The Moscow Times თავდაცვის სამინისტროში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ უკრაინაში რუსული ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების მეთაურის მოადგილე, გენერალი სერგეი სუროვიკინი დააკავეს. გამოცემის ცნობით, ინფორმაციაზე ოფიციალურად უწყებაში კომენტარს არ აკეთებენ.
ერთ-ერთი წყარო მედიას ეუბნება, რომ პრიგოჟინის აჯანყების დროს, როგორც ჩანს, სუროვიკინმა “მხარე აირჩია”. გამოცემა წერს, რომ სუროვიკინის დაკავების შესახებ ცნობები მანამდე სამხედრო ბლოგერმა ვლადიმერ რომანოვმა გამოაქვეყნა – მისი თქმით, გენერალი 25 ივნისს, ვაგნერის აჯანყების მეორე დღეს დააკავეს.
დღეს გამოცემა New York Times წერდა, რომ სერგეი სუროვიკინმა კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის დამფუძნებლის აჯანყების გეგმების შესახებ იცოდა. გამოცემის მოსაზრებით, ეს აჩენს კითხვებს, როგორი მხარდაჭერა ჰქონდა ევგენი პრიგოჟინს ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში. ვაგნერის დამფუძნებლის ევგენი პრიგოჟინის “სამართლიანობის მარშად” წოდებული აჯანყების დროს, სუროვიკინმა ვიდეო მიმართვა გაავრცელა, სადაც დაქირავებულ მებრძოლებს შეჩერებისკენ მოუწოდა.
ოფიციალურმა პირებმა New York Times-ს განუცხადეს, რომ ისინი ცდილობენ გაარკვიონ, დაეხმარა თუ არა გენერალი სუროვიკინი პრიგოჟინს მოქმედებების დაგეგმვაში, რასაც გამოცემა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის 23-წლიანი მმართველობის განმავლობაში ყველაზე სერიოზულ გამოწვევას უწოდებს.
სუროვიკინი რუსეთში გავლენიანი სამხედრო მეთაურია, რომელიც გასულ წელს უკრაინის კონტრშეტევის დროს ფრონტის ხაზზე თავდაცვის გამაგრებაში დაეხმარა არმიას. იანვარში იგი შეცვალეს უმაღლესი მეთაურის თანამდებობაზე, მაგრამ მან გავლენა შეინარჩუნა.