ადამიანის უფლებათა ცენტრმა 2020 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ასახა ის მნიშვნელოვანი სამართლებრივი და პოლიტიკური საკითხები, რომლებმაც ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტზე გავლენა იქონიეს. აქ შეჯამებულია, რა მდგომარეობა იყო საქართველოში ადამიანის უფლებების მხრივ 2020 წელს და შეფასებულია სახელმწიფოს სხვადასხვა უწყების ქმედება ადამიანის უფლებათა დაცვის ჭრილში.
დოკუმენტის თანახმად, ანგარიშში მოვლენათა და საკითხთა უმრავლესობა პანდემიისა და მისი მძიმე შედეგების გათვალისწინებით არის მიმოხილული. თუმცა იგი ისეთ საკვანძო მიმართულებებსაც მოიცავს, როგორიცაა: კანონის წინაშე თანასწორობა, გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლება, სასამართლო სისტემა, მედიის თავისუფლების საკითხები, ქალთა მიმართ ძალადობა, საარჩევნო სისტემა და სხვა.
პანდემია და ადამიანის უფლებები
პანდემიის პერიოდში დაწესებულ საგანგებო მდგომარეობაზე საუბრისას, ანგარიშში ხაზგასმულია, რომ მისთვის დამახასიათებელი რისკები, ადამიანის უფლებებთან მიმართებაში, ქვეყანას ყოველთვის განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე აყენებს.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ საგანგებო ზომების მიღების აუცილებლობა, სახელმწიფოს არათუ ათავისუფლებს, არამედ კიდევ უფრო დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს, თითოეული შემზღუდავი მექანიზმის აუცილებლობის დასასაბუთებლად. მათი შეფასებითვე, მთავრობის ანტიკრიზისეული გეგმით გათვალისწინებული სოციალური დახმარებები, არსებულ გამოწვევებს სრულყოფილდა ვერ პასუხობდა.
ამასთან, ანგარიშის ავტორები დადებითად აფასეენ საწყის ეტაპზე კრიზისის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებს, თუმცა აღნიშნავენ, მთავრობის პოლიტიკა შეზღუდვებთან დაკავშირებით, მეტწილად, არათანმიმდევრული და რიგ შემთხვევებში დისკრიმინაციული იყო.
რაც შეეხება პანდემიის პერიოდში ადამიანის უფლებებს, დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ კორონავირუსისგან გამოწვეულმა კრიზისმა განსაკუთრებული პრობლემები შექმნა სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით, რამაც მოსახლეობის ყველაზე დაუცველი, დაბალი შემოსავლის მქონე ჯგუფები, კიდევ უფრო რთულ ვითარებაში ჩააყენა.
“საგანგებო სიტუაციისა და კომენდანტის საათის გამო დაწესებულმა რეგულაციებმა მნიშვნელოვნად შეზღუდა ეკონომიკური აქტივობების განხორციელება, რამაც ხელფასის, ხშირ შემთხვევაში კი სამსახურის გარეშე დატოვა ათასობით ადამიანი”, — ნათქვამია ანგარიშში.
ავტორების განცხადებით, დაწესებულმა რეგულაციებმა არა მხოლოდ უმუშევრად დატოვა უამრავი მოქალაქე, არამედ შეზღუდა ხანდაზმული ადამიანების, პატიმართა, უსახლკაროთა უფლებები. ამასთან, ტრანსპორტის აკრძალვის გამო, სოფლად მაცხოვრებლებს შეეზღუდათ სამსახურებში გადაადგილების საშუალება, გამწვავდა სათანადო საცხოვრისის უფლებასთან დაკავშირებული პრობლემები და სხვა.
ამასთან, ანგარიშში ვკითხულობთ, რომ რამდენადაც ხელისუფლებამ კორონავირუსის პირველ ეტაპზე მისი მასშტაბური გავრცელება თავიდან აირიდა, იმდენად ვერ უზრუნველყო კრიზისის მე-2 ტალღისთვის წინასწარი მომზადება და ამან კრიზისის მართვა განსაკუთრებით გაართულა.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
HRC-ის მიერ წინასაარცევნო გარემოს შეფასებით, დადებითი საკანონმდებლო ცვლილებების მიუხედავად, კვლავაც პრობლემურ საკითხად რჩება საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების, საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტების, სახელმწიფოსა და მმართველი ძალის რესურსების მკვეთრად გამიჯვნისა და ამომრჩევლის მოსყიდვის საკითხები. მათი განცხადებით, პრობლემურია, ასევე, ოპოზიციის წარმოამდგენლების მიმართ განხორციელებული ფიზიკური შეურაცხყოფები, მუქარა და წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლის მცდელობები.
