”ვაჟა გოგოტიშვილი არის უდანაშაულო” – 22 წლის გიგა როყვას მკვლელობისთვის ბრალდებული თავისუფალია

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ვაჟა გოგოტიშვილი დღეს სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

გოგოტიშვილი 22 წლის გიგა როყვას მკვლელობაში იყო ბრალდებული.

ინფორმაცია ვაჟა გოგოტიშვილის გათავისუფლების შესახებ, ბრალდებულის ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა. ადვოკატის განცხადებით, გოგოტიშვილი შემთხვევის დროს თავს იცავდა:

”ვაჟა გოგოტიშვილს ბრალდება წარუდგინეს განზრახ მკვლელობის მუხლით. რეალურად კი მას დაზარალებული გ. რ. დასდევდა მოსაკლავად.

ვ. გოგოტიშვილმა თავდამსხმელის დანახვისთანავე ამოიღო იარაღი, თუმცა თავიდანვე არ განუხორციელებია გასროლა. მან გაისროლა მხოლოდ მას შემდეგ, როცა თავდამსხმელმა ჯერ მანქანა შემოატრიალა, შემდეგ კი ამოიღო იარაღი ვ. გოგოტიშვილის მოსაკლავად. აშკარაა, რომ ვ. გოგოტიშვილმა დაასწრო თავდამსხმელს. ბრალდებულის ქმედება ემსახურებოდა ერთადერთ მიზანს- საკუთარი სიცოცხლის გადარჩენას” – აცხადებს ადვოკატი.

მოგვიანებით, ვაჟა გგოტიშვილის გათავისუფლების შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა მისმა მეუღლემ , ნანუკა ქარჩავამ:

”დიახ ,ჩემი ვაჟა თავისუფალია. ვადის გასვლის შემდეგ, უდანაშაულო ადამიანი დაუბრუნდა თავის ოჯახს , ოჯახს, რომელიც მისთვის ყველაზე და ყველაფერზე მნიშვნელოვანია. მადლობა უფალო, რომ ცოცხალი მყავს. წამებით  რომ დაეგვიანებინა, ცოცხალი აღარ მეყოლებოდა  ადამიანი, რომელიც ჩემთვის ყველაფერია. ძალიან რთული პერიოდი გავიარე ჩემ ცხოვრებაში, თუმცა არასდროს არ დავნებებულვარ, რადგან მე ვიცი, ჩემი მეუღლის სიმართლე და ვიცი, როგორი ადამიანია ის. ვიბრძოლებ ბოლომდე მისი თავისუფლებისთვის და ისევ ხმამაღლა ვიტყვი , ვაჟა გოგოტიშვილი არის უდანაშაულო..! ის იცავდა თავის თავს..! ასევე უღრმესი მადლობა, ვინც ამ ხნის განმავლობაში გვერდით მედექით მადლობა , მადლობა და კიდევ ერთხელ მადლობა..! მშვიდობა მოგცეთ უფალმა” – წერს ქარჩავა.

ცნობისთვის, ოზურგეთის პოლიციამ ვაჟა გოგოტიშვილი 2022 წლის სექტემბერში  გიგა როყვას მკვლელობის ბრალდებით დააკავა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share