ქუჩაში კვერცხები დაუშინეს, იმიტომ, რომ მისი ლექცია არ მოეწონათ. თავს დაესხნენ და სცემეს პოლიტიკური ნიშნით. გამომცემლობას მიუვარდნენ და შეურაცხმყოფელი პლაკატები გაუკრეს. შეეცადნენ პასუხი მოეთხოვათ ფეისბუკპოსტის გამო. მანქანის საბურავები დაუჭრეს, რადგან მისი პოლიტიკური პარტია მათთვის მიუღებელია – ეს მხოლოდ ბოლო ერთ თვეში, საქართველოში მომხდარი ნამდვილი ამბების აღწერაა.
ბოლო ხანებში, საჯარო სივრცეში, ადამიანებზე თავდასხმის, ძალადობისა და ანგარიშსწორების, სულ ცოტა, ათამდე შემთხვევა გახმაურდა. ხელისუფლება ძალადობის წახალისებაში ბრალს სდებს ოპოზიციას, მედიასა და ელჩებს. “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის სიტყვებით, ზურა ჯაფარიძეზე, მიშა მშვილდაძეზე მოძალადეებს “ოპოზიციამ, NGO-ებმა, ელჩებმა, დააჯერეს, რომ ფიზიკური და ვერბალური ძალადობა სამოქალაქო აქტივიზმია”. მმართველი გუნდის დეპუტატებისგან კი ისმის ფრაზები, რომ ყველა, ვინც მათ „პრორუსს“ ან „მოღალატეს“ დაუძახებს, „ცხვირ-პირში მიიღებს“.
წიგნებთან ბრძოლა – სულაკაურის გამომცემლობას მიუვარდნენ
ერთ-ერთი ბოლო ამბავი: გუშინ საღამოს, „სულაკაურის გამომცემლობის“ ოფისში ორი ადამიანი მივიდა, ხელში შეურაცხმყოფელი პლაკატებით, „პედოფილებოს“ ძახილით და ფეისბუკზე ჩართული ლაივით.
ისინი გამომცემლობის თანამშრომლებს სთხოვდნენ პასუხს მათ მიერ გამოცემული ერთ-ერთი ცნობილი წიგნის, „ძილისპირული ამბები გოგონებისთვის“ შინაარსის გამო, სადაც, სხვა ამბებთან ერთად, ტრანსგენდერი გოგოს ამბავიცაა მოთხრობილი.
გამომცემლობაში მისული ადამიანები მის თანამშრომლებს „გარყვნილების პროპაგანდაში“ ადანაშაულებდნენ. ცოტა ხანში კი, იმავე მიზნით „სულაკაურის გამომცემლობის“ წიგნის მაღაზიაშიც გადაინაცვლეს და ახლა მაღაზიის კონსულტანტებს “გაურჩიეს” საქმეს.
„ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ განმარტების გაკეთება მომიწევდა მე-17 საუკუნეში დაწერილი, შარლ პეროს ზღაპრის ან თუნდაც, „ძილისპირული ამბების“ გამო, რომელიც ხუთი წლის წინ გამოვიდა და ვიღაცას ახლა გაახსენდა. ფაქტია, ეს კამპანიის ნაწილია. თავს ესხმიან ლევან ბერძენიშვილს, მიშა მშვილდაძეს, სხვებს. ახლა წიგნებსაც “, – გვითხრა „სულაკაურის გამომცემლობის“ დირექტორმა თინა მამულაშვილმა.
გამომცემლობაში მისული ადამიანებიდან ერთ-ერთი აღმოჩნდა ხატია ჯანაშია, ვატო შაქარიშვილის კონსერვატიული მოძრაობის „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ წევრი, რომელიც რამდენიმე დღის წინ უკვე დააჯარიმა პოლიციამ 1000 ლარით, ორბელიანის სასახლის წინ ევროკავშირის დროშის დაწვის გამო.
ჯანაშიამ მაშინ ამ ფორმით გააპროტესტა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას შეწყალება.
ჯარიმის თანხის შეგროვება კი მისთვის საჯაროდ აიღო საკუთარ თავზე „პოსტივის“ ჟურნალისტმა ნათია ბერიძემ
„სულაკაურის გამომცემლობამ“ პოლიციას მიმართა.