ადამიანის უფლებათა ცენტრის ზოგადი შეფასებით, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები, წინასაარჩევნო პერიოდის გათვალისწინებით, დარღვევებით და ხარვეზებით წარიმართა. მათი განცხადებით, ყველაზე თვალშისაცემი პრობლემა, რაც არჩევნებს ახასიათებდა, იყო დისბალანსი ხმის დათვლის შემაჯამებელ ოქმებში.
ანგარიშში, ასევე, საუბარია საარჩევნო პერიოდში შეკრებისა და მანიფესტის თავისუფლებაზე. კერძოდ, აღნიშნულია, რომ აქციების უმეტეს ნაწილში, ადგილზე მყოფი პოლიციელები დემონსტრანტებს არ უქმნიდნენ ბარიერებს მოთხოვნებისა და პროტესტის გამოხატვისას.
“თუმცა, დადებითი ტენდენციის პარალელურად, დაფიქსირდა ისეთი შემთხვევებიც, როდესაც პოლიცია შეკრებისა და მანიფესტაციების უფლების საწინააღმდეგოდ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული მექანიზმების გამოყენების მუქარით შლიდა აქციებს”, — აღნიშნულია დოკუმენტში.
დარღვევების აღსანიშნავად, ანგარიშში მოყვანილია 8 ნოემბრის აქცია, როცა დემონსტრანტებმა არჩევნების შედეგები ცესკოსთან გააპროტესტეს, რასაც პოლიციის მიერ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენება მოჰყვა. ანგარიშის ავტორების შეფასებით, მათი გამოყენება წარმოადგენდა არაპროპორციულ ძალას, რამაც უხეშად დაარღვია საქართველოს კანონმდებლობისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებული მოთხოვნები.
მედიაგარემო
დოკუმენტის ავტორები აცხადებენ, რომ საქართველოში მედიაგარემო 2020 წელსაც პლურალისტური, მაგრამ “უკიდურესად პოლარიზებული” იყო, როგორც საპარლამენტო არჩევნების წინ, ისე მის შემდგომ პერიოდში.
“წინასაარჩევნო პერიოდში კიდევ უფრო იჩინა თავი ჟურნალისტთა მიმართ ძალადობის, კრიტიკული მედიასაშუალებების სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევისა და ზეწოლის მცდელობებმა, ასევე — ინფორმაციული ხელმისაწვდომობის ხარვეზებმა, დეზინფორმაციის გავრცელებამ და მედიის ეთიკური სტანდარტების დარღვევის ფაქტებმა”, — შეფასებულია ანგარიშში.
HRC-ის განცხადებით, პრობლემურ საკითხთა შორის იყო ხელისუფლების მხრიდან ჟურნალისტებისთვის ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვები. მათი შეფასებითვე, პანდემიის პირობებში გაუარესდა საჯარო ინფორმაციაზე წვდომა.
“სამწუხაროდ, ქართულ მედიაში კვლავ გამოწვევად რჩება ეთიკური მედიის სტანდარტების დაუცველობა და ინფორმაციით მანიპულირება. მედიასაშუალებებში თვითრეგულირებისა და ჟურნალისტური ეთიკის დაცვის დეფიციტი ზრდის ხელისუფლების მიერ მედიის საქმიანობის კონტროლისა და დამატებითი რეგულაციების დაწესების რისკებს”, — ნათქვამია დოკუმენტში.
აქ, ასევე, განხილულია შემთხვევა, როცა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ოპოზიციური პარტიების მიერ დეზინფორმაციისა და ყალბი ახალი ამბების გავრცელების წინააღმდეგ კამპანიის წარმოება დააანონსა. HRC-ის შეფასებით, დემოკრატიულ საზოგადოებაში მიუღებელია მაღალი თანამდებობის პირის მხრიდან ასეთი სახის შეტევა ოპოზიციურ ტელეარხებზე. მათი თქმით, მედიაპლურალიზმის ხელშეწყობისთვის, ხელისუფლების წარმომადგენლებმა თავი უნდა შეიკავონ მსგავსი ტიპის განცხადებებისაგან.
ამასთან, ანგარიშში განხილულია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გაშუქებისას მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმის ფაქტები. კერძოდ, როცა:
- On.ge-ს ჟურნალისტის კამერას ხელი ჩაარტყა და საქმიანობაში ხელი შეუშალა პარტია ევროპული საქართველოს წევრმა, რომელიც იარაღით გადაადგილდებოდა მარნეულის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე;
- არჩევნების დღეს ონლაინგამოცემა Publika-ს ჟურნალისტს თავს დაესხა კაცი გლდანის საარჩევნო უბანზე. ინციდენტის შედეგად დაზიანდა ჟურნალისტიც და მისი კამერაც;
- 2020 წლის 8 ნოემბრის საპროტესტო აქციის გაშუქებისას, ტელეკომპანია იმედის ჟურნალისტს თავს დაესხა უცნობი მამაკაცი, რომელიც ტელეკომპანიის განცხადებით, მის დახრჩობას ცდილობდა;
- 2020 წლის 30 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში მთავარი არხის დირექტორს, ნიკა გვარამიას თავს დაესხა რამდენიმე პირი, რის შედეგადაც მან ფიზიკური დაზიანება მიიღო;
- 2020 წლის 7 ნოემბერს TV პირველის კორესპონდენტს ცესკოს მიმდებარე ტერიტორიაზე პირდაპირ ეთერში დაესხნენ თავს.
