“როგორც რიგით გერმანელებს მოუწიათ ფასის გადახდა ჰიტლერის არჩევისთვის, ისე რიგითი ღაზელები იხდიან ახლა საფასურს იმისთვის, რომ ჰამასი აირჩიეს”
გია ნოდია პოლიტოლოგი
ღაზაში საშინელება ტრიალებს. იღუპება ხალხი, მათ შორის ქალები და ბავშვები, ან უბრალო ხალხი, რომელსაც შეიძლება ჰამასი სძულდეს. მათ რა დააშავეს?
ტრაგედიაა და თანაგრძნობას იმსახურებს. ისრაელმა უბრალო პალესტინელები და ჰამასი ერთმანეთისგან არ უნდა განასხვავოს?
ასეთივე საშინელება ტრიალებდა ნიურნბერგში და ჰამბურგში, კიოლნში და დრეზდენში, როცა მათ მოკავშირეები ბომბავდნენ. ნაცისტური რეჟიმი და უბრალო გერმანელები ერთმანეთისგან არ უნდა განესხვავებინათ?
კი, თუ შეგიძლია, აუცილებლად უნდა განასხვავო. ცალკე აღებულ ტერორისტს ზუსტად დაუმიზნო და ქალს და ბავშვს არ მოახვედრო. თუ შეგიძლია.
არ ვამბობ, რომ ახლა ისრაელის ქმედებები ღაზას მიმართ გასაკრიტიკებელი არაა. ოღონდ გამკრიტიკებელმა უნდა თქვას, როგორი იქნებოდა ისრაელისგან სწორი პასუხი ამ კონკრეტულ შემთხვევაში. ვაღიარებ, რომ არ ვიცი. ვინც იცის, თქვას.
აქაც და სხვა შემთხვევებშიც, თუ კრიტიკოსს ალტერნატული ვარიანტი არა აქვს, მისი ვიშვიში ემოციების ფუჭი გამოხატვაა. ან შეფარული თანხმობაა აზრთან, რომ ისრაელი უნდა გაქრეს.
პასუხები: „აბა, ისრაელი რომ ოკუპანტია“, „ორი სახელმწიფოს შექმნაა პრობლემის გადაწყვეტა“, სხვადასხვა წლების რუკების ატვირთვა და ა.შ. ამ შემთხვევაში არაადექვატურია. ღაზა ოკუპირებული არ არის. 2005 წელს ისრაელი ღაზის სექტორიდან გავიდა და ებრაელთა 21 დასახლების დემონტაჟი მოახდინა. ზოგი ებრაელი (როგორც წესი, რელიგიური ორთოდოქსები) გასვლაზე უარს ამბობდნენ, ისინი ისრაელმა ძალით გაიყვანა.
თეორიულად, ეს ორი სახელმწიფოს პრინციპისკენ გადადგმული ნაბიჯი იყო. ღაზაში ჩატარდა არჩევნები, ხალხმა აირჩია ჰამასი. ჰამასისთვის ორი სახელმწიფოს პრინციპი მიუღებელია, უნდა იყოს ერთი პალესტინური არაბული სახელმწიფო, ისრაელი კი გაქრეს.
ჰამასის იდეოლოგია ნაცისტურისგან არსებითად არ განსხვავდება, უბრალოდ, გასაქანი აქვს ნაკლები. იმ ნაწილში, რაც ებრაელების სიძულვილს ეხება, იგივეა. როგორც რიგით გერმანელებს მოუწიათ ფასის გადახდა ჰიტლერის არჩევისთვის, ისე რიგითი ღაზელები იხდიან ახლა საფასურს იმისთვის, რომ ჰამასი აირჩიეს.
სამართლიანია ეს? არ ვიცი. კითხვები ღმერთთან: მან ეს სამყარო ასე მოაწყო.