„ჩვენ რასაც ვხედავთ, ეს არის გამოცხადებული ძალადობის ქრონიკა“, – უთხრა რადიო თავისუფლებას ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ალეკო ცქიტიშვილმა, რომლის აზრით, „ქართული ოცნების“ ლიდერები „მოქმედებისკენ“ პირდაპირ მოუწოდებენ ბოროტმოქმედთა ჯგუფებს, რომლებიც ბოლო პერიოდში სწორედ ამ თავდასხმებით არიან დაკავებული.
ალეკო ცქიტიშვილი გვეუბნება, რომ ასეთი პოლარიზაცია, როგორც წესი, უფრო შესამჩნევია არჩევნების წინ, მაგრამ რატომ ახლა?
„იმიტომ, რომ 2023 წელს არის მთავარი არჩევანი. საქართველო ირჩევს ევროკავშირს, ხოლო “ქართული ოცნება” მიგვათრევს უკან – რუსეთისკენ… და ახლა ვინც ამაზე ლაპარაკობს და თავის სახელს არქმევს “ქართული ოცნების” პრორუსულ პოლიტიკას, მათთან აგზავნიან კომბლიან მოთარეშე რაზმებს და უსწორდებიან ფიზიკურად. ეს ყველაფერი შეიძლება დასრულდეს საზოგადოების დაპირისპირებით. რუსული ოცნებაც ეს არის“, – ამბობს ალეკო ცქიტიშვილი.
„გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურა ჯაფარიძეც, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ფიზიკურად გაუსწორდნენ, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ის, რაც დღეს ხდება, არის ხელისუფლების მხრიდან არა უბრალოდ წახალისებული, არამედ ორგანიზებული ძალადობაც.
„ფორმულა ასეთია: ჯერ მათ სატელევიზიო ეთერებში ამოიქოქება ხოლმე პროპაგანდა და კონკრეტული ადამიანების მიმართ იქმნება ძალადობრივი განწყობა, შემდეგ კი ხდება ძალადობის დაორგანიზება იმ მოტივით, თითქოს “ხალხი გაბრაზდა”. დაიწყეს ლევან ბერძენიშვილით და გააგრძელეს სხვებით“.
ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ ეს ძველი მეთოდია, რომელსაც ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის დასაწყისში წარმატებით იყენებდნენ ნაცისტები გერმანიასა და იტალიაში, როცა ქუჩაში აგრესიით ცდილობდნენ განსხვავებული აზრის ჩახშობას. შეტევითაც მათ უტევენ, ვის აზრსაც საზოგადოება უსმენს.
„ჩემი დაკვირებით, განსაკუთრებით უტევენ მათ, ვისაც ახალგაზრდები უსმენენ, რადგან თავად “ქართულ ოცნებას” კატასტროფული მდგომარეობა აქვს ახალი თაობის მხარდაჭერის მხრივ. მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ფულიც დახარჯეს, კონცერტებს ატარებენ და ა.შ.“
ზურაბ ჯაფარიძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში შენიშნავს, რომ მართალია, ჯერ წინასაარჩევნო პერიოდი არ დგას, თუმცა რაც დღეს ხდება, ეს არის მზადება ნებისმიერი შემდეგი არჩევნებისთვის – ადამიანების დაშინება, განსხვავებული აზრის დათრგუნვა და ტერორის შექმნა იმისთვის, რომ ადამიანები მოერიდონ ხმამაღლა საუბარს. თუმცა „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერს მიაჩნია, რომ საბოლოოდ ეს მაინც მმართველ პარტიას დააზარალებს.
ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ ამ ხელისუფლების პრობლემა, განსხვავებით წინა ხელისუფლებებისგან, რომელთა დროსაც ხდებოდა ძალადობა, არის ის, რომ არ უსმენს დასავლეთიდან წამოსულ კრიტიკას, არ იზიარებს დასავლეთის რეკომენდაციებს.
