ჰასან-ბეგი თავდგირიძე

ჰასან-ბეგი თავდგირიძე გურიაში დიდად საპატივცემულო კაცი ყოფილა, მის ავტორიტეტზე ეგნატე ნინოშვილიც წერს და თანაც უთითებს, რომ ცნობილი გურული სიმღერა „ჰასან-ბეგურა“ მისივე გამოთმული ყოფილა – „დიდსა და პატარას ამ დროს გურიაში ჰასან-ბეგი უტრიალებდა ენაზე და ქებას ასხამდნენ. ასე გასინჯეთ. ამ ბეგის შეთხზული სიმღერა ჰასან-ბეგურიც კი მაშინათვე გადმოიღეს და გახდა გურიაში პირველ სახალხო სიმღერად.“ ამ მოსაზრებას ბევრი სადაოდ ხდის მაგრამ ისიც სათქმელია, რომ ეგნატე ნინოშვილზე უკეთესად იმ დროინდელი ამბები არავის არ უნდა სცოდნოდა.
.
სავარაუდოდ სიმღერის ტექსტმა შემდეგში ცვლილება განიცადა, თუმცა საინტერესოა მისი ერთი სტროფი – „თათრის ფაშობა იშოვნა სულ მთლად დაივიწყა ღმერთი“, რაც იმის ვარაუდის საფუძველს იძლევა ჰასან ბეგი სარწმუნოებრივადაც არც ისე დაშორებული იყო გურულებისაგან, ანუ მანამ სანამ თათრის ფაშობას იშოვიდა, რომლის მერეც “დაივიწყა ღმერთი”.
.
აქვე ისიც საგულისხმოა, რომ ჰასან ბეგი გახლდათ მაქსიმე თავდგირიძის (სულეიმან ბეგის) და ელენე გურიელის შვილიშვილი, ელენე კი ქობულეთში ცნობილი იყო, როგორც ქრისტიანობის მცველი და მის გარდაცვალებამდე ანუ 1827 წლამდე ქობულეთში რამდენიმე ეკლესია მოქმედებდა, ილია ნაკაშიძეს ჩაწერილი აქვს 115 წლის ქობულეთელი დელი-აღა ცეცხლაძის მონათხრობი – „ეკლესიები სადაც გვქონდა, ყოველგან მღვდელები გვყავდა, ყველანი ვინათლებოდით. აგრეთვე გურიელის ქალს ელენეს (სვიმონ გურიელის შვილი) თეთროსანს გვარაზედ ყავდა კარის მწირველი მღვდელი მახარობელი მუჯირი.“
.
თავდგირიძე განათლებული კაცი ყოფილა სიმღერის გარდა ლექსებსაც წერდა, გრიგოლ გურიელს ჩაწერილი აქვს ქობულეთური ლექსები, რომელშიც არის ჰასან-ბეგ თავდგირიძის მიერ ზოიძის ქალისათვის 1850 წელს მიძღვნილი ლექსი, რომელიც ნათლად ასახავს თავდგირიძის მიერ ქართული ენის სრულყოფილ ცოდნასა და მის განსწავლულობას:
.
„ქალო შენ გაქებს ყოველი ადამიანთა ენები
ზიხარ გონებრივ გაზრდილი, ადვილათ არ იხსენები
თვალ-წაბზედ ია ჩამოგდევს, ლოყაზე ვარდის ფერები
ღვთის მადლმა გულით მიყვარხარ, პირში არ მოგეფერები!“
.
1841 წლის აჯანყებისას თავდგირიძე გურულებს ეხმარებოდა, აჯანყების დამარცხების შემდეგ კი მასზე გურიაში ამბობდნენ, რომ აჯანყებულებს უღალატა, ამის ზოგს სჯეროდა ზოგს არა. ჰასანბეგი გურულებმა მტრად საბოლაოდ რუსთ თურქეთის ე.წ. ყირიმის ომის დროს შერაცხეს.
.
1853 წლის 11 ოქტომბერს რუსეთ თურქეთის ომი დაიწყო, 15 ოქტომბრის ღამეს კი 5000 ოსმალთა ჯარი თავს დაესხა შეკვეთილის წმინდა ნიკოლოზის ფორტს, თავდამსხმელთა დიდი ნაწილი ქობულეთელი ბაშიბუზუკები იყვნენ ჰასან და ალი ბეგ თავდგირიძეებისა და დედე აღას მეთაურობით. ოსმალთა ჯარის გადასხმა ზღვიდან ნავებით პირდაპირ ფორტის წინ მომხდარა, შემდეგ ნავები გაიყვანეს და თავდამსხმელებს უკან დასახევიც აღარ ჰქონდათ. წმინდა ნიკოლოზის ფორტს 500 კაციანი გარნიზონი იცავდა, რომელთაგან 350 გურულები იყვნენ გიორგი გურიელის მეთაურობით. ბრძოლა მთელი ღამე გაგრძელდა. თურქებმა ფორტი აიღეს, ბრძოლაში დაიღუპა გიორგი გურიელი და გარნიზონის დიდი ნაწილი. ამ ამბავმა ჰასან ბეგ თავდგირიძე, გურიის ყველაზე უფრო დიდ მტრად გახადა, შემდეგში კი 1854 წლის 27 მაისს ნიგოითის ბრძოლაში თავის დაკარგვადაც დაუჯდა.
.
– ეგნატე ნინოშვილი – „ჯანყი გურიაში“, თხზულებათა სრული კრებული (1954)
– გაზეთი დროება 1880 წელი 16 დეკემბერი, #265
– გაზეთი დროება 1879 წელი 8 თებერვალი #30
– ჰასან-ბეგი თავდგირიძე; მსახიობი კოტე ანდრონიკაშვილი, კადრი ფილმიდან „ჯანყი გურიაში“ 1928 წელი
შეიძლება იყოს 1 person გამოსახულება
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share