“”ქართული ოცნება” იყო, არის და მომავალშიც იქნება მკაცრი ნებისმიერი ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების მიმართ”

პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმდჯომარე თეა წულუკიანი ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვასთვის პროკურატურის მიერ სასამართლოსთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობით მიმართვას ეხმაურება და აცხადებს, რომ წინასწარი პატიმრობა არის ინსტრუმენტი გამოძიებისათვის, რომ ბრალდებულებისგან მიიღოს მაქსიმალური ინფორმაცია იმისთვის, რომ საქმეზე დადგინდეს ჭეშმარიტება. ე.წ. კარტოგრაფების საქმის პროკურორმა დღეს, 28 იანვარს განაცხადა, რომ მკაცრი აღკვეთი ღონისძიების გამოყენების საჭიროება აღარ არის.

წულუკიანი აცხადებს, რომ ქართული ოცნება იყო, არის და მომავალშიც იქნება მკაცრი ნებისმიერი ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების მიმართ.

“ჩვენ ჯერ კიდევ გვგონია ის, რაც სამართლებრივი რეალობა არ არის, თითქოს პირი თუ არის წინასწარ პატიმრობაში, ეს არის საბოლოო განაჩენი. სინამდვილეში, წინასწარი პატიმრობა არის ინსტრუმენტი გამოძიებისათვის, რომ ბრალდებულებისგან მიიღოს მაქსიმალური ინფორმაცია იმისთვის, რომ საქმეზე დადგინდეს ჭეშმარიტება. თუკი დღეს აღმოჩნდება, რომ მოცემული პირების წინასწარ პატიმრობაში ყოფნის შედეგად გამოძიებამ მიიღო დადასტურებული ინფორმაცია, რომ ეს ადამიანები ასრულებდნენ დავალებებს, შეიძლება ჩაითვალოს, რომ სხვა მიზნებისთვის მათი პატიმრობაში ყოფნა, რომელიც გამოძიებას ჭირდება, იყოს დასაბუთებული, ან მოსამართლემ ჩათვალოს, რომ მათ თავიანთი ფუნქცია ამოწურეს წინასწარ პატიმრობაში და გამოძიება გავიდა ბოლოში და შესაძლებელია, რომ ეს პირები საბოლოო განაჩენს ციხის გარეთ დაელოდონ”, – აცხადებს წულუკიანი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share