„ამ ხელისუფლებისთვის აღარ არსებობს დასავლეთი, როგორც შემაკავებელი ბერკეტი და ეს მგონია დღეს ძალიან დიდი პრობლემა. ჩვენ, საზოგადოებას მოგვიწევს ზღვარზე სიარული იმისთვის, რომ, ერთი მხრივ, მათ პასუხი გაეცეთ და არ ეგონოთ, რომ გასდით, მაგრამ მეორე მხრივ, იმისთვის, რომ ეს ყველაფერი არ გადაიზარდოს სამოქალაქო დაპირისპირებაში“, – უთხრა ზურაბ ჯაფარიძემ რადიო თავისუფლებას.
თავდასხმების ქრონიკა მოკლედ
27 ივნისს, ტელეკომპანია „ფორმულის“ ერთ-ერთ დამფუძნებელს და ტელეწამყვანს, მიშა მშვილდაძეს უცნობი ქუჩაში დაესხა თავს და მუშტები დაუშინა.
მოგვიანებით მიშა მშვილდაძემ გაიხსენა, რომ მასზე ძალადობა დაახლოებით 15-20 წამი გაგრძელდა:
„ყურსასმენი რომ მოვიხსენი, შეძახილიც გავიგონე, „შენ პატრიარქს როგორ აგინებო”, თუ რაღაც მსგავსი”, – გაიხსენა მოგვიანებით მიშა მშვილდაძემ.
მასზე თავდასხმის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე – ძალადობის მუხლით დაიწყო.
ამ ამბიდან მეორე დღეს, 28 ივნისს კი, ფეისბუკმომხმარებელმა ნიკოლოზ გუგეშაშვილმა საჯაროდ დაწერა, მშვილდაძეს თავს მე დავესხი და არაფერს ვმალავო:
„მე ვარ… გლდანელი კაცი, 4 შვილის მამა. გუშინ ვიყავი ვაჟა ფშაველაზე, კარფურთან, სადაც ვცემე მიშა მშვილდაძე. ცემის მიზეზია ის, რომ ეკლესიას მოიხსენიებს კრიმინალად და იძახის, რომ ჯვარი არის ძალადობის სიმბოლო, აგინებს პატრიარქს, ქართველ ერს და იცავს მამათმავლებს, ასევე ფეისბუქით გვაგინებს მე და ჩემს მეგობრებს. ამიტომაც მოხვდა. არსად დამალვას არ ვაპირებ“.
რადიო თავისუფლებამ შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰკითხა, ჰყავს თუ არა გამოძიებას იდენტიფიცირებული მიშა მშვილდაძეზე თავდამსხმელი და აქვთ თუ არა ინფორმაცია ამ განცხადების შესახებ.
დღის ბოლოს მივიღეთ პასუხი, რომ თავდამსხმელი დაკავებულია.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, დაკავებული ზემოთ ნახსენები ფეისბუკპოსტის ავტორია.
მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის ფაქტს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანიც გამოეხმაურა – თავდასხმა დაგმო, ხოლო საქართველოს პროკურატურას მოუწოდა, საქმე შინაგან საქმეთა სამინისტროდან, შემდგომი გამოძიების მიზნით, გადასცეს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს იმის დასადგენად, ხომ არ იძალადეს მშვილდაძეზე ფიზიკურად სწორედ აზრის გამოხატვის გამო.
სცემეს „ნაციონალური მოძრაობის“ თანამშრომელს დავით ოსიყმიშვილს
პარტიის სამეურნეო სამსახურის თანამშრომელს ნიღბიანი ადამიანები მის საცხოვრებელ სახლთან დახვდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა ნაცემი ოსიყმაშვილის ფოტოებიც გაასაჯაროვა.
„…სახლში სამი მცირეწლოვანი შვილი ელოდებოდა …. „ბესპრიძელია” – ივანიშვილმა, კობახიძემ და ღარიბაშვილმა სიკვდილი და ძალადობა დაგვიანონსეს … მოქმედება დაწყებული აქვთ …უნდა მოვერიოთ ამ პუტინისტებს“, – დაწერა ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე ლევან ხაბეიშვილმა.
დავით ოსიყმიშვილის საქმეზეც გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო.
გუშინვე, ლევან ხაბეიშვილმა ფეისბუკზე გამოაქვეყნა დაჭრილი საბურავების ფოტო და დაწერა, რომ გარდაბანში, მათ ავტომობილს საბურავები დაუჭრეს. ხაბეიშვილი წერდა:
„გამწარებული რუსული პარტია გამოიყურება ასე. გარდაბანში საბურავები დაგვიჭრეს … იფიქრეს დროს დაკარგავენ, ხალხს ვეღარ შეხვდებიან და ამის გარკვევას დაიწყებენო“.
