მოწმობა, რომელიც ადასტურებს, რომ ნიკო ნიკოლაძის წინაპრები ასკანელი ნიკოლაიშვილები იყვნენ

მოწმობა, რომელიც ადასტურებს, რომ ნიკო ნიკოლაძის წინაპრები ასკანელი ნიკოლაიშვილები იყვნენ
.
„მოწმობა“, რომელსაც ხელს აწერს 14 წარჩინებული თავადი და აზნაური, ამტკიცებს, რომ ნიკო ნიკოლაძის ოჯახი სინამდვილეში წარმოშობით გურიიდანაა. მათი წინაპრები ცხოვრობდნენ ასკანასა და ნიგოითში. ამასთან, ყოველთვის სარგებლობდნენ აზნაურის ღირსების შესაბამისი უფლებებით და იწოდებოდნენ ნიკოლაიშვილებად.
.
ამ დოკუმენტით ირკვევა, რომ ნიკო ნიკოლაძის ბაბუა – მამუკა ნიკოლაიშვილი – ჯერ კიდევ არასრულწლოვანი წასულა გურიიდან და ნიკოლაძის გვარით ცხოვრობდა გორში, საიდანაც, მოგვიანებით, ოჯახთან ერთად ქუთაისში გადასახლებულა.
.
მოწმობა შედგენილია ქართულ და რუსულ ენებზე 1853 წლის 7 თებერვალს ოზურგეთის მაზრის უფროსის ს. მაჭავარიანის და მდივნის, ვინმე კულვანოვსკის, მიერ.
.
მოწმობის ტექსტი:
.
“მიეცა ესე ჩუენ ქუემოთვე ამისა ხელისმომწერთ ქუთაისის გუბერნიის ოზურგეთის უეზდის თავადთა და აზნაურთაგან ქუთაისსა მცხოვრებთ აზნაურთ იაკობ და ივანე მამუკას ძეთა და ძმისწულსა მათსა დავიდ გრიგოლის ძეს ნიკოლაიშვილებთა მისთვის, რომელ ესენი სწარმოებენ გვარისაგან მათ აზნაურთ ნიკოლაიშვილებთა, რომელნიცა ცნობილ არიან უმაღლესად დაწესებულის ქუთაისსა შინა ყოფილის კომისიისაგან. სოფელსა ასკანას და ნიგოითს მცხოვრებნი; საყვარელ, თარხან, სოფრომ, ივანე, ოტია, ფარნაოზ, მიხაილ, ბეჟან და ანანია ნიკოლაიშვილები ნამდვილ არიან სახლის კაცნი მათნი და წინაპარნი პირველთა ჟამსა განსუნებულთა გურიის მთავართა, ყოფილან ერთ მოხარისხენი უკანასკნელთა, და მარადის უსარგებლიეს ყოვლითა მით სიმართლითა ვითარნიცა თვის ეყვიან აზნაურსა ღირსებასა ვითარ ჩუენდამი ცნობილ არს შემდგომად მამა იაკობის და ივანესი, ხოლო დავითისა ბაბუა – მამუკა დავითის ძე ნიკოლაიშვილი მცირე წლოვანობის დროს დაკარგულად შემდგომ მოსვლისა წლოვანებასა შინა დასახლებულა უეზდის ქალაქსა შინა გორს, იწოდებოდა რა ნიკოლაძეთ უკანასკნელ გარდმოსრულ არს აწინდელსა საცხოვრებელსა ქალაქსა ქუთაისსა დასარწმუნებლად რომლისა მოვაწერთ საკუთარსახელსა ჩუენსა თებერვლის გ-სა დღესა ჩყნგ-სა წელსა.
.
პროპორშჩიკი კზ. გიორგი მაჭუტაძე
პორუჩიკი კნიაზ დათა გუგუნავა
პროპორშჩიკი კნიაზ ყარამან მეზსაბეგის ძე თავდგირიძე
კნიაზი მიხაილ ნაკაშიძე
პროპორშჩიკი ბაგრატ საყვარელას ძე ნაკაიძე
პროპორშჩიკი იასე გიორგის ძე მდივანი
აზნაური ვახტანგ ივნეს ძე ჯაყელი
პროპორშჩიკი კნიაზ გიგო ნაკაშიძე
კნიაზი ბეჟან გუგუნავა
პროპორშჩიკი გიორგი ჯაყელი
აზნაური ალექსანდრე თაყაიშვილი
აზნაური ზაალ ასათიანი
კნიაზი გიორგი მაჭუტაძე
აზნაური ქაიხოსრო კვაშალი
.
ავტორი გივი ლობჟანიძე გამოქვეყნებულია – “ნიკო ნიკოლაძე 170 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის შრომათა კრებულინი” (2013).
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share