“არის დღეები, როცა სიტყვები უძლურია, როდესაც არ იცი, მეორე ადამიანი როგორ უნდა ანუგეშო, რა სიტყვები შეარჩიო”, – გვითხრა ყველასათვის საყვარელმა ხელოვანმა მაკა მახარაძემ, რომელსაც საჭირბოროტო თემებზე ვესაუბრეთ:
– როცა თანამედროვე საქართველოზე, მის წყლულებზე ვსაუბრობთ, გვერდს ვერ ავუვლით შოვში მომხდარ უბედურებას.
– სიტყვები უძლურია იმის გადმოსაცემად, რაც 3 აგვისტოს თავს დაგვატყდა. არ არსებობს სიტყვა, რომელიც დაღუპულების ოჯახების მდგომარეობას ასახავს. რით უნდა ვანუგეშო? – ვერაფრით! ამ დროს ადამიანის ენა უძლურია.
– მე არავის განსჯა არ მინდა და არც შემიძლია, რადგან ვიცი, განკითხვა უმძიმესი ცოდვაა. მშენებლების შეცდომებზეც ვერ ვილაპარაკებ, რადგან ეს ჩემი საქმე არ არის. რაღაცის დაბრალება იოლია, მაგრამ ბრალდებას საფუძველი ხომ უნდა ჰქონდეს? იცით, ამ ტრაგედიის შემდეგ რა შევნიშნე? – ყველაზე მეტს ის ხალხი ლაპარაკობს, ვინც ეს საქმე კარგად არც იცის. არის დებატები, კამათობენ და არჩევენ იმას, რაც არ იციან. მსგავს საკითხებზე მსჯელობა ჩვენ არ უნდა გვიწევდეს, ეს ყველაფერი პროფესიონალებმა უნდა მოაგვარონ.
– კი მაგრამ, საზოგადოების ჩარევის გარეშე თუ ვერ აგვარებენ? ფაქტია, ვერეს ხეობის მწარე გამოცდილებამაც ვერაფერი გვასწავლა: იქ დღესაც მრავალსართულიან კორპუსებს აშენებენ!
– ალბათ, იმიტომ, რომ სპეციალისტებიც ერთმანეთისგან განსხვავებულ, საპირისპირო რამეს ამტკიცებენ: რასაც ერთი ამბობს, მეორე იქვე უარყოფს და საზოგადოებაც დაბნეულია. იცით, რა არის ჩვენი ქვეყნის მთავარი პრობლემა? – სხვის საქმეში ყველა ბრძენია, ყველამ იცის, რა უნდა გააკეთოს… საბოლოოდ კი თავის საქმეს კეთილსინდისიერად ძალიან ცოტა აკეთებს – აი, სად არის ჩვენი პრობლემების სათავე: თავისი საქმე ყველამ კარგად რომ აკეთოს, დღეს უკეთეს ქვეყანაში ვიცხოვრებდით. როდესაც ადამიანი თავისი საქმის ერთგულია და თავის მოვალეობას სინდისიერად ასრულებს, ეს ყველაზე დასაფასებელი თვისებაა. სამწუხაროდ, თანამედროვე ადამიანების უმრავლესობა პროფესიას ერთი ნიშნით ირჩევს – იქ მიდის, სადაც უფრო მეტი შემოსავალი ეგულება. თუ შეატყობს, რომ სხვაგან უფრო დიდ ფულს იშოვის, პროფესიას იცვლის. ჩემი აზრით, თუ შენს საქმეს სიყვარულით არ აკეთებ, თუ მასში სულსა და გულს არ ჩააქსოვ, არაფერი გამოგივა! აბა, როგორ შეიძლება სამშენებლო სფეროში იყოს ადამიანი, რომელმაც ეს საქმე საფუძვლიანად არ იცის? ამ ხალხზე ხომ უამრავი ადამიანის სიცოცხლეა დამოკიდებული?! მარტო მშენებლობაში კი არა, ყველა სფეროში დასაქმებულთა მიზანი ფულის შოვნა გახდა! მგონი, ერთი მარტივი ჭეშმარიტება ყველას ავიწყდება: საზოგადოების ყველა წევრი თავის საქმეს სინდისიერად უნდა აკეთებდეს, სხვაგვარად ეს საზოგადოება ვერ შედგება. ვერცხლისმოყვარეობა ძალიან სახიფათო სენია, ალბათ, ეს სენი ჩვენს ხალხში ადრეც იყო და თანამედროვე საქართველოში მეტისმეტად მძაფრად გამოვლინდა.
– თქვენი აზრით, ეს რამ გამოიწვია?
