ქობულეთელი ბერი მამა პეტრე ჩხატარაის ძე – მეცნიერი, მწერალი, პოეტი, მგალობელი და მასწავლებელი

კორნელი კეკელიძის მიხედვით არჩილის მეფის მიერ სერბულიდან თარგმნილი „ალექსანდიანი“ (აღწერილია ალექსანდრე მაკედონელის საგმირო საქმეები) ლექსად გადაუწერია პეტრე ჩხატარას ძეს, რომელიც გურიაში, კერძოდ ქობულეთში მოღვაწეობდა. წყაროების მიხედვით მას შეუსწავლია „დასავლეთ გურიის“ ქრისტიანობის ისტორია და დაწერილი აქვს – „ქრისტიანობის ისტორია ქობულეთში“, რაც რეალურადაც ადასტურებს იმას, რომ ის მოღვაწეობდა ქობულეთში, მაგრამ მისი დაბადების ადგილი და თარიღი უცნობია, პლატონ იოსელიანის ცნობის მიხედვით იგი გარდაიცვალა 1725 წელს.
.
საინტერესოა, რომ მღვდელ დიმიტრი ჯანაშვილს თავის თხზულებაში ჩამოთვლილი აქვს მე-17 მე-18 საუკუნეებში საქართველოში მოღვაწე მეცნიერების კარგად მცოდნე პირნი (“საქართველოში იყვნენ შემდეგნი განვითარებულნი და მეცნიერების კარგად მცოდნე პირნი”), აქვე ასახლებს ბერს იოანე ჩხატარაიძეს – „ბერი იოანე ჩხატარაიძე გურიიდგან. ამას დაუწერია ლექსად ისტორია ქართველთა წმინდათა. ამასვე ჰქონია დაწერილი ქრისტიანობის ისტორია ქობულეთში (1698 წ.)“
.
იგივეს წერს მოსე ჯანაშვილიც – “იოანე ჩხატაურელი (გურიიდამ), ბერ-მონაზონი, გამლექსავი ისტორიისა და შესხმათა წმიდანთათვის, აგრეთვე მომთხრობი საქრისტიანო ისტორიისა ქობულეთში და დასავლეთ გურიაში (1698 წ.)”. სავარაუდოდ ჯანაშვილების მიერ ხსენებული იოანე „ჩხატაურელი“ და „ჩხატარაიძე“ იგივე „პეტრე ჩხატარაის ძე“ უნდა იყოს.
.
„ალესანდრიანის“ მიხედვით პეტრე ჩხატარას ძე ყოფილა მწრალიც, მგალობელიც და მწიგნობარიც – „მე მდივან-მგალობელ-მწიგნობარმა ჩხატარას ძემან პეტრე რუსეთით მოღებულის ამბვისაგან გავლექსე და აწ ხელახლა გამოთქმით ამბათ აღმიწერია ესე წიგნი“.
.
ჩხატარაის ძის მიერ გალექსილი „ალექსანდრიანი“ შედგება 141 თავისა და 1921 სტროფისაგან, „ალექსადრიანის“ დასაწყისი ასეთია:
.
„ესე ამბავი ჩრდილოეთს რუსთ ქვეყნად იყო დებული
ჟამთა სიგრძისა ძველქმნითა ყოვლს ქვეყნად დავიწყებული
გადმოეთარგმნა ქართულად არჩილს, ვინ იყო ქებული
მიბრძანეს ლექსად გამოვთქვი, მსმენელო იყავ შვებული“
.
იოანე ბატონიშვილის კალმასობაში კათალიკოსი ანტონ I ასე აფასებს მამა პეტრეს პოეზიას:
.
„პეტრე მესტიხე, მეშაირე მაღალი
ალექსანდრესთა დიდისა მომთხრობი“
.
იოანე ბატონიშვილი ამბობს – „მამა პეტრე გურიელი ჩხატარაის ძე იქმნა სიყრმითგანვე მონაზონ. იმან ისწავლა ხედვითი ხელოვნება და იქმნა მეცნიერ და წერილთა შინა გამოცდილ. ამან შეაწყო ისტორია ალექსანდრე მაკედონელისა მშვენიერ ენასა ზედა. მანვე აღწერა მრავალნი კარგნი სტიხნი და შაირნი, ეგრეთვე განსწავლა მრავალნი მოწაფენი“.
.
ზემოთ იოანე ბატონიშვილის მიერ მოყვანილი ფრაზა – „მამა პეტრე გურიელი ჩხატარაის ძე“ შესაძლოა გაგებული იქნას ისე, რომ იგი გურიელი იყო, ამ მოსაზრებას შეიძლება ამყარებდეს ისიც, რომ მოსე ჯანაშვილი წერს – „სამეგრელოს, გურიას, იმერეთს, ამერეთს და, საზოგადოდ, მთელს საქართველოს, როგორც ვხედავთ, ჰყვანდენ თვისნი მოღვაწენი და კეთილნი მწყემსნი, რომელნიც ხშირად მეფეთ და მთავართ ჩამომავალნი იყვნენ და ამ მრავალ ტანჯულ ქვეყანაში იყვნენ სვეტნი სარწმუნოებისა. სახსოვრად შთამომავლობისა აქ მოვიხსენებთ რამდენიმე მათგანს” და ამის შემდეგ მეფე-მთავრების ჩამომავლების ჩამონათვალში უთითებს – “იოანე ჩხატაურელი (გურიიდამ)“. აქვე ისიც საგულისხმოა, რომ იოსელიანის ცნობით პეტრეს განათლება ტრაპიზონში მიუღია, რასაც დიდგვაროვანის გარდა სხვა ვერ შესძლებდა. თუმცა სავარაუდოდ იოანეს კალმასობაში მითითებული გურიელი შეიძლება იყოს გურულის მნიშვნელობით გამოყენებული.
.
პლატონ იოსელიანის ცნობით პეტრე „ჩხატარიშვილის“ ტრაპიზონში მიუღია განათლება, მისივე ცნობით იგი გარდაცვლილა 1725 წელს და დასაფლავებული ყოფილა თბილისში სიონის ტაძარში.
.
აქვე საინტერესო უნდა იყოს, რომ როგორც ცნობილია ჩოხატაურში ერკეთის მონასტერში მოღვაწეობდა სასულიერო პირები გვარად ჩხატარაიშვილები, შესაბამისად გვარ ჩხატარაიშვილთან კავშირიც სავარაუდოა ზემოთ ნახსენები – „ჩხატარაის ძე“, „ჩხატარაიძე“, „ჩხატაურელი“ „ჩხატარიშვილი“. ასევე შესაძლოა იყოს კავშირი ტოპონიმ „ჩოხატაურთან“.
.
– კორნელი კეკელიძე ძველი ქართული მწერლობის ისტორია ტომი 2 (1952)
– იოანე ბატონიშვილი კალმასობა (1948)
– გაზეთი ივერია 1900 წელი #284
– მღვდელი დიმიტრი ჯანაშვილი – „ისტორიული სურათები, ქართული ეკლესიის გამოყოფა საბერძნეთის ეკლესიიდან და ქართველი ქალი (1814 წელი) ;
– მოსე ჯანაშვილი “საქართველოს საეკლესიო ისტორია” (1886 წელი).
– არჩილის მიერ თაგმნილი “ალექსანდრიანის” გვერდი
შეიძლება იყოს text გამოსახულება
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share