“ფოტოგრაფი მეოთხე სართულიდან” -საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიამ გამოფენა წარადგინა, სადაც დამთვალიერებელმა აქამდე უცნობი, 30-იანი წლების ფოტოების დათვალიერება შეძლო. ფოტოების ავტორის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს. 500 ნეგატივი მკვლევარმა ირაკლი ხვადაგიანმა მშრალი ხიდის ბაზრობაზე შეიძინა. ფოტოებში ასახულია საქართველოს ყოველდღიურობა, ქუჩები, ქალაქები, საბჭოური დემონსტრაციები და საოჯახო სიტუაციები.
“უკვე ცხადი იყო, რომ რაღაც ძალიან საინტერესო და უნიკალურთან გვქონდა საქმე. ეს არის 20-იანი წლების ბოლო 30-იანების განმავლობაში, ძირითადად თბილისში გადაღებული, ძალიან საინტერესო სცენები, კადრები, ყოველდღიურობის, საერთო ყოფა-ცხოვრების. ეს ავტორი უცნობია, რომლის ვინაობის დადგენას დღემდე ვცდილობთ, მაგრამ უშედეგოდ. იყო მოყვარული ფოტოგრაფი, მას უნიკალური ხედვა აქვს. ჩემი აზრით, აფიქსირებს იმ მომენტებს და სცენებს ყოველდღიურობის, რომელიც, დღეს, ამ საუკუნის გადასახედიდან არის ძალიან საინტერესო.” – თქვა ირაკლი ხვადაგიანმა.