“ვერავინ იტყვის დაზუსტებით, ჩვენი რამდენი მოქალაქეა რუსეთის ტყვეობაში”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
“ვერავინ იტყვის დაზუსტებით, ჩვენი რამდენი მოქალაქე, ბავშვი და ზრდასრული, მეომარი და მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფება რუსეთის ტყვეობაში, რუსეთის ბანაკებში და რამდენი ადამიანია ტერორისტული სახელმწიფოს ციხეში”, – განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინულმა მხარემ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ მშვიდობის ფორმულის დებულება შესრულდეს და ყველა პატიმარი და დეპორტირებული სამშობლოში დააბრუნონ.
“რაც უფრო დიდხანს იქნება ჩვენი ხალხი რუსულ ტყვეობაში, მით უფრო რთული იქნება მათთვის ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდნენ. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შესაძლებელია და შეუძლებელი, რათა განხორციელდეს ჩვენი მშვიდობის ფორმულის ეს დებულება, კერძოდ, ყველა პატიმრისა და დეპორტირებულის დაბრუნება.
მადლობას ვუხდი ჩვენს ყველა ოფიციალურ პირს და ინსტიტუტს, რომლებიც მუშაობენ უკრაინელების დაბრუნების უზრუნველსაყოფად. მადლობას ვუხდი ყველა საერთაშორისო შუამავალს, შესაბამის სახელმწიფოს და მათ ლიდერებს.
მნიშვნელოვანია, არ დავივიწყოთ არავინ და ვიპოვოთ ყველა – სამხედრო პერსონალი და სამოქალაქო პირები, დეპორტირებული ბავშვები, ყირიმელი პოლიტპატიმრები, დეპორტირებული ოჯახები. აბსოლუტურად ყველა უნდა მოვძებნოთ და დავაბრუნოთ.
რუსეთის მიერ უკანონოდ დაკავებული სამოქალაქო პირების გათავისუფლების საერთაშორისო პლატფორმისადმი დღევანდელ მიმართვაში მე ხაზგასმით აღვნიშნე რუსეთის, მისი ყოველი ომის დამნაშავეების და ყველა იმ პირის მართლმსაჯულების წინაშე წარდგენის მნიშვნელობა.” – წერს ზელენსკი.