პრეზიდენტი:
”ქართული კულტურისგან შორს არასდროს ვყოფილვარ, უფრო მეტიც, თბილისის კონსერვატორიაში 26 წელი გავატარე და ვიცი, როგორ ექცეოდა ოფიციოზი ხელოვანებს. მაშინ, 1980-იან წლებში, ე.წ. დათბობის პერიოდი იყო, როცა კომუნისტებს ყველაფერი უკვე “დალაგებული” ჰქონდათ და უხეში მეთოდები აღარ სჭირდებოდათ. ახლა კი, ქართულ ხელოვნებაში საკმაოდ უხეში მეთოდებით ერევიან. იგივე ხდება კინოცენტრში, სადაც თანამშრომლებს იმასაც ვერ ეუბნებიან, ავადსახსენებელი “რეორგანიზაციის” მიზეზი რა არის. რეალურად, ეს “რეორგანიზაცია” კი არა, სრული ფიქციაა – ადრე მწერლების “მოთვინიერება” სცადეს, მერე მუზეუმის თანამშომლების და მეცნიერებისა, ახლა კინოსაც მიადგნენ, რადგან ეს ყველაზე პოპულარული დარგია, რომლითაც ადამიანის გონებაზე ზემოქმედება შეიძლება.
მეთოდები, რომელსაც იყენებენ, საკმაოდ უხეშია, თუმცა, იმის თქმა, რომ ეს ბოროტება წულუკიანის ბრალია, სწორი არ იქნება: წულუკიანი ბოროტი მექანიზმის ერთ-ერთი ჭანჭიკია, მის ადგილას ვინც უნდა ყოფილიყო, ზუსტად ასე მოიქცეოდა. ხელოვანების მოსყიდვა, მათთვის ჰონორარების და პენსიების დანიშვნა, ქართული თეატრების რემონტი ანუ ქველმოქმედების საფარქვეშ მყოფი ეტაპი უკვე დასრულდა, ახლა უფრო მწვავე ეტაპი დაიწყო!
დასკვნა ასეთია: ქართული სახელმწიფო ყოფნა-არყოფნის წინაშე დგას, ხელისუფლება კი მის მომაკვდავ ორგანიზმზე პარაზიტობს! ამ დროს, საზოგადოების ჯანსაღ ნაწილს ნაჯახით უსწორდება ჩვეულებრივი, დამსჯელი, ფსბ-ს კარნახით გაწრთვნილი ხალხი, რომელიც 1930-იანი წლების “კა-გე-ბე”-ს მეთოდებს იყენებს. მათი მიზანია, ხელოვანი დათრგუნვილი და დაბეჩავებული იყოს, იგივე ხდება სასამართლო სისტემაში, საქმიან წრეებში, საარჩევნო სისტემაში და ყველგან – მთავარია, ვინ უფრო კარგი მონა იქნება და ვინ უფრო კარგად იფორთხებს მუხლებზე.
ჩნდება კითხვა – კინოცენტრმა რა დააშავა? კინო პროპაგანდის ერთ-ერთი მძლავრი საშუალებაა, ამიტომ, კინოცენტრი გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. იქ უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც თავისუფალი აზრის მომხრეა. რატომ მოჰყავთ კულტურის სფეროში იურისტები? – პასუხი მარტივია: როცა მინისტრს თავისი გუნდი ჰყავს, რომელიც მის მითითებებს ზედმიწევნით ასრულებს, სხვებს რატომ მოიყვანს? მას რამდენიმე უსამართლოდ გაშვებულმა ადამიანმა საქმე მოუგო, მაგრამ სულ ამაოდ: თეა წულუკიანი კანონს არ იცავს, სასამართლო ავალებს, რომ დაზარალებულ ხალხს თანხა გადაუხადოს, მაგრამ – არ უხდის. თუ არსებულ უსამართლობას მთელი საზოგადოება წინ არ აღუდგება, ვერაფერს გავხდებით.
ყველა უნდა გაერთიანდეს – თუ ასე არ მოვიქცევით, ნებისმიერ სოციალურ ფენას მიაკითხავენ და ყველა პროფესიას, ნებისმიერ თავისუფალ ადამიანს სავალალო ბედი ელის.
საბოლოოდ, საქართველო გახდება პროვინციული რუსეთი, ოღონდ – გაცილებით ღატაკი და ჩამორჩენილი, ვიდრე თავად რუსეთია.”
ზურაბ ცინცქილაძე, თეატრისა და კინოს მსახიობი:
”უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველოში ადამიანებს პარტიული ნიშნით ყოველთვის ნიშნავდნენ. უფრო მეტიც, ხელოვანი თავისი შეხედულებების გამო ხშირად იჩაგრებოდა. ეს ჩემს თავზეც გამოვცადე: წლების წინ, როცა ხელისუფლება შეიცვალა, განცხადება დავწერე – სამსახურიდან წამოსვლა მინდოდა. ასე არ შეიძლებაო, მისაყვედურა ერთ-ერთმა, ახალგამომცხვარმა უფროსმა – განცხადებით კი არ უნდა წახვიდე, უნდა გაგაგდოთო… ასეთ გარემოს ბევრი ვერ უძლებს, ქართველი ხელოვანები პარტიაშიც იმიტომ შედიან, რომ თანამდებობა და პრივილეგიები ჰქონდეთ – ეს საქართველოში ჩვეულებრივი ამბავია, რაც სასიამოვნო და მოსაწონი სულაც არ არის, მაგრამ ყოველთვის ასე ხდებოდა, მომავალშიც, არა მგონია, რაიმე შეიცვალოს.
რაც შეეხება კულტურის სფეროში ხელმძღვანელ თანამდებობებზე იურისტების დანიშვნას: თუ ეროვნულ საქმეს გააკეთებს და ქართულ კინოზე იზრუნებს, რატომაც არა? – იყოს იურისტი.
რაც შეეხება ბაჩო ოდიშარიას, მისი დანიშვნით გამოწვეული უკმაყოფილებაც მაოცებს: ის საკმაოდ ჭკვიანი, განათლებული და კარგი ახალგაზრდა ჩანს. რა მნიშვნელობა აქვს მის პოლიტიკურ მოსაზრებებს, თუ საქმეს გააკეთებს? ჩვენს მკითხველს შევახსენებ, რომ საზოგადოების ნაწილის პროტესტი და წინააღმდეგობა ხშირად საუკეთესო პიროვნების დანიშვნასაც მოჰყვება ხოლმე. სავარაუდოდ, ტელევიზია არაფერ შუაშია: ალბათ, საინტერესო პროექტები წარმოადგინა და პასუხსაგებ თანამდებობაზე ამიტომ დანიშნეს. ადრეც ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ უნდა გავიმეორო: ქართველებმა, განსხვავებული მოსაზრებების გამო, ერთმანეთი არ უნდა ჩავქოლოთ, თუნდაც იმიტომ, რომ პატარა ქვეყანაში ვცხოვრობთ – თუ კარგად გავიკითხავთ, ყველა ერთმანეთის ნაცნობი, ახლობელი ან ნათესავი აღმოჩნდება. ამიტომ, ერთმანეთის აზრს პატივი უნდა ვცეთ და ადამიანებს მოვუფრთხილდეთ.”
კვირის პალიტრა