დეკანოზი პეტრე კოლხი ამბობს, რომ მას და მის ოჯახს ლიკვიდაციით ემუქრებიან

მცხეთა-თბილისის ეპარქიის მღვდელმსახური დეკანოზი პეტრე კვარაცხელია “რეაქციაში” ამბობს, რომ მას და მის ოჯახს ლიკვიდაციით ემუქრებიან.

მამა პეტრე ამბობს, რომ მას კონკრეტული პარტიის წარმომადგენლები ემუქრებიან – პარტიის სახელს არ ამბობს, თუმცა მიანიშნებს, რომ “ქრისტეზე მეტად რუსებს ემსახურებიან”. დეკანოზის განმარტებით, პირები, ვინც მას ლიკვიდაციით ემუქრებიან, “პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენლები არ არიან. თუმცა მამა პეტრე აღარ აზუსტებს, არიან თუ არა მუქარის ავტორები “ალტ ინფოს” წარმომადგენლები.

დეკანოზი ამბობს, რომ მის წინააღმდეგ გააქტიურდნენ მას შემდეგ განსაკუთრებით, რაც წმინდა მატრონას ხატთან დაკავშირებით პოზიცია დააფიქსირა.

”ეკლესიის წიაღში – ვიღაცის მიმოწერები და სქრინები გამომიგზავნეს, ვიღაც ვიღაცას პირობას აძლევდა, რომ ჩემნაირი ეკლესიისთვის და ერისთვის შეუფერებელ სასულიერო პირს განკვეთავდნენ…

ვიდრე ის ამბავი გასკდებოდა, ვიღაცების მიმოწერები ერთმანეთთან და ამას დაემატებოდა მატრონა მოსკოველის ხატის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ სასულიერო პირს, რომელიც დაახლოებულია საპატრიარქოსთან, ვუთხარი, მამაო, რატომ ხდება ასე, რატომ საუბრობენ ზურგს უკან ასე, მათი ქმედებები რამდენად მოსაწონია, როდესაც ის ფაქტის წინაშე დავაყენე, ჯერ ეს ამბები არ იყო მომხდარი მატრონა მოსკოველის ხატის გარშემო და შემდგომი პერიოდებიც, ის დაპირისპირები, რაც მოხდა კონკრეტულ სასულიერო პირთან ერისკაცების მხრიდან, როდესაც ეს დაპირისპირებები მოხდა, მე ეს ყველაფერი ნათქვამი მქონდა ერთი კვირით ადრე, დამირეკა და მითხრა, ეს ამბები რომ ატყდა, პირველი, ვინც გამახსენდა, შენი საუბრები იყო.

ვერ გეტყვით, რომ მატრონა მოსკოველის ხატი მამა პეტრეს უკავშირდება, მაგრამ მატრონა მოსკოველის ხატმა ბევრი რამ გამოავლინა, გამოავლინა იმ ადამიანების პირადი მიმოწერები ერთ-ერთ სასულიერო პირთან, რომლებიც მე მუდმივად მემუქრებიან ლიკვიდაციით და არ მხოლოდ მე, არამედ ჩემს ოჯახს – ერთ-ერთი ე.წ. პოლიტიკური ბლოკის თუ პარტიის მიმდევრები, არ მინდა დასახელება და გარკვეულწილად ჩემი ეს დაბარება, პირიქით, მე მეუფე შიოს გულწრფელი მადლობა გადავუხადე, რომელმაც მე ტაძარი გამომიყო, მაგრამ ეს არ ნიშნავდა იმას, რომ მე გულისტკივილები არ მქონდა. ეს ე.წ. სქრინები რომ გამომიგზავნეს და წავიკითხე, ძალიან გული მეტკინა, იმიტომ, რომ მე არ ვარ ის ადამიანი, ვინც ეკლესიას მტრობს, ვიცი, ვინც არიან ეკლესიის მტრები,” – ამბობს მამა პეტრე.

დეკანოზი პეტრე კვარაცხელია სინოდალური კომისიის გადაწყვეტილებას ეხმაურება, როცა კომისიამ პატრიარქს დეკანოზ პეტრე კვარაცხელიასთვის მომავალ სხდომამდე მღვდელმოქმედების შეჩერებაზე შუამდგომლობით მიმართა.

როგორც დეკანოზი ამბობს, ერთ-ერთი საკითხი, რის გამოც საპატრიარქო მისით უკმაყოფილოა, შობის გალობას უკავშირდება.

”სამჯერ იყო სატელეფონო ზარი ჩემთან განხორციელებული და სამივეჯერ ვიყავი უცხოეთში, როდესაც პირველად დამიკავშირდნენ ვიმყოფებოდი ისრაელში, მეორე სატელეფონო ზარის დროს მივდიოდი ათენში ემიგრანტებთან. დღეს ვიმყოფები უცხოეთში, ინგლისში, ჩემი დის ოჯახში და ვერ გამოვცხადდებოდი.
რამდენადაც ჩემთვის ცნობილი არის, ყოველ სამშაბათს ხდება ხოლმე შეხვედრები ზოგადად, მწვავე საკითხებთან დაკავშირებით, საპატრიარქოში იკრიბებიან სინოდის წევრები, კომისიის წევრები.
უნდა მივსულიყავი, რა თქმა უნდა, მე არ ვიმალები და ყველა მათგანს ნდობას ვუცხადებ, ვთვლი, რომ ვარ ეკლესიის წევრი. მესმის, რომ მათ აქვთ ჩემთან ძალიან ბევრი პრეტენზია და დიდი სურვილით მოვისმენდი მათ პრეტენზიებს და მაინტერესებდა საკითხები, რომელ ჩემს განცხადებასთან ჰქონდათ რეაქცია, თუმცა ჩემი განცხადებები არასდროს ყოფილა დამალული. ხმამაღლა და მკაფიოდ ვამბობ პოზიციას, რომელიც ძალიან მაწუხებს და ვღელავ. თუმცა ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, ხშირად მიწევდა ისეთი განცხადებების გაკეთება, რაც გულს მტკენდა. მე, როდესაც ერთ-ერთ მამაოს ვკითხე, რომელი განცხადების გამო – ერთი იყო შობასთან დაკავშირებით, როდესაც ლირიკული გადახვევით გავაკეთე განცხადება, როგორი უკუღმართები ვართ მეთქი, რომ 7 იანვარს ვგალობთ 25 დეკემბერსა-თქო, ამ განცხადებასთან მიმართებაში არ ვყოფილვარ პრინციპული, ისე როგორც სხვა განცხადებებთან და მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ჩვენ განსხვავებული აზრის მოსმენა უნდა შეგვეძლოს, როგორც მე, ისე მეორე მხარესაც უნდა შეეძლოს.
ჩამოვალ საქართველოში, როგორც კი დამიბარებენ, ვაპირებ მისვლას და იქაც ჩემი პოზიციების დაფიქსირებას და ისიც ვიცი, სად შეიძლებოდა ყოფილიყო გადაცდომა და სად შეიძლება ჩემი პოზიციები მკვეთრად და მკაფიოდ დავიცვა. იმიტომ კი არა, რომ მე ვიღაცასთან ომს ვაწარმოებ და ეს ხელჩართული ბრძოლა იქნება, ღმერთმა დამიფაროს, არავისთან ომს არ ვაპირებ, ეს არის ჩემი შეხედულება. ომს არ ვაპირებ, თუმცა ეს ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, მე რასაც ვამბობ, რაც სინამდვილეში მაწუხებს.
იმდენად მიჭირს იმ რეალობასთან შეგუება, რომელშიც ყველა ვართ, რომ ზედმეტი რომ არ წამომცდეს, ზედმეტად რაღაც პოლემიკაში არ ჩავება, მაქსიმალურად ვცდილობ განვერიდო, მაგრამ განრიდება გამოსავალი არ არის, ჩიხში შესვლას უფრო ჰგავს, იმიტომ, რომ ერთ მშვენიერ დღეს ეს დაგროვდება და უფრო მეტად გასკდეს და აფეთქდეს. ბევრი მაგალითი მაქვს, რაზეც თავს შევიკავებ, იმიტომ, რომ ეს არ იქნება სწორი, მირჩევია შიდა ოჯახში, საპატრიარქოში, მღვდელმთავრებთან ერთად განვიხილო, მამაშვილურად ვისაუბრო,” – ამბობს დეკანოზი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share