პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, არმაზ ახვლედიანი ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შემდეგ, არ გამორიცხავს იმას, რომ აშშ-ის სანქციები ბიძინა ივანიშვილს და „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერებს შეეხოთ.
როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ აღნიშნა, ოთარ ფარცხალაძე და „ქართული ოცნება“ არის ერთმანეთთან შეზრდილი ავანტიურისტულ პოლიტიკურ-კრიმინალური დაჯგუფება“.
„კარგად ვიცით, რომ ფარცხალაძე ბოლო დრომდე იყო არაფორმალური გავლენის მქონე. გავლენიანი არა მხოლოდ პროკურატურაზე, არამედ მთელ სისტემაზე. გაცილებით მნიშვნელოვანი ის არის, რომ სხვა შემთხვევების პრევენცია მოხდა. არავინ იცის, ვინ დასანქცირდება აშშ-ის მხრიდან, ეს შეიძლება იყოს თავად ივანიშვილი და შეიძლება იყოს მისი დაჯგუფების ნებისმიერი ხელმძღვანელი, ირაკლი კობახიძე და სხვა. ასე რომ, ფარცხალაძის შემთხვევაში შემოწმდა მექანიზმი: რა, როგორ მუშაობს. ვიღაც დაისჯება, ვინც სათანადოდ ვერ გაითვალისწინა „ქართული ოცნების“ პარტიული ინტერესი მყისიერად და ვიღაც წახალისდება“,-განაცხადა ახვლედიანმა.
მისი განმარტებით, საქართველოში აღარ დარჩა დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტები, ვინც გაბედავს და კრიტიკულ მომენტში იტყვის – არა.
„რაც შეეხება სახელმწიფო ინსტიტუტებს, ყველა ექვემდებარება ერთიან პარტიულ ავანტიურისტულ ცენტრს, ეს არის „ქართული ოცნება“. აქ გამონაკლისი არ არის არც ეროვნული ბანკი და არც იუსტიციის სამინისტრო. ამიტომ, ჩემი დაკვირვებით, იუსტიციის სამინისტროს ან ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება ჩაითვალოს კანონიერად, სამართლიანობასთან ოდნავ მაინც ახლოს მყოფად“, – განაცხადა ახვლედიანმა.
როგორც მან აღნიშნა, „ოთარ ფარცხალაძის შემთხვევა არის იმის დემონსტრირება, როგორ შეიძლება გადაეფაროს „ქართული ოცნება“ ნებისმიერს, ვინც ამ „კლანის“ ინტერესებს წარსულში იცავდა ან დღეს იცავს“.
„ისინი ამას ყველა შემთხვევაში გააკეთებენ. ამით აჩვენებენ, რომ არ აპირებენ პოზიციების დათმობას. საკუთარ დღევანდელ მომხრეებს ეუბნებიან, არ შეგეშინდეთ, თამამად დაუჭირეთ მხარი ჩვენს ნებისმიერ ავანტიურისტულ გადაწყვეტილებას, ჩვენ თქვენ დაგიცავთ“, – განაცხადა ახვლედიანმა.
მისივე შეფასებით, „ქართული ოცნების ხელისუფლება არის სისტემა, რომელიც თავიდან ბოლომდე აღვირახსნილ უკანონობაზე არის დამყარებული“.
არმაზ ახვლედიანი ფიქრობს, რომ შექმნილ ვითარებაში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა უნდა გადადგეს.
„რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერ ამ მოთხოვნას, მაგრამ ეს მოთხოვნა ჯამში ვერაფერს შეცვლის. დავუშვათ გადადგა, თუმცა მე დღეს ამის შესაძლებლობას ვერ ვხედავ. საქმე ისა, რომ იმდენად მორჩილია ყველა სახელმწიფო სტრუქტურა ივანიშვილისა და მისი დაჯგუფების მიმართ, შეუძლებელია გვქონდეს მოლოდინი, თუნდაც დიდი სურათი შევცვალოთ. ამ მახინჯი სურათის შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ ერთადერთი გზით, ეს არის „ქართული ოცნების“ „კლანური“ პოლიტიკური მანქანის დემონტაჟი. ეს დემონტაჟი 2024 წელს უნდა მოხდეს. სხვა შემთხვევაში, საქართველო წარმოუდგენელ ფასს გადაიხდის, ეს ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს უნდა ესმოდეს“, – აღნიშნა ახვლედიანმა.
რაც შეეხება საპროტესტო აქციებს, არმაზ ახვლედიანი მიიჩნევს, რომ პროტესტს დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ საზოგადოება უნდა ენდოს იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებსაც ცვლილება სურთ.
„დღეს ოპოზიციურ ფლანგზე ამა თუ იმ გაერთიანების სიდიდე სულაც არ ნიშნავს იმას, რომ გამარჯვება არის გარდაუვალი. ეს როგორც წესი, ნიშნავს კვლავ მეორე ადგილს და კვლავ ოპოზიციაში ყოფნას. ეს არ არის გამარჯვების ფორმულა“, -განაცხადა ახვლედიანმა.
მისი აზრით, ხელისუფლების შესაცვლელად აუცილებელია საერთო მიზნის გარშემო საზოგადოების გაერთიანება.
„ერთადერთი იმის იმედი უნდა გვქონდეს, რომ მოვახდინოთ ამ “კლანური“, ავადმყოფური, ჩამორჩენილი, რეტროგრადული სისტემის დემონტაჟი, რომელიც ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს იმონებს, ადამიანებში საბოლოოდ კლავს სამართლიანობის განცდას და მომავლის იმედს“ ,- განაცხადა ახვლედიანმა.