– მთელ მსოფლიოში ასეა: თანამედროვე სამყაროში ყველაფერი ვერცხლისმოყვარეობაზეა აგებული, ყველაფერი ფულით იზომება. ვინც ფულს შოულობს, ალბათ, თავის ცოდვებზე დიდად არ წუხს და არც იმაზე ფიქრობს, მის “მოღვაწეობას” რა მოჰყვება, სხვა ადამიანებს რა ზიანს მოუტანს. მახსოვს, ჩემს ბავშვობაში იმ ხალხს, რომელიც ბევრ ფულს შოულობდა, “არტელშჩიკებს” ეძახდნენ. ისინი ფულს არაფრისგან აკეთებდნენ, კი არ გამოიმუშავებდნენ, “აკეთებდნენ”. ამას როგორ ახერხებდნენ, ვერ ვხვდები, მაგრამ გულსატკენია, რომ ჩვენი ლამაზი, ძველისძველი ქვეყანა ასეთი ხალხით აივსო! ჩვენთან “არტელშჩიკების” ფსიქოლოგია მკვიდრდება.
– ჩვენი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ემიგრაციაშია, თქვენი აზრით, რამდენად სახიფათო პროცესია ეს ქვეყნისთვის?
– მე ვინ დამიჯერებს, თორემ ყველა ემიგრანტს, სათითაოდ ვთხოვდი, დაბრუნდეს, რომ ჯობია სამშობლოში, შენს მამა-პაპის კერაზე ცხოვრობდე, შეიძლება ნაკლები ფული გქონდეს, მაგრამ შენს შვილებსა და ოჯახთან ერთად ყოფნას ვერანაირი ფული ვერ შეცვლის! სამწუხაროდ, მე ვისაც ვიცნობ, დაბრუნებას არავინ ფიქრობს. ვიდრე შრომა შეუძლიათ, უცხოეთში იქნებიან და როცა იქაურ პენსიას მიიღებენ, დაბრუნებას მერე აპირებენ. არ ვიცი, ყველას თავისი აზრი აქვს, მაგრამ მე ასე ვფიქრობ: თუ აქაც ისე იშრომებენ, როგორც უცხო ქვეყნებში შრომობენ, ცხოვრება არ გაუჭირდებათ. უბრალოდ, საქართველოში იმის გაკეთება ეთაკილებათ, რასაც უცხოეთში აკეთებენ. რა თქმა უნდა, მე არაფერს ვამბობ იმ ხალხზე, ვისაც მართლა უჭირს, ვინც უცხოეთში ვალების ან გამოუვალი სიტუაციის გამო მიდის. კარგად ვიცი, რომ უმრავლესობა იქ გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს, მაგრამ ყველაფერს ეგუება და ანაზღაურების გამო უცხო ქვეყანაში რჩება. გული მტკივა, როცა ამ ადამიანებზე ვფიქრობ, მით უმეტეს, რომ მათ შორის არიან დედები, რომლებმაც შვილები ბედის ანაბარად მიატოვეს. ვერ ვამბობ, რა ჯობია – წახვიდე და შვილები წლების განმავლობაში ვერ ნახო, თუ მათთან დარჩე და სიდუხჭირე აიტანო, მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცი: “უკეთესი ცხოვრება”, როცა შენს შვილებს ვერ ხედავ, არ არსებობს.
– ემიგრაციის სუსხი ყველაზე მეტად ახალგაზრდა თაობამ იგრძნო – მათ დიდ ნაწილს ან დედა ჰყავს ემიგრანტი, ან მამა…
– ეს დიდი ტკივილია! ბავშვები უდედმამოდ ადრეც იზრდებოდნენ, სამწუხაროდ, ეს ჩემს თაობასაც შეეხო: ბევრი ოჯახი საქართველოში საბჭოურ რეპრესიებს შეეწირა. ობლად დარჩენილებს ნათესავები, ბებიები და ბაბუები ზრდიდნენ. ცუდია, რომ ამ თაობასაც ასეთივე განსაცდელის გადატანა უწევს. ქართველმა მწერლებმა და რეჟისორებმა თავიანთ ქმნილებებში შესანიშნავად გადმოსცეს, როგორია დედ-მამასთან გაუცხოება. ყველამ, ვინც რეპრესიების სუსხი საკუთარ ოჯახზე გამოცადა, ეს განცდა წიგნებსა და ფილმებში ასახა. ძნელია იმის გაცნობიერება, რომ ეს “უცხო” ქალი, რომელიც წლების წინ ნახე, შენი დედაა… რეპრესირებული დედები წამებაში იყვნენ, ემიგრანტი დედებიც წამებაში არიან, მაგრამ ამისთვის გასამრჯელოს იღებენ. ეს ქალები მწარედ დაისაჯნენ, რადგან შვილებისგან შორს ყოფნა მძიმე სასჯელია. ცხადია, ეს თაობაც დიდ ტკივილს ატარებს – როდესაც მოზარდს დედ-მამა ემიგრანტი ჰყავს, ეს ნამდვილი კოშმარია: ასეთი ბავშვი მშობლებისგან გაუცხოებულია, რაც ხშირად სამყაროსთან გაუცხოებასაც ნიშნავს. მგონი, ეს თაობა ყველაფერს სწორად შეაფასებს და მიხვდება, რომ ყველაფერი ფულზე არ იცვლება, რომ შენი ცოდნა, ნიჭი სამშობლოს უნდა მოახმარო – ეს არის ყველაზე მთავარი რამ, რისთვისაც ცხოვრება ღირს!
კვირის პალიტრა