ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია “პოლიტიკურ ამბებში” ევროკომისიის მიერ მიღებულ პოზიტიურ რეკომენდაციაზე საუბრობს და ამბობს, რომ ევროკომისიამ საქართველოში არსებული აქტიური სამოქალაქო საზოგადოების საფუძველზე გასცა რეკომენდაცია.
ლომჯარიას თქმით, მიუხედავად მმართველი პარტიის მიერ გაწეული პროპაგანდისა, ქართველი ერი მაქსიმალურად ცდილობს ევროკავშირთან ინტეგრაციას.
”მე ვფიქრობ, რომ შეიძლება კარგად ვერ ვაცნობიერებთ, რა რთული ვითარებიდან გამოვძვერით. რა თქმა უნდა, კომისიის პოზიტიური რეკომენდაცია 100% გარანტიას არ ნიშნავს, რომ სტატუსს მივიღებთ, მაგრამ პრაქტიკა უჩვენებს, რომ ასეთ დროს მეტწილად საბჭო დადებით გადაწყვეტილებას იღებს ხოლმე. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ევროკომისიამ დადებითი რეკომენდაცია გასცა იყო ის, რომ მათ დაინახეს, საქართველოში არსებობს აქტიური სამოქალაქო საზოგადოება, მოქალაქეები, რომლებიც მაქსიმუმს აკეთებენ იმისთვის, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის იდეის გარშემო მოახდინონ საზოგადოებრივი აზრის კონსოლიდაცია” – აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.