ოდა სახლების მშენებლობა გურიაში ლაზი ხელოსნების ნამუშევარი გახლავთ, ასეთი სახლები გურიაში მე-19 საუკუნის მეორე ნახევარიდან იწყება, მანამდე გურიაში სულ სხვა სტილის სახლები იყო. იური სიხარულიძე თავის წიგნში „ჭანეთი“ ერთერთი ლაზი ხელოსნის ასეთ ისტორიას ყვება:
.
“სანოდან ყოფილა აღმოსავლეთ გურიაში განთქმული ხურო ალექსანდრე ქართველი – ბატონო ალექსანდრე, მოგვითხრეთ რაიმე თქვენს სოფელზე, ჭანეთზე, – თხოვდნენ შესვენების დროს ალექსანდრე ქართველს და ისიც ხალისით იწყებდა თავისი საინტერესო თავგადასავლის თხრობას.
.
ვინ უწყის, მერამდენეჯერ ჰყვებოდა იგი ამ გრძელ ამბავს, მაგრამ არასოდეს ბეზრდებოდათ მისი მოსმენა. – ჩემი მშობლიური სოფელი სანო აქედან ძალიან შორსაა, ერთი კვირა მაინც უნდა იაროს კაცმა ფეხით, იქამდე რომ მიაღწიოს. მშვენიერი სოფელია, აქაური სოფლების მსგავსი. კარგა ხანია იქედან წამოვედი, მაგრამ იქაურობას რა დამავიწყებს. ჩემი მუსლიმური სახელი „ალი“ იყო, გვარი – გილიში, თურქები გელოღლებს გვეძახოდნენ.
.
ჩვენი ხალხი ბევრი მოდის აქეთ სამუშაოდ. რა ქნას, კაცს ცხოვრება უნდა. ჩვენში ძლიერ ბევრია ხურო, ამიტომ იქ ოსტატს ფასი არა აქეს. მეც ამიტომ წამოვედი. ერთხანს ოზურგეთს ვიმუშავე. ძალიან შემიყვარეს. თავადმა მაქსიმელიშვილმა მომნათლა კიდეც. აბა, რავა გგონიათ, უბრალო ვინმე არ გეგონოთ, დიდი თავადია ჩემი ნათლია. ნათლობისას ალი ალექსანდრედ შემიცვალეს, გელიში კი – მგელაძედ. ერთმა ციხელმა ზემო გურიაში წამომიყვანა. მის სახლს რომ ვაშენებდი, მეზობლის ქალი მომეწონა და დავქორწინდი. ახლა ციხის (ბუკისციხე – ი. ს.) მკვიდრი ვარ, მყავს ერთი ვაჟი და ორი ბადიში. ბიჭს ჩემი სახელი ჰქვია. ძალიან მკვირცხლია. ვინ იცის, ეგებ კაი კაცი დადგეს“.
.
ალექსანდრე ქართველის ნაამბობი ჩავიწერეთ სიმონ ბესარიონის ძე სიხარულიძისაგან (დაბ. 1863) სოფ. გოგოლეისუბანში (ჩოხატაურის რ-ნი) 1951 წლის 15 აგვისტოს. ისიც ხურო იყო და ალექსანდრესთან ერთად ხშირად უმუშავნია. ძალიან უქებდა ოსტატობას.”
.
იური სიხარულიძის – ჭანეთი (ლაზეთი) 1979 წელი
.
კ. ზენაიშვილის სახლი სოფელ მაჩხვარეთში (ქართული ხით ხუროთმოღვრება 1959)
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა