რუსეთში დიდი ხანია აღარავის უკვირს პატიმრობის ხანგრძლივი ვადები, რომლებითაც ციხეებსა და კოლონიებში უშვებენ (ხშირ შემთხვევაში დაუსწრებლად) არა მხოლოდ ხელისუფლების პოლიტიკურ ოპონენტებს, არამედ საზოგადოების აქტიურ წევრებსაც, მათ შორის მწერლებს, მეცნიერებს, რეჟისორებს, პედაგოგებს და ა.შ…
ყველას, ვინც სიტყვით, ან სხვა მშვიდობიანი ფორმით გამოხატავს ხელისუფლებისგან განსხვავებულ დამოკიდებულებას უკრაინაში მიმდინარე ომისადმი. 2022 წლის თებერვლის შემდეგ რუსეთის ხელისუფლებამ საგანგებოდ გაამკაცრა კანონმდებლობა, რომელიც განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანებს 10, 20 და 25-წლიანი პატიმრობით ემუქრება.
პატიმრობის ვადებს, რომლებსაც რუსეთში ოპოზიციონერ პოლიტიკოსებსა და ომის მოწინააღმდეგე აქტივისტებს უსჯიან 2022 წლის თებერვლის შემდეგ, ხშირად უწოდებენ „სტალინურს“.
პუტინის რუსეთში რეპრესიების შესახებ კამათი, როგორც წესი, დაიყვანება ხოლმე იმის გარკვევამდე, მასობრივია ისინი თუ ატარებენ წერტილოვან ხასიათს. საინფორმაციო პორტალ „მედიაზონის“ დამფუძნებლის, ისტორიკოს სერგეი სმირნოვის თქმით, რეპრესიების მასშტაბი საკითხის მნიშვნელოვანი, მაგრამ არა ერთადერთი მახასიათებელია. მეტიც, მისივე თქმით, სასჯელის სისასტიკეც კი (მაგალითად, ვლადიმირ კარა-მურზასთვის 25 წელი, ალექსეი ნავალნისათვის 19 წელი) არ არის გადამწყვეტი ფაქტორი იმისათვის, რომ პატიმრობის ვადებს “სტალინური” ეწოდოს:
„პატიმრობის სტალინური ვადები“ (რომლებსაც უკვე „პუტინურიც“ შეიძლება ეწოდოს) – ეს არის რეპრესიები, რომლებიც ეფუძნება არა სამართლებრივ, არამედ პოლიტიკურ პრინციპებს. ადამიანებს დევნიან არა იმის გამო, რაც (ვითომ) გააკეთეს, არამედ ფაქტობრივად იმისთვის, რასაც ისინი ამბობენ ან თუნდაც ფიქრობენ. პოლიტიკური „არასაიმედოობა“ და „არასაიმედოობასთან“ ასოცირებაც კი ადამიანებს (ორგანიზაციებს) დანაშაულთან აიგივებს“.
2023 წლის 17 აპრილს „სტალინური ვადა“ – 25 წლით პატიმრობა – მიესაჯა პოლიტიკოსს, ისტორიკოსს, კინორეჟისორსა და ჟურნალისტს ვლადიმირ კარა-მურზას, რომელსაც ბრალი ჰქონდა წაყენებული ღალატისა და ყალბი ამბების გავრცელებისთვის – დანაშაულებისთვის, რომლებიც სინამდვილეში მას არ ჩაუდენია. როგორც იურისტმა და ნავალნის თანამებრძოლმა, ივან ჟდანოვმა შენიშნა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ რადიო თავისუფლების ეთერში, პუტინის რეჟიმმა კარა-მურზა გაასამართლა ოპოზიციური საქმიანობისა და კორუმპირებული ჩინოვნიკების მიმართ სანქციების დაწესების მხარდაჭერისთვის.
„რუსეთში სასამართლოს გადაწყვეტილებას, როცა საუბარია პოლიტიკურ საქმეზე ან როცა ასამართლებენ ვინმეს არმიის დისკრედიტაციის ან ე.წ. ფეიკების გამო, შეუძლებელია სამართლებრივი ეწოდოს. გადაწყვეტილება მიიღება პუტინის კანონებით, რომელთა მიხედვითაც გასასამართლებელია ყველა პოლიტიკოსი, ყველა ოპოზიციონერი და ა.შ. ყველა, ვისაც ოფიციალურისგან განსხვავებული აზრი და დამოკიდებულება აქვს. ამასთან პუტინის კანონებით საკმარისი არ არის პატიმრობის მცირე ვადები, 4 ან 5 წელი, რაც კარა-მურზას თავდაპირველად მიუსაჯეს „არასასურველი ორგანიზაციის“ წევრობისთვის. მას მიუსაჯეს 25 წელი არიზონაში წაკითხული ლექციისათვის. ეს იყო უპრეცედენტოდ მკაცრი გადაწყვეტილება“.
2023 წლის 4 აგვისტოს ასევე „სტალინური ვადა“ – 19 წლით პატიმრობა მიუსაჯა მოსკოვის ბასმანის სასამართლომ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ალექსეი ნავალნის, რომელმაც სოციალურ ქსელ Telegram-ში გამოქვეყნებულ მიმართვაში თვალსაჩინოდ ახსნა პუტინის მართლმსაჯულების სისასტიკისა და სტალინურ ვადებზე სწორების მიზეზები:
„19 წელი სპეციალური რეჟიმის კოლონიაში. მისჯილი წლების რაოდენობას არ აქვს მნიშვნელობა. ძალიან კარგად მესმის, რომ როგორც ბევრი პოლიტპატიმარი, მეც ვიხდი უვადო სასჯელს, რომლის ვადა სინამდვილეში იზომება ჩემი სიცოცხლის ხანგრძლივობით ან – რეჟიმის სიცოცხლის ხანგრძლივობით. პატიმრობის წლების რაოდენობა ჩემთვის არაა. ის თქვენთვისაა. თქვენი და არა ჩემი დაშინება უნდათ. თქვენი ნებისყოფისა და ბრძოლისუნარიანობის გატეხას ცდილობენ. გაიძულებენ ბრძოლის გარეშე დაუთმოთ თქვენი სამშობლო მოღალატეების, ქურდებისა და ნაძირალების ბანდას, რომელმაც ძალაუფლება მიიტაცა. პუტინმა არ უნდა მიაღწიოს თავის მიზანს. არ დაკარგოთ წინააღმდეგობის გაწევის ნება“.
რუსეთში ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და სამოქალაქო აქტივისტების გარდა ასევე იდევნებიან ის საჯარო ინტელექტუალები, რომლებიც არ უჭერენ მხარს რუსეთის შეჭრას უკრაინაში და, რომელთა გამოვლენასა და მხილებაში ჩართული არიან როგორც პროპაგანდისტული მედიების წარმომადგენლები, ასევე ე.წ. პროსახელისუფლებო პრანკერები.
რამდენიმე დღეა რუსული პროპაგანდის დევნის ობიექტად იქცა გერმანიაში მცხოვრები ცნობილი რუსი მწერალი, ლიუდმილა ულიცკაია, რომელმაც რუს პრანკერებთან ვლადიმირ კუზნეცოვთან (ვოვანი) და ალექსეი სტოლიაროვთან (ლექსუსი) საუბარში თქვა, რომ უკრაინაში აგზავნის თავისი წიგნების გაყიდვიდან მიღებული ჰონორარის ნაწილს.
პრანკერებმა საუბრის ვიდეო ფრაგმენტი გამოაქვეყნეს თავიანთ Telegram-არხზე. ერთ-ერთი მათგანი 80 წლის მწერალს გაეცნო ანდრეი ერმაკად – უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსად. ჩანაწერის მიხედვით, ულიცკაიას ასევე უთქვამს, რომ თუ უკრაინა ყირიმს დაიკავებდა, შესაძლებლად ესახებოდა იქიდან ყველა არასასურველი რუსი განდევნა.
გარდა იმისა, რომ საუბრის ჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ მწერლის საქმიანობით დაინტერესდნენ ე.წ. სამართალდამცავი ორგანოები, ულიცკაიას დასჯა გადაწყვიტეს თეატრებმა და გამომცემლობებმაც. მწერალს ჰონორარის გადახდა შეუწყვიტა („ვითარების საბოლოო გარკვევამდე“) გამომცემლობა АСТ-მა, რომელიც 2011 წლიდან გამოსცემდა მწერლის რომანებს, ესეებისა და მოთხრობების კრებულებს, ასევე ულიცკაიას პიესებსა და ავტობიოგრაფიულ პროზას.
თავი გამოიჩინა პერმის მოზარდ მაყურებელთა თეატრმა, რომელმაც გააუქმა ულიცკაიას პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლის „ებრაული ბედნიერების“ ჩვენება. მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო მოსკოვის თეატრმა „სოვრემენნიკმა“, რომელმაც თავისი რეპერტუარიდან ამოიღო მწერლის დრამის მიხედვით დადგმული სპექტაკლი “მოდით ვიცეკვოთ…”, ჩელიაბინსკის კამერულმა თეატრმა კი უარი თქვა ულიცკაიას პიესის „ჩემი შვილიშვილი ვენიამინის“ მიხედვით დადგმული სპექტაკლის ჩვენებაზე.
რუსეთის პოლიტკის მკვლევრები ვარაუდობენ, რომ საქმე შეიძლება მწერლის ქონების კონფისკაციამდეც მივიდეს, რადგან ცოტა ხნის წინ რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ მიიღო კანონი რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ ყალბი ინფორმაციის („ფეიკების“) გავრცელების გამო ქონების კონფისკაციის შესახებ, რომელიც ასევე ვრცელდება რუსეთის იმ მოქალაქეებზე, რომლებიც ფინანსურად ეხმარებიან უკრაინის შეიარაღებულ ძალებს.
„სწორედ ასეთ შემთხვევებზე ვრცელდება კანონი ქონების ჩამორთმევის შესახებ, რომელიც ახლახან იქნა მიღებული“, – განმარტა ოლეგ მატვეიჩევმა, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საინფორმაციო პოლიტიკის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, – საუბარია არა მხოლოდ ფეიკებზე, არამედ ნებისმიერ დისკრედიტაციასა და მტრის დახმარებაზე, მათ შორის უკრაინის შეიარაღებული ძალების „დონაციაზე“.
პოლიტიკის ექსპერტები არც იმას გამორიცხავენ, რომ ლიუმილა ულიცკაიამ შეიძლება გაიზიაროს თავისი კოლეგის, ლონდონში მცხოვრები ბორის აკუნინის (გრიგორი ჩხარტიშვილის) ბედი. აკუნინიც რუსმა პრანკერებმა ვოვანმა და ლექსუსმა „ამხილეს“ რუსეთის არმიის შესახებ „ფეიკების“ გავრცელებასა და რუსეთის საწინააღმდეგო მოწოდებების გავრცელებაში. 2024 წლის 5 თებერვალს მოსკოვის ბასმანის სასამართლომ მწერალს დაუსწრებლად მიუსაჯა 2 თვიანი პატიმრობა.
რუსეთის პროკურატურა აკუნინ-ჩხარტიშვილს ბრალს სდებს სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში:
- I – საჯარო მოწოდებები ტერორისტული ქმედებებისკენ (205.2 მუხლის მე-2 ნაწილი, თავისუფლების აღკვეთა ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე)
- II – შეიარაღებული ძალების შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელება (207.3 მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ პუნქტი ხუთიდან ათ წლამდე).
