იცით, როგორ რეკლამას უკეთებს კრემლის პროპაგანდა უკრაინაში ომს? ამტკიცებს, რომ უკრაინაში ბრძოლა „ნამდვილი კაცების“ საქმეა. ეს ომი ორი წლის წინ რუსეთის მთავარმა „ნამდვილმა კაცმა“ დაიწყო.
„ნამდვილი კაცი უნდა გახდე“ – ეწერა პატრიოტულ რეკლამაში, რომელსაც რუსეთის სახელმწიფო ტელევიზია 23 თებერვალს „ატრიალებდა“.
23 თებერვალს რუსეთში, წითელი არმიის, იგივე „სამშობლოს დამცველის“, ანდაც უბრალოდ კაცების დღეა. პუტინის გაპრეზიდენტების შემდეგ, რუსებს მეორე სუნთქვა გაეხსნათ ამ ძველი, საბჭოთა დღესასწაულის აღსანიშნავად.
სხვადასხვა გათვლით, ბოლო ორი წელიწადში, უკრაინაში მოკლულია 70-დან 250 ათასამდე რუსი ჯარისკაცი. ამიტომ კრემლს გამუდმებით უწევს კაცების წაქეზება ომში წასასვლელად.
თვეში 2500-დოლარიანი ხელფასის გარდა, კრემლი მათ „ნამდვილი კაცის“ სტატუსს და აღიარებას ჰპირდება.
ჯარში სამსახურის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რეკლამა სამ რუს კაცზე ჰყვება.
ერთი დარაჯია, მეორე – მწვრთნელი, მესამე კი – ტაქსტისტი. სამივეს ეჭვი ეპარება საკუთარ კაცობაში, კრემლი კი მათ სთავაზობს, „გახდნენ კაცები“ და გააფორმონ კონტრაქტი თავდაცვის სამინისტროსთან.
კიდევ ერთ რეკლამაში რუსი ჯარისაცი ამბობს: „მინდა მივმართო იმ კაცს, ვინც ახლა დივანზე წამოწოლილი გვიყურებს. კაცებო, ნუ შეგეშინდებათ თქვენი სამშობლოს დაცვის“.
„არაკაცობით“ ამუნათებდა პროპაგანდა ქვეყნიდან ომის გამო გაქცეულ რუსებსაც. „ბიჭები წავიდნენ, კაცები კი დარჩნენ“, – ამბობს ქალი ერთ-ერთ პატრიოტულ რეკლამაში.
ეს რეკლამები გადაუწყვეტელ, არათავდაჯერებულ კაცებზეა გათვლილი, რუსეთში კი ასეთი ბევრია, – ეუბნება ფსიქოლოგი ელენა რიხალსკაია გამოცემა „ქარენთ თაიმს“.
„ამ კაცებს ქალები, მათი ცოლები, გამუდმებით ეუბნებიან, კაცი არ ხარო. ამიტომ სლოგანი ძალიან კარგადაა არჩეული. აჰა შენ შანსი, შეცვალო საკუთარი ბედი და თან ფულიც იშოვო“.
რუსეთიდან დევნილი ჟურნალისტი მაიკლ ნაკი კი განმარტავს, რომ კრემლის პროპაგანდა უბრალოდ მანიპულირებს „კაცობის“ შესახებ ტრადიციული წარმოდგენებით.
„ეს ყველაფერი მხოლოდ იმისთვისაა საჭირო, რომ მერე გითხრან, ახლა კი ძვირფასო, ტრაკი აწიე, ბახმუტთან [ქალაქი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე – რ.თ.] წადი და იქ მოკვდიო“, – ამბობს იგი.
“მაჩო” პუტინი
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი წლების მანძილზე იქმნიდა „ნამდვილი კაცის“, ქვეყნის მთავარი „მაჩოს“ იმიჯს.
კამერების წინ ის ხან ძიუდოს ვარჯიშობდა, ხან ჰოკეის თამაშობდა, ხან მანქანებს მართავდა. ხან ცურავდა, ხანაც წელსზემოთ შიშველი პოზირებდა.
უკვე მესამე ათწლეულია ის თავს ალფა-მამრად, 50 წელიწადს გადაცილებული ქალის იდეალურ ქმრად წარმოაჩენს, – წერს ისტორიკოსი სერგეი მედვედევი.
რუსეთში ამ იმიჯს პოპულარობა მოაქვს, დასავლეთში კი ამის გამო დასცინიან. 2022 წლის ივნისში პუტინის იმიჯი გერმანიაში, დიდი შვიდეულის სამიტზე აიგდეს.
„უნდა ვაჩვენოთ, რომ პუტინზე მაგრები ვართ“, – თქვა დიდი ბრიტანეთის იმჟამინდელმა პრემიერმა, ბორის ჯონსონმა. „მაშინ წელსზემოთ გავშიშვლდეთ და ცხენები გავაჭენოთ“, – უპასუხა კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ.
პუტინის იმიჯი მის გარეგნობას სცდება. იგი ხშირად აჟღერებს ტრადიციულ, სტერეოტიპულ წარმოდგენებს კაცებსა და ქალებზე და ამართლებს ძალადობას.
მაგალითად, 2006 წელს, როდესაც ისრაელის იმჟამინდელი პრეზიდენტი მოშე კაცავი გაუპატიურებაში დაადანაშაულეს, პუტინმა თქვა: „ძალიან მაგარი კაცი გამოდგა! ათი ქალი გააუპატიურა. არ ველოდით მისგან, ყველას გვშურს!“
მან გააფეტიშა მილიტარიზმი და ძალადობა. ამასთან, ხშირად ცდილობს „გააქალუროს“ საკუთარი მტრები და ამბობს, რომ დასავლეთში კაცებს ქალებად აქცევენ, – ეუბნება „ბიბისის“ რუსულ სამსახურს ელიზაბეთ ვუდი, გენდერის მკვლევარი მასაჩუსეტსის ინსტიტუტიდან.
პუტინს არ ჩამორჩება მისი კაცებისგან შემდგარი გარემოცვაც. მათ შორის განსაკუთრებით აქტიურობას ჩეჩნეთის პრეზიდენტი რამზან კადიროვი.
2022 წლის მარტში ილონ მასკის დასამცირებლად, კადიროვმა იგი ქალის სახელით, ილონათი მოიხსენია. მან ამერიკელ ბიზნესმენს ურჩია, ჩეჩნურ ბატალიონში, „ახმატში“ ჩაეწეროს, სადაც „ნაზი გოგოს ნაცვლად, ბრუტალური კაცი გახდება“.
დათმობების გარეშე
მათ შორის მაჩოს იმიჯის გამოც არ შეუძლია პუტინს უკრაინასთან დათმობებზე წასვლა, რადგანაც მის სამყაროში დათმობა სისუსტეს ნიშნავს, – თქვა ელიზაბეთ ვუდმა.
პუტინის მასკულინურ გარემოცვაში იყო მხოლოდ ერთი ადამიანი, ვინც მისი ავტორიტეტი და უკრაინაში ომის საჭიროება ეჭვქვეშ დააყენა.
23 ივნისს კერძო ჯარის, „ვაგნერის“ მფლობელმა, პრიგოჟინმა პუტინს დაუმორჩილებლობა გამოუცხადა და საკუთარი ჯარი მოსკოვისკენ წაიყვანა. თუმცა მალევე გადაიფიქრა.
ამბოხიდან ორ თვეში პრიგოჟინის თვითმფრინავი ჰაერში აფეთქდა.
ამასთან, კრემლის პროპაგანდა მამაკაცურობას კი აფეტიშებს, მაგრამ რუსეთში კაცების ცხოვრების ხარისხი ქალებისაზე გაცილებით უარესია.
მაგალითად, კაცების სიცოცხლის მოსალოდნელი ხაგრძლივობა 67,6 წელია. ეს ქალებისაზე 10 წლით ნაკლებია.
ამხელა სხვაობა მსოფლიოს სხვა არცერთ ქვეყანაში არაა.
რადიო თავისუფლება