აკაკი წერეთელის ძალიან საინტერესო წერილია გამოქვეყნებული გაზეთ დროებაში, რომელიც შეეხება ქართულ ენასა და ქართულ საეკლესიო გალობას, მათ შორის აკაკი საკმაოდ ვრცლად გურულ გალობაზეც საუბრობს, გთავაზობთ ამონარიდებს წერილიდან:
.
„„კარბელოვის“ გალობა არის მხოლოდ პირველი დასაწყისი გალობისა, პირველი გაკვეთილი და იმ პირველ მუხლით გალობენ ყოველ საგალობელს, ისე როგორც ახალი მოსწავლე ამოსაღებით ჰკითხულობს ყოველგვარ წიგნს. „ალილოს“, „სალხინოს“, „საზაროს“, „საძილისპიროს“, „სადღესასწაულოს“ და „ჭრელს“ თუ „საკარანახოს“ – ყველას ერთიანად იმავ კილო-ხმით გალობენ.
.
გურული გალობა მართალია სრული სკოლა არის, მაგრამ მეტის კრიმანჭულებით გადაუსხვაფერებიათ, გადაუცდენიათ კანონზე და ძველებურად აღარც ის ხატავს საგანს.“
ფილიმონ ქორიძის მიერ ნოტებზე გადატანილ გურულ გალობასთან დაკავშირებით წერს – „დღეს თუმცა მხოლოდ სამს ხმაზედ არის შედგენილი ეს გალობა, დანაშთენი ხმები არ ჩაერთვის და გუნდიც არ შემდგარა, მაგარამ გულს მაინც ელხინება მისი მოსმენა. განსაკუთრებით გურული კრმანჭულები საუცხოვოდ არიან გადაღებულნი. გალობას მხოლოდ ერთი მცირე რამ შევნიშნეთ, რომელიც ადვილი გამოსასწორებელია: სამივე ხმა ერთად იწყებს და ეს წინააღმდეგია ქართული გალობის: „მოძახილი“ იმიტომ ჰქვია ერთ ხმათაგანს, რომ მერე უნდა დაეხმაროს. საზოგადოდ მთქმელი იწყებს, მაღალი ბანი მოსძახებს, კრინი აბამს, ბანი მხარს აძლევს, დგრინი აგვირგვინებს და ძილი ატკბობს…
.
ამათ ყველას თავ-თავის დრო აქვს და შიგ-და-შიგ შეერთებულად ხმას გამოსცემენ ხოლმე და ამაშია გალობის ტკბილხმოვანების საიდუმლო.“
.
გაზეთი „დროება“ #40;1884 წელი 22 თებერვალი; აკაკი – “რამოდენიმე სიტყვა ქართული გალობის აღდგინების გამო”.
მოამზადა კახაჩავლეშვილმა