ბორის აკუნინი რუსეთის ხელისუფლებამ ასევე შეიყვანა ტერორისტთა სიაში, რაზეც თავად მწერალმა განაცხადა:
“მწერლის ტერორისტად გამოცხადება – ასეთი რამ არ ყოფილა სტალინისა და დიდი ტერორის შემდეგ. ამის მიზეზი ისაა, რომ პუტინის რეჟიმმა აშკარად მიიღო გადაწყვეტილება, გადადგას მორიგი და ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი პოლიციური, ავტოკრატიული სახელმწიფოდან ტოტალიტარულ სახელმწიფოსკენ”.
რუსული გამოცემის „კომერსანტის“ მონაცემებით, რუსეთის სასამართლოები სულ უფრო და უფრო ხშირად იყენებენ რეალური პატიმრობის ვედებს “ფეიკებისა” და არმიის დისკრედიტაციისთვის:
2023 წლის წლის პირველ ნახევარში რუსეთის არმიის შესახებ „ფეიკების“ გავრცელებისთვის გაასამართლეს 21 ადამიანი, თითქმის ორჯერ მეტი ვიდრე მთელი 2022 წლის განმავლობაში. არმიის დისკრედიტაციისათვის ახლა ციხეში უშვებენ, 2022 წელს კი ძირითადად აჯარიმებდნენ. ორივე მუხლით 2023 წლის ბოლოსათვის 100-ზე მეტ ადამიანს მიესაჯა პატიმრობა.
„სამომავლოდ ამ მუხლებით ციხეებში გაშვებული ადამიანების რაოდენობა კიდევ უფრო შესამჩნევი გახდება“, – განუცხადა „კომერსანტს“ ადვოკატმა სტანისლავ სელეზნიოვმა, – მრავალი პროცესი, რომელიც ჯერ კიდევ 2022 წელს დაიწყო, ახლა უახლოვდება დასასრულს. კიდევ უფრო მკვეთრი ზრდა შეიძლება აჩვენოს არმიის დისკრედიტაციისთვის პატიმრობამისჯილთა სტატისტიკამ“.
„კომერსანტის“ მონაცემებით, 2023 წელს თითქმის ორჯერ შემცირდა ჯარის დისკრედიტაციის ბრალდებით აღძრული ადმინისტრაციული საქმეების რაოდენობა. 2023 წელს ამ მუხლებით დაკისრებული ჯარიმების მოცულობამ 43 მლნ რუბლი შეადგინა, რაც თითქმის ორჯერ ნაკლებია 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
„აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ იმუშავა ე.წ. სუსხის ეფექტმა, რის მიღწევასაც ხელისუფლება ცდილობდა: ხალხმა შეწყვიტა საჯაროდ აზრის გამოთქმა“, – განაცხადა ადვოკატმა სელეზნიოვმა.
„არმიის დისკრედიტაციის შესახებ ადმინისტრაციული ოქმების რაოდენობის შემცირება შეიძლება აიხსნას კანონის პრევენციული ეფექტით“, – ასე ფიქრობს რუსი იურისტები ნაწილი, მათ შორის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის სისხლის სამართლის საპროცესო განყოფილების ხელმძღვანელი ლეონიდ გოლოვკოც, რომლის თქმითაც, იდეალურ შემთხვევაში, კანონი უნდა მუშაობდეს კიდეც პრევენციაზე:
„აკრძალვებთან ადაპტირებისათვის საზოგადოებას გარკვეული დრო დასჭირდება, მაგრამ შემდეგ ყველა მიხვდება, თუ სად გადის ნებადართულის საზღვარი და შეეცდება არ გასცდეს მას“.
პოლიტიკის ექსპერტებიც დარწმუნებული არიან, რომ „სტალინური ვადების“ და საზღვარგარეთ მცხოვრები მწერლებისა თუ არტისტებისათვის დაუსწრებლად პატიმრობის შეფარდება მიზნად ისახავს საზოგადოების დაშინებასა და მორჩილებას, რათა ადგილზე მყოფთაგან ვერავინ გაბედოს ხელისუფლების კრიტიკა ყველაზე უწყინარი და მშვიდობიანი ფორმითაც კი.
რადიო თავისუფლება