ლევან ბერძენიშვილს კვერცხი ესროლეს
რამდენიმე დღით ადრე, 20 ივნისს, ჭავჭავაძის გამზირზე, ილიას უნივერსიტეტიდან გამოსვლისას ახალგაზრდა კაცმა ლიტერატორსა და მთარგმნელს, ლევან ბერძენიშვილს ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, მერე კვერცხი ესროლა.
დაახლოებით ერთი თვის წინ, ლევან ბერძენიშვილის სახლთან 20-მდე ნიღბიანი ადამიანი მივიდა სწორედ იმ დროს, როცა ის შინ უნდა დაბრუნებულიყო. მაშინ ის მომხდარს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“, კრიტიკის გამო შურისძიებას უკავშირებდა.
რამდენიმე თვის წინ კი ლევან ბერძენიშვილს ყვარლის „ევროკლუბის“ „ამერიკულ კუთხეში“ ლექციის ჩატარების საშუალება არ მისცეს. ამის მიზეზად მაშინ მეფე ერეკლეს კრიტიკა დაასახელეს.
„ძალადობა მიუღებელია… [მაგრამ] არ შეიძლება ლანძღავდეს მეფეებსო“, – ასე გამოეხმაურა მაშინ მომხდარს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე.
გაუსწორდნენ ზურაბ ჯაფარიძეს
კიდევ სამი დღით ადრე, 17 ივნისს, გორის „სმარტთან“ თავს დაესხნენ „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერს, ზურა ჯაფარიძეს.
მომხდარიდან მალევე ფეისბუკზე გამოჩნდა პოსტი:
„მე ვარ სოსო მაისურაძე, გორელი კაცი.
ჩემ მიერ იცემა ზურა ჯაფარიძე, იცემა ჩვენი შვილების გარყვნისათვის, იცემა პატრიარქის და ეკლესიის შეურაცხყოფისათვის და იცემა იმ საქციელისათვის, როდესაც შიშველი უკანალები აჩვენეს მტერს.
არსად დამალვას არ ვაპირებ. ვარ ჩემს მეგობართან გორში და ვიყენებ მის ფეისბუქგვერდს“, – ეწერა აღიარებით პოსტში.
მერე ამ თავდასხმას ფეისბუკზე კონსერვატიული გაერთიანების „საქართველო უპირველეს ყოვლისა” ლიდერი ვატო შაქარიშვილი აღწერდა. წერდა, როგორ მიუახლოვდა ზურა ჯაფარიძეს „ერთი ქართველი კაცი“ და მანქანის მინის ჩაწევა სთხოვა:
„ჩამოწია გირჩმაც, იფიქრა მესალმებაო და ცხვირ-პირში მოხვდა, ეს იმისთვის ჩვენს პატრიარქს და ეკლესიას რომ შეურაცხყოფას აყენებო და წავიდა თავის გზაზე ის კარგი კაცი“.
სოსო მაისურაძე სამართალდამცველებმა იმავე დღეს დააკავეს ძალადობის ბრალდებით.
შეჭრა ახალგაზრდულ ბანაკში
თავდასხმების სამიზნე მხოლოდ პოლიტიკოსები და ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ადამიანები არ არიან.
„გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერზე, ზურა ჯაფარიძეზე თავდასხმის შემდეგ, მოძალადეების ჯგუფი ბორჯომის რაიონში, მზეთამზეში, სასტუმრო Eco Hotel-ის ტერიტორიაზე შეიჭრა, სადაც ახალგაზრდული ბანაკის წევრებისთვის ზურაბ ჯაფარიძეს ლექცია უნდა ჩაეტარებინა.
იქ შეკრებილ ახალგაზრდებს მათთვის უცნობი პირები ქვებს და საღებავებს ესროდნენ.
