ჭინკები, ქაჯები და „შეცდენილი“ გურული კაცები

ძველ დროის გურულების რწმენით „ჭინკა“ ორი წლის ბავშვის მსგავსი “ბოროტი სული” გახლდათ. იმ განსხვავებით, რომ ჭინკას ტანი ბეწვით ჰქონდა დაფარული. გურულებს სჯეროდათ, რომ არსებობდა როგორც დედალი ისე მამალი ჭინკა. დედალი ჭინკას სახე ძალიან ლამაზი განსაკუთრებულად თეთრი ჰქონია, თანაც ძალიან გრძელი თმის ნაწნავებიც სულ მთალად ამშვენიერებდა თურმე.
.
ჭინკებს გურულები მაქციებად მიიჩნევდნენ და თვლიდნენ, რომ მათ ჰქონდათ ადამიანად გადაქცევის შესაძლებლობა. ამასთანავე მიიჩნევდნენ რომ ჭინკებს ადამიანური ვნებებიც ჰქონდათ და შესაძლებელი იყო ჭინკას სასიყვარულო კავშირიც კი გაება ადმიანთან.
“კავკასიის ადგილთა და ტომების აღწერის მასალათა კრებულში” არის რამდენიმე ისტორია-ზღაპარი, რომელიც დაკავშირებულია ჭინკებისა და გურულების ურთიერთობასთან.
.
გურულის და „დედალი ჭინკის“ სიყვარულის ისტორია
.
„ერთ დედალ ჭინკას ცოლიანი კაცი შეყვარებია და მისი შეცდენაც მოუხერხებია, ამის შემდეგ ეს კაცი ცოლთან აღარ წვებოდა და ყოველღამით ადიოდა ბეღელის სხვენში სადაც მასთან შეყვარებული ჭინკა მიდიოდა.
.
ცოლმა შეატყო ქმარს მისდამი გულის გაცივება, დიდხანს ითმინა ბოლოს კი დაიწყო ქმრის თვალთვალი, რათა გაერკვია თუ რატომ წვებოდა მისი ქმარი ბეღელის სხვენში. ერთხელ ღამით დადარაჯებულმა ცოლმა დაინახა, როგორ მივიდა ბეღელის სხვენში მის ქმართან ულამაზეს ქალად განსხეულებული ჭინკა. ისიც ნახა, როგორ მიუწვა გვერდით მის საყვარელ ქმარს, გარკვეული დროის შემდეგ, როცა ჭინკამ დაიძინა, აღმოჩნდა, რომ ჭინკას თავისი გრძელი ნაწნავები ბეღელის სხვენიდან მიწამდე დადმოფენილი დარჩენია. მიეპარა ცოლი და მოაჭრა ჭინკას ნაწნავები, რომელიც თან წაიღო. როცა ჭინკამ თმების დაკარგვის შესახებ შეიტყო მის საყვარელს მოსვენება არ მისცა და მოსთხოვა ცოლისათვის თმის ნაწნავების გამორთმია და მისთვის დაბრუნება. შეწუხებულმა კაცმა როგორღაც მოახერხა მოჭრილი ნაწნავების ცოლისათვის გამორთმევა და დაუბრუნებია იგი ჭინკისათვის.“
.
გურული აზნაური და “ჭინკა”
.
გურულები მიაჩნიათ, რომ ჭინკის დატყვევება შესაძლებელია, არსებობს ერთი გადმოცემა, რომლის მიხედვითაც ერთი აზნაურს ღამით ცხენით მგზავრობისას მამალი ჭინკა უკნიდან ცხენზე შემოახტა, აზნაურმა უმალვე ჭინკას ხელი წაავლო და ქამრით წელზე მიიბა, მივიდა თუ არა აზნაური სახლში ჭინკა ცარიელ ჭურში ჩააგდო და ჭურს თავი კარგად დაუგმანა.
.
დიდხანს ყავდა გურულ აზნაურს ჭინკა დატყვევებული, ბოლოს ჭინკამ ხვეწნა დაუწყო გამათავისუფლეო და დავიფიცებ, რომ არც შენ და არც არცერთ შენს ახლობელს არაფერს არ ვავნებო, ასევე ჩამოთვალა ყველაფერი რაც ებადა აზნაურს და უთხრა, რომ არასდროს არ დაუზიანებდა ჩამონათვალ სიკეთესა და ქონებას, მხოლოდ ცეცხლზე არ უთქვამს არაფერი, რაც ასევე ჭინკის დამტყვევებელ აზნაურსაც გამორჩენია.
.
დათანხმდა აზნაური ჭინკას და ფიცის დადების შემდეგ გაანთავისუფლა, მოშორდა თუ არა ჭინკა სახლს მობრუნდა და დაუძახა მის დამტყვევებელს: „ყოველ კალანდას ცეცხლი გიქრებოდეს!“ ამის შემდეგ აზნაურისა და მისი შთამომავლობის ოჯახებში რაც არ უნდა იღონონ ახალ წელს ცეცხლს ვერ ანთებენ და სხვა დღეებში კი ძალიან ძნელია ცეცხლის დანთება.
.
ქაჯები
.
გურულების რწმენით ქაჯი გახლდათ ძალიან ლამაზი მდედრობითი სქესის და დაახლოებით ქალის მსაგავსი არსება – „ავი სული“, რომლის ავსულობა ძირითადად იმაში გამოიხატებოდა, რომ ყველანაირად ცდილობდა გურული კაცების შეცდენას და მათი ოჯახების დანგრევას.
ქაჯები ძალიან ლამაზები, მოქნილები და სხარტები ყოფილან, ჰქონდათ მკვეთრი და შესანიშნავი მიხვრა-მოხვრა, რაც მთავარია ძალიან ხმამაღლა შეეძლოთ კივილი ისე, რომ შეეძლოთ კაცები საერთოდ დაეყრუებინათ ან მათთვის კივიკით თავიც კი გაეხეთქათ. მამალაძის მიხედვით ასეთი მონაცმებისა და შესაძლებლობების ქალებს გურიაში ხშირად ქაჯებსაც ეძახოდნენ.
.
გურულები თვლიდნენ, რომ ქაჯებთან ბრძოლა შესაძლებელი იყო მხოლოდ ხანჯლით, რადგანაც ხანჯალს ორლესული პირი ჰქონდა, ხოლო ისეთი ცივი იარაღით რომელსაც ორლესული პირი არ ქონდა ქაჯებთან ბრძოლა არ იყო მთლად მიზანშეწონილი. მაგალითად ხმალი ქაჯებთან ბრძოლისას არ გამოდგებოდა, რადგანაც ქაჯებთან ბრძოლისას ხმალი არ გამოდგებოდა, რადგანაც როგორც კი გურული ხმალს მოუქნევდა ქაჯი ხმალს ყუის (აულესავი) მხარიდან შემოახტებოდა და მასთან მეომარ გურულს თავს წააცლიდა. ასე, რომ თუ კი იმ გურულებს დავუჯერებთ, რომელმაც მამალაძეს ეს ამბავი მე-19 საუკუნის ბოლოს მოუყვეს ხანჯალი თურმე საკრალური იარაღი იყო და მას გურულები ძირითადად ქაჯებთან საომრად ანუ ცოლების ინტერესების დასაცავად ატარებდნენ.
.
ზემოხსენებულთან ერთად უნდა აღინიშნოს, რომ გურიაში მართლაც ამზადებდნენ ძალიან გრძელი პირის ხანჯლებს (ხმალ-ხანჯალი) და ზოგადად გურული ხანჯალი თავისი ორლესულის სიფართით და სიგრძით გამორჩეული გახლდათ. ამ ამბავს თუ კი იმასაც დავუმატებთ, რომ იმ დროში ყველა გურული ხანჯლს ატარებდა, შესაძლებელია მამალაძის ინფორმატორებს მართლაც სჯეროდათ ქაჯებთან ბრძოლისას ხანჯლის უპირატესობისა.
.
მოკლედ უნდა ითქვას, რომ ძველ გურულ სასიყვარულო ისტორიებში სულ დაჩაგრულია გურული მამაკაცი, რომელსაც ლამაზ ქალად გადაქცეული ხან ქაჯი შეაცდენს და ხანაც ჭინკა, მაგრამ აქვე უნდა ითქვას, რომ ასეთი “მორალური კრიზისის” დროს გურულ კაცს ყოველთვის მხსნელად ეცხადება მისი ცოლი, რომელიც მზდაა ოჯახის შესანარჩუნებლად ნებისმიერ “ბოროტ ძალას” შეებრძოლოს.
.
მომზადებული ტარასი მამალაძის ეთნოგრაფიული ჩანაწერების მიხედვით – Сборник материалов для описания местностей и племен Кавказа – 1893 г. Тарас Мамаладзе
ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share