“ყველა კონკრეტულ შემთხვევაში აუცილებელია სამართალდამცავთა სწრაფი და ეფექტიანი რეაგირება, ქმედების ზუსტი სამართლებრივი კვალიფიკაცია და დამნაშავეთა დასჯა, რათა ამას ჰქონდეს პრევენციული ეფექტი და დასრულდეს დაუსჯელობა. ამ გზით შესაძლებელი იქნება ქვეყანაში უსაფრთხო მედიაგარემოს შექმნა”, — აღნიშნულია დოკუმენტში.
თანასწორობის უფლება
ანგარიშში ნათქვამია, რომ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა მსოფლიოს დიდ გამოწვევად რჩება, განსაკუთრებით კი, პანდემიის პირობებში. დოკუმენტი სხვადასხვა კვლევას ეყრდნობა და აღნიშნავს, რომ პანდემიის დროს, მსგავსი ტიპის ძალადობის ზრდის ტენდენციები შეინიშნებოდა.
ავტორების განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსი მიერ გამოწვეული კრიზის პერიოდში შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით, გარკვეული აქტივობები განახორციელა, ეწეოდა ცნობიერების ამაღლების კამპანიას, ცალკეულ სააფთიაქო და სასურსათო ქსელებში განათავსა შესაბამისი საინფორმაციო განცხადებები, მაინც არსებულ პრობლემაზე სრულყოფილი რეგირება არ მომხდარა.
“პროკურორებისთვის კვლავაც სირთულეს წარმოადგენს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის დანაშაულის შემთხვევებში გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივის გამოკვეთა. ამის მიზეზი, ხშირ შემთხვევაში, პროკურატურის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ნაკლებობაა. ამ მხრივ სისტემისთვის კვლავ პრობლემად რჩება ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობაზე სპეციალიზებული პროკურორების არასაკმარისი რაოდენობა”, — ვკითხულობთ დოკუმენტში.
HRC-ის განცხადებით. LGBT+ ადამიანები, გასული წლების მსგავსად, საქართველოში მუდმივად ხდებიან გენდერული ძალადობის მსხვერპლი საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა ასპექტში. მათი თქმით, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარებისთვის არსებული ისედაც ცოტა მექანიზმები, არ ითვალისწინებს LGBT+ თემის წინაშე არსებულ სპეციფიურ გამოწვევებს.
“კრიზისის პირობებში, განსაკუთრებული პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ ტრანსგენდერი ადამიანები, რომელთა მიმართ საზოგადოებაში არსებული განსაკუთრებით ნეგატიური დამოკიდებულებისა და სტიგმატიზაციის გამო, უმუშევრობა, გარიყვა, სხვადასხვა მომსახურებაზე უარის თქმა, ძალადობა და მარგინალიზება ყოველდღიურობადაა ქცეული. სახელმწიფო პოლიტიკა, მათ შორის ანტიკრიზისული გეგმა საერთოდ არ ითვალისწინებდა იზოლაციის პირობებში მყოფი ტრანგენდერებისთვის დახმარების გაწევას”, — ნათქვამია დოკუმენტში.
ავტორების თქმით, მართალია, ბოლო წლებში სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე სახელმწიფო უწყებების რეაგირება გაიზარდა, იგი კვლავ არასაკმარისია და ვერ პასუხობს იმ მძიმე გამოწვევას, რომლის წინაშეც ეს თემი დგას.
ამ კატეგორიაში, ასევე, განხილული იყო რელიგიისა და ეროვნულ უმცირესობათა უფლებები. HRC-ის განცხადებით, მათი უფლებების დაცვის კუთხით მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულა 2020 წელს ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო შექმნილმა მდგომარეობამ და მის საწინააღმდეგოდ მიღებულმა სპეციალურმა ზომებმა.
პოლიტიკური დევნის ნიშნები
ანგარიშში, საუბარი იყო, ასევე, პოლიტიკური დევნების ნიშნებზე. ავტორები აღნიშნავენ, რომ 2020 წელს სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო ან გაგრძელდა წინა ხელისუფლების არაერთი მაღალი რანგის მოხელის, ასევე, ხელისუფლების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების მიმართ.
მათი განცხადბით, ამ საქმეებზე, სავარაუდო პოლიტიკური მოტივების არსებობს, რის გამოც მათ მიმართ ინტერესი გამოიჩინეს როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. ამასათან, HRC-ის განცხადებით, მათ სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებულ 25 საქმეზე სასამართლო მონიტორინგიც განახორციელეს.
on.ge