„ნაციონალი ხარ? ბათუ ქუთელიას უცნობმა ადამიანმა აგინა
ორი დღის წინ, საქართველოს ატლანტიკური საბჭოს გამგეობის წევრს ბათუ ქუთელიას ქუჩაში უცნობმა ადამიანმა იმ დროს აგინა, როცა ის „მთავარ არხს“ აძლევდა კომენტარს.
ჩხუბი უნივერსიტეტში – “ოცმა კაცმა გვცემა”
17 ივნისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალგაზრდებმა იჩხუბეს. ერთ-ერთმა მათგანმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ სურდათ საპროტესტო პლაკატები გაეშალათ მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ლექციის მიმდინარეობის დროს.
ერთ-ერთი სტუდენტი აცხადებდა, რომ როცა მათ პროტესტის გამოხატვა დააპირეს, „გამოვიდნენ მოძველბიჭო ელემენტები, “საქმეებს გვირჩევდნენ”, პლაკატები წაგვართვეს. 20-მდე კაცმა დაგვიწყო ცემა. კიბეებიდან დაგვაგორეს. ამ დროს დაცვა იქ არ იყო. მერე მოვიდა, როცა გვცემეს“.
სოციალურ ქსელში ამ ამბის ამსახველი ვიდეოც გავრცელდა.
რას ამბობს ხელისუფლება?
„ამ ნაგავმა ხალხმა პუტინისტი დამიძახოს და მე პასუხი არ გავცე?“, – ეს „ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის სიტყვებია. მისთვის ძალადობის წამახალისებელი ოპოზიცია და მედიაა.
„პირველ რიგში, ძალადობა არის კატეგორიულად მიუღებელი, მეორე, რაც შეეხება ძალადობის წახალისებას, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ჩვენ ვისმენდით ძალადობის წამახალისებელ განცხადებებს, სიუჟეტებს და ა.შ… ასევე, მინდა შეგახსენოთ, რომ ადამიანი, რომელიც პოლიციელებს ცეცხლს უკიდებდა, ლამის გმირად გამოაცხადეს, აქაც იყო დუმილი კონკრეტული ელჩების მხრიდან და ეს არის ძალადობის წახალისება“, – განაცხადა კობახიძემ.
„ქართული ოცნება“ ღიად აცხადებს, რომ პასუხს მიიღებს ყველა, ვინც მათ რუსეთუმეს დაუძახებს:
„რა თქმა უნდა, არაძალადობრივ პასუხს“, – აზუსტებს კობახიძე.
თუმცა „ქართული ოცნების“ დეპუტატი ბექა ოდიშარია აკონკრეტებს, რომ ყველა, ვინც მას პრორუსს უწოდებს, „ცხვირ-პირში მიიღებს“.
მისი კოლეგა მამუკა მდინარაძე კი ამბობს, რომ ოპოზიციას აგინებს, თუ მას მოღალატეს დაუძახებენ.
მათი კიდევ ერთი თანაპარტიელი ნინო წილოსანიც ამ აზრზეა, რომ „რუსეთუმისა“ და „მოღალატის“ ძახილის შემთხვევაში, ოპონენტები „შესაბამის პასუხს მიიღებენ“:
„არავინ აღარ უნდა გაბედოს წითელი ხაზის გადაკვეთა“, – ამბობს ნინო წილოსანი, რომელიც „ქართული ოცნების“ სხვა დეპუტატებთან ერთად ე.წ. აგენტების შესახებ კანონის მიღებას უჭერდა მხარს.
28 ივნისს, ბოლო დროს მომხდარი თავდასხმებისა და ძალადობის ფაქტებს განცხადებით გამოეხმაურა საპატრიარქოც.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე წერს, რომ მედია ცდილობს, მსგავს შემთხვევებზე “პასუხისმგებლობის ვექტორი საპატრიარქოსკენ მიმართოს”.
ანდრია ჯაღმაიძეს განცხადებაში მოჰყავს, ბოლო ათი წლის განმავლობაში, მართლმადიდებელი ეკლესიისა და საპატრიარქოს შესახებ მედიასაშუალებებით გავრცელებული უარყოფითი და კრიტიკული მასალების სტატისტიკა და წერს, “ეს სტატისტიკა მრავლისმთქმელია. საზოგადოება ბრძენია და ის ყველაფერს თავის სახელს დაარქმევსო”.
რადიო თავისუფლება
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: