პოლიტიკურ ველზე გამოსული ძალა “ახალი” ოპოზიციონერ პარტიებთან მოლაპარაკებებსა და თანამშრომლობას აანონსებს – ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიას მიერ დაფუძნებული პარტიის წევრი, გიორგი კირთაძე “საჯარო პოლიტიკის” ეთერში აცხადებს, რომ “ახალის” დაკომპლექტება ჯერ კიდევ გრძელდება.
კირთაძე განმარტავს, რომ ახლო მომავალში გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი, თუ რა კონფიგურაციით წარდგება პოლიტიკური ძალა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში, რომლის მიზანიც ოლიგარქის პრორუსული რეჟიმის დასრულებაა.
”დღეს იყო ორი ნიკას გუნდების გაერთიანების პრეზენტაცია. მე მჯერა, რომ ამ ადამიანებთან სწორი კომუნიკაციით ერთობა კიდევ უფრო ფართო იქნება. სურვილსაც და მზაობასაც გიდასტურებთ, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს და მივიღებთ სწორ ერთობას, რომელიც გაგვიყვანს შედეგამდე. პოლიტიკურ პარტიებთან სხვადასხვა ფორმით შეიძლება მოხდეს თანამშრომლობა. ვიღაცებთან ერთად ერთიანი საარჩევნო სიით წარდგე არჩევნებზე და სხვებთან სხვანაირად ითანამშრომლო. თანამშრომლობა იქნება ყველასთან. უახლოეს პერიოდში ნათლად გამოჩნდება, თუ რა კონფიგურაციით იქნება პარტია წარდგენილი არჩევნებზე. ეს ერთობა გადამწყვეტ წვლილს შეიტანს ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ”, – ამბობს კირთაძე.
ცნობისთვის, გვარამიასა და მელიას პოლიტიკური გაერთიანება შედგა. ორი ნიკას ალიანსი დღეს, 11 მარტს ოფიციალურად გაფორმდა.