2023 წელს პრესის თავისუფლების საერთაშორისო ჯილდო 4 ჟურნალისტს მიენიჭა, ისინი არიან: შაჰინა კ.კ (ინდოეთი), მარია ტერესა მონტანო (მექსიკა), ფერდინანდ აიიტე (ტოგო) და ნიკა გვარამია (საქართველო).
გვარამია ჯილდოს დაწესებიდან, 1992 წლიდან პირველი ქართველი ჟურნალისტია ვინც პრესის თავისუფლების საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა.
კომიტეტის თქმით, მსოფლიოში პრესის თავისუფლების მკვეთრი კლების ფონზე გამარჯვებულები აღიარეს “მთავრობების მხრიდან დარბევების, გატაცებების, დევნისა და მათი საქმის კრიმინალიზების ფონზე ახალი ამბების გაშუქებისთვის”.
“პრესაზე თავდასხმები იზრდება, თუმცა ჟურნალისტები განაგრძობენ აქტიურობას და სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხების გაშუქებას, რომლებიც ყველას ძალას გვმატებ. ჩვენთვის პატივია, რომ ამ წლის გამარჯვებულები ვაღიაროთ: შესანიშნავი რეპორტიორები, ვინც, მათი გაჩუმებისთვის მნიშვნელოვანი ძალისხმევის მიუხედავად, დაუღალავად მუშაობენ, რათა გამოავლინონ კორუფცია, ძალადობა და არასწორი ქმედებები” – განაცხადა CPJ-ის პრეზიდენტმა ჯოდი გინსბერგმა.
ნიკა გვარამიას შესახებ მოკლე ბიოგრაფიულ აღწერაში წერია, რომ ის ცნობილია მმართველი პარტიისადმი კრიტიკით და მთავარ არხზე მისი გადაცემა მოიცავდა გამოძიებებსაც, რომელიც ხელისუფლების კორუფციისა და პრორუსული კურსის მხილებისკენ იყო მიმართული.
“როგორც ტელეწამყვანი, გვარამია ცნობილი იყო ქართული ოცნების მიმართ მისი ხისტი კრიტიკით. მისი შოუ ხშირად მოიცავდა გამოძიებებს, რომლებიც ამხელდა სავარაუდო სახელმწიფო კორუფციას და ძალადობას და ასევე აშუქებდა საქართველოს ლიდერების პრორუსულ მიკერძოებას. მან 1 წელზე მეტი მოიხადა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების 3.5-წლიანი სასჯელიდან 2023 წლის ივნისში პრეზიდენტის მხრიდან შეწყალებამდე. გვარამიამ უარყო ბრალდებები, რომლებიც ფართოდ დაგმეს, როგორც პოლიტიკურად მოტივირებული” – წერს CPJ.
ორგანიზაციის ცნობით, დაჯილდოების ცერემონიალი 2023 წლის 16 ნოემბერს ნიუ იორკში გაიმართება.