პარასკევს, 21 ივლისს, ოზურგეთის სახელმწიფო თეატრში გარემოსდაცვითი ორგანიზაციის „ეკოვიჟენ“ ორგანიზებით, საინფორმაციო შეხვედრა „დაზოგე ტყე“ გაიმართა.
ღონისძიების დამსწრეებს ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ინფორმაცია მიაწოდეს საქართველოში მიმდინარე ყველაზე მასშტაბური მწვანე პროექტის “ECO.Georgia” შესახებ. პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებითა და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით მიმდინარეობს, რომლის მიზანიც საქართველოში სატყეო რეფორმის განხორციელება და მის ფარგლებში ტყის დაზოგვა და გაფრთხილებაა.
ღონისძიებაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ენერგოეფექტური ღუმელების დემონსტრირებასა და მისი უპირტესობების ხაზგასმას, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისათვის, ასევე გარემოსთვის. ახალი, ენერგოეფექტური ღუმელები ორჯერ ნაკლებ შეშას მოიხმარს, ხოლო მათი შეძენის წახალისებისათვის მოქმედებს სახელმწიფო თანადაფინანსების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც,ამ ტიპის ღუმელის შეძენა 30%-იანი ვაუჩერის გამოყენებითაა შესაძლებელი.
შეხვედრის მიმდინარეობისას გაცხადდა გურიის რეგიონში პირველი სადემონსტრაციო სახლის შესახებ, სადაც ენერგოეფექტური ღუმელი განთავსდება. სააქციო საზოგადოება „მარანმა“ სადემონსტრაციო სახლში მცხოვრებ შინამეურნეობას საჩუქრად შეშის ალტერნატიული საწვავი – ბრიკეტი გადასცა, რაც ბევრად ეკონომიური და ეკოლოგიური არჩევანია.
ღონისძიებას ესწრებოდნენ როგორც ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე გურიის რეგიონში მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობა, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები, ენერგოეფექტური ღუმელისა და შეშის ალტერნატიული საწვავის მწარმოებლები.