თბილისი რუსებისთვის დასასვენებლად პოპულარულ მიმართულებებს შორის მეორე ადგილზეა

თბილისი რუსებისთვის აგვისტოში დასასვენებლად ყველაზე პოპულარულ უცხოურ მიმართულებებს შორის, სტამბოლის შემდეგ, მეორე ადგილზეა. ამის შესახებ მოგზაურობის დაგეგმვის სერვის OneTwoTrip-ის უცხოური სასტუმროების ჯავშნების ანალიზში წერია, რასაც „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

სერვისის მონაცემებით, თბილისს რუსეთის ფარგლებს გარეთ სასტუმროების ჯავშნების მთლიანი რაოდენობის 4,4% უკავია, ხოლო წლის განმავლობაში თბილისის საცხოვრებლებზე მოთხოვნა ყველაზე მეტად, კერძოდ, 69,2%-ით გაიზარდა.

OneTwoTrip ცალკე ასახელებს ოკუპირებული აფხაზეთის საკურორტო ქალაქ გაგრას, რომელსაც ჯავშნების 2%-იანი მაჩვენებლით რუსებს შორის მოთხოვნადი ქალაქების სიაში ადგილი ნეაპოლსა და ტოკიოს შორის უკავია.

აღსანიშნავია, რომ მოთხოვნის წლიური ზრდის თვალსაზრისით თბილისი სტამბოლზე პოპულარულია, რადგან წლის განმავლობაში თურქეთის ქალაქის საცხოვრებლებზე მოთხოვნა 19,5%-ით შემცირდა. ამის მიუხედავად, სტამბოლს რუსეთის ფარგლებს გარეთ სასტუმროების ჯავშნების მთლიანი რაოდენობის 6,6% უკავია და პირველ ადგილზეა.

რაც შეეხება მილანს, იტალიის მოდის დედაქალაქს რუსების მიერ სასტუმროების ჯავშნების მთლიან რაოდენობაში 3.7% უკავია. თუმცა მილანი პირველ ადგილზე იმ მაჩვენებლით გავიდა, რომ წლევანდელ აგვისტოში, გასულ წელთან შედარებით, ქალაქის სასტუმროებში რუსებმა 2,3-ჯერ მეტი ნომერი დაჯავშნეს.

OneTwoTrip-მა რუსებს შორის მოთხოვნადი ქალაქების სიაში, ასევე, შიყვანა ერევანი (3,4%), რომი (3,4%), პარიზი (3,2%), ნეაპოლი (2,4%), ტოკიო (1,9%) და ათენი (1,7%).

სერვისის მონაცემებით, გასულ წელს რუსების მიერ სასტუმროების ჯავშნების საერთო რაოდენობაში უცხოეთის წილი 23,3% იყო, რაც წელს 28,8%-მდე გაიზარდა. კვლევის მიხედვით, რუსების, თითქმის, ნახევარი საზღვარგარეთ დასასვენებლად 4-7 დღით მიდის და ჯავშნების 43,8% სწორედ ამ ვადით ფორმდება. ამასთან, რუსების 37,2% მოკლე, ანუ სამ დღემდე მოგზაურობას გეგმავს, ხოლო 8-დან 14 დღემდე დასვენებას 19% ირჩევს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share