მეცნიერები ფიქრობენ, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ უკიდურესად მცირე შემთხვევებში გამოხატული გვერდითი მოვლენის ხელშემწყობ მიზეზს მიაგნეს.
„ასტრაზენეკას“ ვაქცინასთან დაკავშირებით გამოვლინდა შემთხვევები, როცა აცრის შემდეგ განვითარდა თრომბოციტოფენია. დიდ ბრიტანეთში ვაქცინის 50 მილიონზე მეტი დოზის ადმინისტრირების შემდეგ, ვაქცინის ამ გვერდით ეფექტს, ოფიციალური მონაცემებით, 73 ადამიანი ემსხვერპლა.
თუმცა, ამერიკელი მეცნიერებისა და კარდიფის მკვლევართა ჯგუფის ახალი მიგნება „ასტრაზენეკას“ შესაძლოა, ამ გვერდითი ეფექტის შემცირებაში ან საერთოდ, უკუგდებაში დაეხმაროს.
იშვიათი გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემდეგ, „ასტრაზენეკა“ გარკვეულ ასაკობრივ ჯგუფებში შეზღუდეს კიდეც. მეცნიერებმა კი მისი შესწავლა დაიწყეს. კარდიფის მკვლევართა გუნდმა დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებისგან საგანგებო დაფინანსებაც მიიღო, რომ ვაქცინაციის შემდეგ იშვიათ შემთხვევებში წარმოქმნილი სისხლის კოლტების გამომწვევი მიზეზები მოეკვლია.
როგორც BBC წერს, კვლევას შეუერთდნენ თავად „ასტრაზენეკას“ სპეციალისტებიც, მას შემდეგ, რაც პირველადი შედეგები გამოქვეყნდა.
„მიუხედავად იმისა, რომ კვლევის შედეგები არ არის საბოლოო, ის გვთავაზობს საინტერესო მიგნებებს და „ასტრაზენეკა“ ეძებს გზებს, როგორ გამოიყენოს კვლევა ჩვენი მცდელობების ნაწილად, რომ შევძლოთ ამ იშვიათი გვერდითი ეფექტის მოხსნა“, – განაცხადა კომპანიის პრესსპიკერმა.
რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა?
„ასტრაზენეკა“ ტრადიციულ ვაქცინათა ტრადიციულ ტიპს მიეკუთვნება. ვაქცინა იყენებს მაიმუნის ადენოვირუსის ისეთი ფორმას, რომელსაც დაკარგული აქვს გამრავლების უნარი. ვაქცინაში შემავალი ადენოვირუსი წარმოადგენს ვექტორს, რომელშიც ჩაშენებულია ინფორმაცია ახალი კორონავირუსის „სპაიკ“ ცილების წარმოქმნის შესახებ.
იმუნური უჯრედები „სპაიკ“ ცილას აღიქვამენ უცხოდ და ტეხენ განგაშს, რაც კორონავირუსის „სპაიკ“ ცილის წინააღმდეგ იმუნური პასუხის წარმოშობას უწყობს ხელს.
ახალი კვლევა კი აჩვენებს, რომ სისხლში კოლტების წარმოშობა სწორედ ადენოვირუსს უკავშირდება. კრიო-ელექტრონული მიკროსკოპით მოლეკულურ დონეზე გადაღებული ფოტომასალებით მეცნიერებმა ადენოვირუსის ზედაპირი შეისწავლეს და აღმოჩნდა, რომ ადენოვირუსის ზედაპირი ისე იზიდავს თრომბოციტ ფაქტორ ოთხის ცილას, როგორც მაგნიტი.
„ადენოვირუსს უკიდურესად უარყოფითი ზედაპირი აქვს, თრომბოციტ ფაქტორ ოთხს კი პირიქით, უკიდურესად პოზიტიური და ერთმანეთს კარგად ეხამებიან. ეს არის სისხლის კოლტების წარმოშობის პირველი ხელშემწყობი მიზეზი“, – ამბობს პროფესორი ალან პარკერი.
სისხლის კოლტების წარმოქმნის შემდეგი ეტაპი „მცდარი იმუნიტეტია“, თუმცა ამას შემდგომი კვლევებით დაზუსტება სჭირდება.
მეცნიერები ფიქრობენ, რომ ადამიანის ორგანიზმი არასწორად აფასებს ადენოვირუსის გარშემო მიზიდულ თრომბოციტებს და მათ უცხო სხეულად აღიქვამს. ამიტომ სისხლში გამოიყოფა ანტისხეულები, რომლებიც კრავს თრომბოციტებს და ხელს უწყობს სისხლის კოლტების წარმოქმნას.
თუმცა, როგორც კვლევის ავტორები ამბობენ, ორგანიზმში ვაქცინის გაკეთების შემდგომ მსგავსი განვითარება იშვიათია და უიღბლო დამთხვევების წყებას საჭიროებს. სწორედ ამიტომ, თრომბოციტოფენიის გამოვლენილი შემთხვევები, ადმინისტრირებული ვაქცინების რაოდენობას თუ გავითვალისწინებთ, ძალიან იშვიათია.