1905 წელს კრიმ გირეი გურიაში ჩამოვიდა ხალხთან შესახვედრად, ერთი ასეთი შეხვედრა სოფელ ჯვარცხმაშიც მოხდა, შეხვედრის დამთავრების შემდეგ გლეხებმა კრიმ გირეი სოფელში არსებულ მუხასთა მიიყვანეს და აუხსნეს, რომ ამ მუხაზე ბატონები ურჩი გლეხების ხელ-ფეხ ჰკიდებნენ და აქედან გამომდინარე მას „ხელ-ფეხიან მუხას ეძახდნენ“.
.
ხეზე დაკიდება გურიაში ერთ-ერთი სასჯელის სახეობა გახლდათ, რასაც ადასტურებს 1634 წელს ოზურგეთში ჩამოსული დონ კრისტოფორო დე კასტელის ალბომში არსებული ნახატი, რომლის მიხედვით დამნაშავეს ქალის გაუპატიურებისათვის ხეზე კიდებნენ – “გურიის მთავარმა აქ, დაბა ოზურგეთში, ხეზე ჩამოაკიდებინა ერთი კაცი, მაგრამ არა მოსაკვდინებლად, რადგან მან გააუპატიურა ჩვენი პატრების მოსამსახურე ქალი.”
.
შესაძლებელი ჯვარცხმის მუხაც იყო გამოყენებული ვინმეს დასასჯელად, მაგრამ მიუხედავად ზემოხსენებულისა ნიკო ბერძენიშვილი ხსნის თუ რას წარმოადგენდა „ხელ-ფეხიანი მუხა“, რომლის მიხედვით მუხაზე დატანილი „ხელის“ ანუ „ჯვრის“ ნიშანი გახლდათ ფეოდალური მამულების სასაზღვრო ნიშანი – „მამულის საზღვრის მატერიალურ ნიშანს ზოგჯერ „ხელი“ ეწოდებოდა (და ამ ხელს ჯვარის სახე ჰქონდა).“ ასევე – „სწორედ საზღვრის ნიშნად „ხელს დაასვამს“ მეფე დათარჯულ ხეებს. რა სახისა იყო მეფის ეს „ხელი“ ჩვენ არ ვიცით, მაგრამ „სამიჯნო ხეებს რომ „ჯვარს შეაჭრიდნენ“?, ეს ჩვეულებრივი იყო. ამ ჩვეულების მოწმობა შეიძლება იყოს ჩვენში არა ერთ ადგილას აღნიშნული „ჯვარიანი ხე“ („ჯვარიანი მუხა, „ჯვარიანი ცაცხვი“, ჯვარიანი წიფელი“). კერძოდ, ჩვენ სოფელში, გოგოლესუბანში „ჯვარიანი წიფელი“, რომელზედაც მართლაც ჯვარი იყო ამოჭრილი, სასოფლო ტყეს სახელმწიფოსაგან ჰყოფდა.“
.
აქვე ბერძენიშვილი კონკრეტულად ჯვარცხმა-ინტაბუეთის საზღვარზე არსებულ „ხელ-ფეხიან მუხაზე“ საუბრობს – „შესაძლებელია კიდევ უფრო საინტერესო იყოს „ხელფეხიანი მუხა“ ინტაბუეთს, გურიაში. შეიძლება ამ ბებერ მუხაზე – ის არა ერთი ასეული წლის უნდა ყოფილიყო მართლაც იყო ოდესმე ჯვარცმა-ინტაბუეთის საზღვრის ნიშნად „ხელი დასმული“ და შემდეგ, როდესაც ამ ხელის რეალური მნიშვნელობა აღარ ესმოდათ „ხელიანი მუხა“ „ხელფეხიანად“ იქცა და ლეგენდაც შეითხზა, თითქო იმ მუხაზე ადამიანის ხელფეხი ეკიდა?…“
.
როგორც ჩანს შემდეგ წლებში ჯვარცხამაში რამდენიმე ასწლეულის ასაკის ძალიან დიდი და ლამაზი მუხა ზემოხსენებულ „ბრალდებას“ შეეწირა.
.
მწყემსი 1905 წელი #5
ნ. ბერძენიშვილი „საქართველოს ისტორიის საკითხები“ (1966)
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა