მოპედების და მსუბუქი კვადროციკლების რეგისტრაცია დღეიდან შესაძლებელია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, “AM” კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაცია და მართვის მოწმობის აღება დღეიდან, 6 დეკემბრიდან არის შესაძლებელი. “AM” კატეგორია მოპედებსა და მსუბუქ კვადროციკლებს აერთიანებს.

ამჟამად აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაცია და მართვის უფლების მოპოვება ნებაყოფლობითია, თუმცა მომავალი წლის 28 მარტიდან ეს პროცედურა სავალდებულო ხდება.

“„AM“ კატეგორიის მართვის უფლების მოსაპოვებლად ასაკობრივი ზღვარი განისაზღვრა 16 წლიდან. მოპედებსა და მსუბუქ კვადროციკლებზე მართვის უფლების მოსაპოვებლად საჭიროა მხოლოდ თეორიული გამოცდის ჩაბარება. თეორიულ გამოცდაზე პირველად, ერთჯერადად გასვლის დროს, დაინტერესებული პირები სრულად თავისუფლდებიან გამოცდაზე გასვლის საფასურისგან. “AM” კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე გასვლა შესაძლებელია რიგში ადგილის დაჯავშნის გარეშე”, – განმარტებულია შსს-ს განცხადებაში.

ამასთან, სამინისტროს ცნობით, პირს, რომელიც ნებისმიერი კატეგორიის/ქვეკატეგორიის მართვის უფლებას ფლობს, “AM” კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებაც ავტომატურად აქვს.

შსს-ს ინფორმაციით, 2022 წლის 26 თებერვლამდე “AM” კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციისას კანონით დადგენილი საფასური მცირდება.

დღეიდან, 6 დეკემბრიდან “საგზაო მოძრაობის შესახებ” კანონში განხორციელებული ცვლილებები ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც მოპედი და მსუბუქი კვადროციკლი მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებად განისაზღვრა. შესაბამისად “AM” კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებები სავალდებულო რეგისტრაციას ექვემდებარება და მათ სამართავად საჭირო იქნება შესაბამისი მართვის უფლების მოპოვება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share