ერეკლე მეფის სტამბა ოზურგეთში

ოზურგეთში კოწია (კონსტანტინე) თავარქილაძემ პირველი სტამბა 1886 წელს გახსნა (ასევე სტამბები დაარსა სენაკში, ბათუმში და თბილისში). თავარქილაძის მოღვაწეობა ძალიან მნიშვნელოვნად შეიძლება ჩაითვალოს იმ მხრივ, რომ მისი წიგნები ძალიან იაფი და ხელმისაწვდომი იყო ღარიბი მოსახლეობისათვის. შედეგ წლებში ამავე საქმიანობაში ჩაერთო მისი ძმა სიო თავართქილაძე, რომელსაც სენაკის სტამბა ებარა.
.
თავართქილაძემ რამდენჯერმე გამოსცა ვეფხისტყაოსანი, გარდა ამისა ოზურგეთში ბეჭდავდა და გამოსცემდა ვოლტერის, მოლიერის, რუსოს, ჰიუგოს და ა.შ ავტორების ქართულ თარგმანებს. ასევე თავართქილაძემ ოზურგეთში დაარსა წიგნის მაღაზია და სამკითხველო, რომლებიც საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობდა.
.
“ივერია” წერდა, რომ 1891 წელს ოზურგეთში კოწია თავართქილაძისა და ალფესი მიქელაიშვილის წიგნის მაღაზიას გამოუცია ვოლტერის ფილოსოფიური მოთხრობა „ზადიგი ანუ ბედისწერა“, რომლის ქართული თარგმანი შეუსრულებია სომხური წარმომავლობის ქართველი მწერალსა და მთარგმნელს არტემ ახნაზაროვს. იმავე 1891 წელს ოზურგეთში გამოიცა ვეფხის-ტყაოსანი, რომლის გამოცემასაც შემდეგი სახით გამოეხმაურა გაზეთი “ივერია”:
.
“ოზურგეთში გამოუციათ უკვდავ რუსთაველის, უკვდავი პოემა “ვეფხის-ტყაოსანი”, იმ ქალაქში რომელიც შოთა რუსთველის დროს სოფელთა შორისაც-კი არ იყო გამეტიჩრებული. ნუ თუ ეს პაწია ნაპერწკალი დიდის ჭიაკოკონას მომასწავებელი არ არის, ნუ თუ ამ პაწაწკინტელა წყარუკანას ზედვე არ აჩნევია, რომ თანდა-თან ნაპირებს, კალაპოტს გადაჰლახავს და დაუძლეველ ზღვად გარდაიქმნება;
.
1897 წლის გაზეთ ცნობის ფურცელში გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით თავართქილაძის სტამბაში იდგა მეფე ერკლეს საბეჭდავი დაზგა, რომელზეც მიუხედავად მისი სიძველისა „ვეფხვის ტყაოსანიც“ კი დაუბეჭდავთ.
.
„აჟამად კ. თავართქილაძის წიგნის მაღაზიაში ინახება საბეჭდავი დაზგა, რომელიც მეფე ერკლეს დროს ტფილისში იყო და რომლითაც საქართველოს მეფის განკარგულებანი იბეჭდებოდა. ეს ისტროიული ნივთი კ. თავართქილაძეს ტფილისში შეუძენია საჯარო ვაჭრობის დროს. ზოგი ნაწილი დაზგისა ჟანგისგანაა შეჭმული და თოთონ კონსტრუქციაც მეტად ტლანქი და ძველებური აქვს. მიუხედვად ამისა, პატრონი მაინც ჰბეჭდავს ზედ არამც თუ ბლანკებს, წიგნებსაც-კი, სხვათაშორის ამ დაზგის საშუალებით „ვეფხვის ტყაოსანია“ დაბეჭდილი.“
.
გაზეთი „ივერია“ – 1891 წელი #85
გაზეთი „ცნობის ფურცელი“ – 1897 წელი #320
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share