საქართველოს ეროვნული გმირის და ჯავშნოსანი მატარებლის ლეგენდარული ხელმძღვანელის ვალოდია გოგუაძისთან ერთად ჯავშნოსანის ეკიპაჟში მისი სამი ძმა ალფესი, ნოე და მელენტი შედიოდნენ. ალფესი გასაბჭოების შემდეგ საქართველოშ დარჩა და ბრძოლა არ შეუწყვეტია.
.
“ალფესი გოგუაძე, რუსის ჯარიდან არტილერისტი, დამოუკიდებლობის დროს ჯავშნიანი მატარებლის ხელმძღვანელი თავის ძმებთან ერთად. იშვიათი ვაჟკაცი, მხედრის ყოველივე ღირსებით დაჯილდოებული სოფლად განთქმული მეურნე, მთელი გურიისათვის საყვარელი პიროვნება.”
.
გურიის 1923-1924 წლების სისხლიან ქორინიკებში ყველაზე უფრო მძიმე პერიოდი ობოლაძის მკვლელობის (1923 წლის 10 თებერვალი) შემდეგ დაიწყო, ეს შურისძიების მიზნით მოწყობილი დაპატიმრებები, სოფლებში ჯარების ჩაყენება სოფლის ხარჯზე (ეგზეკუცია), საჯარო დახვრეტები და სოფლების გადაწვა და ა.შ.
.
ალფეს გოგუაძე ბოლშევიკებმა სწორედ ამ პერიოდში მოკლეს, მის უკანსკნელ ბრძოლას ასე აღწერს სიმონ გოგიბერიძე:
.
“ობოლაძის მოკვლის შემდეგ მერვე დღეზედ მთავრობა დაესხა მის ოჯახს სახლების დასაშლელად, ალფესი, იმ ღროს ტიფის ნიშნებით ავადმყოფი, მარტოდ ოჯახში მისულიყო. როდესაც მის ეზოში მილიციელები შევიდნენ მან დინჯად იარაღი აისხა, სახლიდან გამოვიდა და თავისი მჭექარე ხმით უბრძანა მათ ხელი არ გაენძრიათ.
.
გოგუაძეები, ყველა ძმები, სცხოვრობდნენ ერთ ეზოთ, რა- მოდენიმე სახლებში და ყველა ესენი, თავიანთი ცოლშვილით უნდა ჩავარდნილიყვნენ საფრთხეში, თუ ეზოში მოხდებოდა სროლა, აი, ამას მოერიდა ალფესი და თან დარწმუნებული, რომ ეზოში ასე ჯგუფად სახლის კარებთან მოსული მილიციელები, მის სახლში ყოფნას არ მოელოდნენ მაშასადამე სხვა ძალა არ ყავდათ, აუჩქარებლად გამოვიდა ეზოდან შარაზედ, აი, ამ დროს მას დაუშინეს უკნიდან იქვე ჩასაფრებულმა მილიციელებმა და პირველსავე სროლაზედ სასიკვდილოდ დასჭრეს, რის შემდეგაც მან სროლით ცოტა მანძილი კიდევ გაიარა და დაეცა ძირს. მისე ანგარიში არ გამართლდა და მისი ოჯახისათვის თაეის განწირვა უნაყოფო აღმოჩნდა, ოჯახი დაანგრიეს და ნელ-ნელა სხვა ძმებიც ციხითა და გადასახლებით მოსპეს.”
.
– სიმონ გოგიბერიძე – „ბრძოლა სამშობლოსათვის“ 1938 წელი
– ფოტოზე – ძმები ვალოდია გოგუაძე, ალფეს გოგუაძე, ნოე გოგუაძე და მელენტი გოგუაძე
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა