“ოცნების” დეპუტატების მიერ გაკეთებული განცხადებები შეურაცხმყოფელია, ემიგრანტები გაბრაზებულები ვართ – ზურა ქუტიძე

ქართველი ემიგრანტები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხმის დაფიქსირების უფლებას ითხოვენ – ქალაქ ანტვერპენის დროებითი მაცხოვრებელი, ზურა ქუტიძე “საჯარო პოლიტიკის” ეთერში იმ მძიმე ვითარებასთან დაკავშირებით საუბრობს, რომლის წინაშეც სამშობლოს მოწყვეტილი ადამიანები ყოველდღიურად დგანან.

საქართველოს მოქალაქე “ქართული ოცნების” დეპუტატების მიერ გაკეთებულ ბოლო დროინდელ განცხადებებს შეურაცხმყოფლად აფასებს და შეშფოთებას გამოთქვამს კობახიძის კომენტარზე, რომელმაც ემიგრანტების არჩევნებში ჩართულობასთან დაკავშირებით წამოჭრილ განსხვავებულ აზრებს პოლიტიკური სპეკულაციები უწოდა.

ზურა ქუტიძე პრემიერ-მინისტრს მოუწოდებს, რომ საკუთარი უფლებამოსილება პირნათლად შეასრულოს და საარჩევნო უბნები არა მხოლოდ საელჩოებში, არამედ სხვადასხვა კონკრეტულ ადგილზე გახსნას, რადგან ემიგრაციაში მყოფ ადამიანების მიეცეთ საშუალება აქტიურად მიიღონ მონაწილეობა საკუთარი სამშობლოს ბედის გადაწყვეტაში.

”ბოლო დროს გაკეთებული განცხადებები, მითუმეტეს, ენუქიძის, ხუნდაძის და კობახიძის, ძალიან შეურაცხმყოფელია და ემიგრანტები ძალიან გაბრაზებულები ვართ. არ შეიძლება, რომ გაღებული შრომის მერე ეს მოგდებული პასუხი მივიღოთ ირაკლისგან, რადგან ფაქტობრივად, ჩვენს მოთხოვნაზე პასუხი არ არის. ემიგრანტებისგან ხვეწნა და მუდარა კი არ არის, რომ საარჩევნო უბნების გახსნას ვითხოვთ, არამედ ეს არის მოთხოვნა საქართველოს სრულუფლებიანი მოქალაქეების, რომ გვსურს, გვქონდეს შესაძლებლობა ჩვენი ხმა დავაფიქსიროთ არჩევნებში და როგორც პრემიერი, კობახიძე ვალდებულია, რომ ხალხის დაკვეთა შეასრულოს. ისინი ცდილობენ, რომ სხვა ჭრილიდან დაგანახონ ეს პრობლემა. საუბრობენ, რომ თითქოს, ემიგრანტები არ ვარსებობთ და ახლა აქედან უნდა დავდგეთ და უნდა ვამტკიცოთ, რომ იცით ხალხნო, ჩვენ ნამდვილად ვარსებობთ. ჩემი აზრით, ერის სირცხვილია, რომ ასეთი ადამიანები წარმოადგენენ საკანონმდებლო ორგანოს”, – ამბობს ზურა ქუტიძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share