ახლად დანიშნულმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა, ყოფილმა ჟურნალისტმა, იდეაში, უფლებათა დამცველმაც, ეკა ხოფერიამ აფხაზეთიდან დევნილი მხატვრები უზნაძის ქუჩაზე მდებარე სახელოსნოდან გაყარა!
„თუ ახლავე არ დაცლით სახელოსნოს, თქვენს ნივთებს ქუჩაში გამოვიტანთ“ – დაემუქრა დევნილ მხატვრებს ხოფერიას წარგზავნილი იურისტი. მხატვრები იძულებულნი გახდნენ ის კარი სამუდამოდ გამოეხურათ, რომელიც დაახლოებით რვა წლის წინ შეაღეს.
დღეს აფხაზეთიდან დევნილი მხატვრები ორგზის დევნილები არიან, თუმცა ამჯერად, მათი საკუთრების ოკუპაცია რუსმა, ან ოკუპანტისაგან დაქირავებულმა დამპყრობელმა კი არა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა მოახდინა.
მომხდარი „პროგრესნიუსს“ აფხაზეთიდან დევნილმა მხატვარმა, აფხაზეთის მხატვართა კავშირის ყოფილმა თავმჯდომარემ დავით ბაძაღუამ დაუდასტურა.
„თბილისში, უზნაძის 68-ში, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს შენობის სარდაფში, აფხაზეთის მხატვრებს სამუშაო სახელოსნო გვქონდა. იქ ვიკრიბებოდით სხვადასხვა თაობის მხატვრები, ვსაუბრობდით, ვჭობდით, ერთმანეთს ვუზიარებდით შემოქმედებით გამოცდილებას და იდეებს, რომელიც ჩვენს მიერ მომავალში უნდა განხორციელებულიყო. ამ სარდაფში, მიუხედავად იმისა, რომ სინესტეა, ბევრი კარგი სურათი შეიქმნა. ბევრი საინტერესო სტუმარიც გვყოლია, როგორც ქართველი, ასევე, უცხოელი, საეკლესიო პირები და ეპისკოპოსიც კი. მეუფე ესაიასგან დალოცვა მივიღეთ. სახელოსნოში სტუმრობისას მეუფემ აფხაზეთის თემაზე შექმნილი ბევრი სურათი იხილა. მისთვის დამაფიქრებელი იყო სურათების სერიის სათაური- “ჩვენი სახლისკენ მიმავალი გზა” , „აფხაზეთის ფე-რები-თ“. ერთხელ ჩინელი მილიარდერიც გვესტუმრა დელეგაციასთან ერთად, კომპანია „ჰუალინგის“ პრეზიდენტი. ასევე ბევრ, სხვა საინტერესო ადამიანებს უვლიათ მანდ, მაგრამ ახლა ეს არაა მთავარი- მე სხვა რამის ასახვას ვცდილობ. მხატვრებს არ უწყობენ ხელს, „ეგენი რა საჭიროა“, „რას მოუტანენ ქვეყანას“, „განა, მხატვრებს რამე შეუძლიათ ქვეყნისთვის“ – ასეთ დამოკიდებულებას ვხედავ აფხაზეთის მთავრობის ჩინოვნიკების მხრიდან!
ალბათ, ვერ გაიგებენ, მაგრამ მაინც მინდა შევახსენო მავნებლებს, რასაც ვხედავთ სამყაროში, ბუნებრივის გარდა, ყველაფერი მხატვრებმა შექმნეს. კიდევ გავიმეორებ, რაც შეიქმნა სამყაროში ნივთი და ობიექტი, ყველაფერი მხატვარმა შექმნა! დღეს აფხაზეთის განათლებისა და კულტურის ახალმა მინისტრმა, ეკა ხოფერიამ სახელოსნო სასწრაფო წესით დაგვაცვლევინა, როგორც სამინისტროს იურისტმა განგვიმარტა- თურმე, სამინისტროს დებულებაში არ ჰქონია ჩანაწერი აფხაზეთის მხატვრების ხელშეწყობის შესახებ! დაღვრემილი და გულგატეხილი ვარ, იმის გამო, რომ დღეს კიდევ ერთხელ დამარხეს ფიროსმანი გაურკვეველ ადგილას. ყველა ქართველი მხატვარი ფიროსმანის შთამომავალია. ეს ისევ ის ქვეყანაა- ჩინოვნიკების ცნობიერება არ იცვლება, ფიროსმანს ისევ კიბის ქვეშ ამწყვდევენ. და მიზეზი არც იციან რატომ. არც შეკითხვას სვამენ – რატომ, რატომ? შესაბამისად პასუხსაც ვერ მოვისმენთ!“
თითქმის რვა წელი „ცხოვრობდნენ“ აქ, ამ სარდაფში აფხაზეთიდან დევნილი მხატვრები.
აქ შეიქმნა ბევრი კარგი ნახატი, დაიგეგმა ბევრი კარგი გამოფენა. ეს სარდაფი იყო აფხაზეთი – წარსული, მომავლის იმედი და რამდენიმე დღის წინ ეკა ხოფერიამ აფხაზეთიდან აფხაზეთი გამოაგდო!
რატომ? არავინ კითხავს „რჩეულთა რჩეულს“, იმიტომ, რომ კარგადაა „დაკრიშული“, ან ვინ იცის, ეგებ მართლა არ იცის მხატვრობა ხელოვნების დარგი რომ არის! ეგებ მისთვის მხოლოდ სხვის დაკრულზე ცეკვაა მისაღები და სხვა ყველაფერი დეტალებია?
ვინ იცის? ასეა თუ ისე, ხოფერიამ არჩევანი გააკეთა – მისთვის, როგორც ჩანს, სულერთია, რას იტყვის მასზე შთამომავლობა.
„სარდაფის ზემოთაა უპატრონოდ მიგდებული გალერეა. აფხაზეთის ხელოვნების მუზეუმის დაარსება გვინდა და დავით ლორთქიფანიძეს ვესაუბრე. ლორთქიფანიძემ იდეა მოიწონა, ყველანაირად ხელს შეგიწყობთო და ამ დროს, სამი დღის წინ დამიკავშირდა იურისტი: მოდით და სარდაფი გაათავისუფლეთ. შევხვდით, ვიკამათეთ, მაგრამ „მე იურისტი ვარ ჩემს მოვალეობას ვასრულებ, რაც დამავალეს ესაა. თქვენ არა გაქვთ არანაირი უფლება იარსებოთ, დატოვეთ აქაურობა“ – გვითხრა.
ამ პანდემიის პირობებში, სასწრაფო წესით ვიქირავეთ მანქანები და გავიტანეთ ნახატები. ქუჩაში გაგყრით თუ არ გაიტანთო, – გვითხრა იურისტმა და რა უნდა გვექნა? აქამდე არავის ჰქონია პრეტენზია, სარდაფი არავის გახსენებია. ეს იყო განათლების სამინისტროს მეორე კორპუსი, ეკონომიკის სამინისტრომ გადასცა აფხაზეთის მთავრობას, რათა მათ ხელოვნების წარმომადგენლებისთვის მიეცათ ადგილი. ხოფერიამ იფიქრა, იფიქრა და მხატვრობა, როგორც ჩანს ხელოვნებად ვერ აღიქვა, ამიტომ გამოგვყარეს სარდაფიდან“ – აცხადებს დავით ბაძაღუა.
დავით ბაძაღუა ცოტა ხნის წინ აფხაზეთის მხატვართა კავშირის თავმჯდომარის პოსტიდანაც გადადგა.
_ გადავდექი, არ მინდა იქ დავბრუნდე. უმაღლესი საბჭოს რამდენიმე წევრი ისე ცუდად მოიქცა, გადავწყვიტე წავსულიყავი. ვერ მოვერიე სიტუაციას და არ მინდა ისეთ თანამდებობაზე ვიყო, სადაც ვერაფერს გააკეთებ, ბოდიში მოვუხადე მხატვრებს და დავწერე განცხადება, თუმცა მხატვრები არ დამეთანხმნენ და იუსტიციაში ისევ ვფიქსირდები როგორც თავმჯდომარე.
საერთოდ, პრობლემის სათავე გენო კალანდიას გარდაცვალებიდან მოდის. გენო კალანდია იყო აფხაზეთის ხელოვნებისა და შემოქმედთა კავშირის თავმჯდომარე, ამ კავშირში ვიყავით მხატვრებიც. მე, საერთოდ,ძალიან აქტიური ვარ და თავის დროზე აფხაზეთშიც გადავდიოდი, ვაწყობდი აქციებს, სოხუმში აფხაზებსაც ვხვდებოდი და დღესაც მაქვს აფხაზ კოლეგებთან ურთიერთობა. აფხაზებისთვის მისაღებია ერთობლივი გამოფენა, რომელიც ბათუმში გვქონდა დაგეგმილი. ლიტვაში კოლეგებთან გვქვს კარგი ურთიერთობა, ლიტვის პარლამენტიდან გვქონდა შემოთავაზება ოკუპაციის საერთაშორისო დღეს გამოფენა მოგვეწყო, რომელშიც აფხაზი და აფზახეთიდან დევნილი მხატვრები მივიღებდით მონაწილეობას. ამ გამოფენას დაესწრებოდა დიპლომატიური კორპუსის 50-ზე მეტი წარმომადგენელი, ჩვენ საშუალება გვექნებოდა გვესაუბრა უცხოელ ჟურნალისტებთან და ჩვენი მოსაზრება გაეგო ევროპას. ჩვენ წარვადგენდით გამოფენას „ჩვენი სახლისკენ მიმავალი გზა“. საგარეო საქმეთა სამინისტრომ აფხაზეთის მთავრობას მიმართა წერილით ოთხი მხატვარი გაამგზავრეთ გამოფენაზეო. ჯერ ერთი თვე არ წაიკითხეს წერილი, შემდეგ გვითხრეს ოთხს ვერა, ორს გაგიშვებთო.
აფხაზეთის ერთ-ერთ დეპუტატს უმაღლესი საბჭოს ერთ-ერთ თათბირზე უთქვამს სათაური „ჩემი სახლისკენ მიმავალი გზა“ ბჟუტურიაო. ჩვენ რომ ჩვენი სახლისკენ მივისწრაფით და ჩვენს გვერდითაა საქართველოს ყველა ცნობილი მხატვარი, რომლებიც ჩართულნი იყვნენ ამ პროექტში, ბჟუტური ყოფილა. 60 ნახატი უნდა წაგვეღო გამოფენაზე და ორი ადამიანი ამას ვერ მოვახერხებდით, ოთხი კი არ დაგვაფინანსეს. არადა, თავად რომ იარონ ამის დაფინანსება არ უჭირთ, საქმეს მაინც აკეთებდნენ რამეს და ხმის ამომღები არ ვიქნებოდი.
ამასობაში, მხატვართა კავშირი გავხდით ერთ-ერთი ავტორიტეტული ორგანიზაცია, მთელი საქართველოს მასშტაბით ვატარებდით გამოფენებს, უცხოელები ჩამოდიოდნენ და ერთობლივად ვიყავით ჩართულები პროექტებში. ვფიქრობდით უფრო გავფართოვდებოდით. ავსტრიაში, გერმანიაში, საფრანგეთში გვყავს პარტნიორები, დავგეგმეთ გამოფენები და ზუსტად აქ გავითვალისწინეთ აფხაზების ჩართვა. მოლაპარაკება გვქონდა, რომ 5 ქვეყანაში გაიმართებოდა გამოფენა. აფხაზი მხატვრების დიდი ინტერესი გამოიწვია ამან, საერთაშორისო ორგანიზაციები შეიძენდნენ ნახატებს. იქვე ვიმუშავებდით, შევქმნიდით ერთობლივ თემატიკაზე ნახატებს. არც ეს გამოვიდა.
_ ყველაფერს აქვს თავისი მიზესი, ალბათ, ამ დამოკიდებულებასაც.
_ მესამედ წარმადგინეს შერვაშიძის სახელმწიფო პრემიაზე (ორჯერ არ დამიჭირეს მხარი და მესამედ 11-დან 9-მ მხარი დამიჭირა) დაჯილდოების ცერემონიაზე თავმჯდომარე აჯილდოებს, ხომ? აბაშიძე მოდის და გამარჯობას არ ამბობს, ხელს არ მართმევს… ჩვენ, მხატვრები შევხვდით აბაშიძეს, უშედეგოდ დასრულდა ეს შეხვედრა. დაგვცინა აბაშიძემ, აბუჩად აგვიგდო, ჩემგან რა გინდათ წადით და მხატვრებმა თქვენს თავს მიხედეთ, მე რატომ უნდა დაგაფინანსოთო. ვუთხარი, სოხუმში იქაური მთავრობა აფინანსებს ხელოვნების წარმომადგენლებს, მათ შორის, მხატვრებს, ცდილობენ განავითარონ დარგები. მათ ეს ესმით და თქვენ რა დაგემართათ? მე თქვენს გამო რატომ უნდა ვიჩხუბოო, – გვითხრა.
ჩემი აზრით,ზეწოლის ქვეშ იყო, იმიტომ რომ ჩვენ ვიყავით აქტიურები და ჩვენ ვიღაცის თვალში ვიყავით ზედმეტი. უმაღლესი საბჭოდან არჩევნების დროს ხმები ჭირდებოდა და ხმებს ვერ მიიღებდა თუ ყველაფერში არ დაეთანხმებოდა, ეტყობა მაშინ შეთანხმდნენ და რომ მოვიდა უცებ გააუქმა ხელოვნების და კულტურის ცენტრი, სადაც ჩვენი ბიუჯეტიც იყო და დავრჩით გარეთ. ენთუზიზმით ირბინეთ თუ ასეთი მონდომებულები ხართო, – გვითხრა და მოქანდაკე ნერსე ბაცაშმა მაგიდაზე ხელი დაარტყა – ვინ ხარ საერთოდ ასე რომ ლაპარაკობო.
წყარო: progressnews.press