თუ მიიღებენ კანონს ძალიან გამწვავდება პროცესები – ბურჭულაძე

“ჩვენ ვართ ამ ქვეყნის ჯარისკაცები დღეს, განსაკუთრებით მსახიობები, იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს სცენა და გვყავს პუბლიკა,” – ამ განცხადებას “რეაქციაში” პაატა ბურჭულაძე აკეთებს.

მსოფლიო ბანი მსახიობების მხრიდან რუსული კანონის სცენიდან გაპროტესტებას და ხელისუფლების მხრიდან მათზე მიტანილ იერიშს ეხმაურება.

ბურჭულაძე აკრიტიკებს მდინარაძეს, რომელმაც თქვა – “თუკი მეგობრები გვეტყვიან, ქართულად აღარ ილაპარაკოთ, ქართულად ლაპარაკი უნდა შევწყვიტოთ?”

”ეს მიანიშნებს მთავრობის უსუსურობაზე. მე იქ ვიყავი 78 წლის აპრილში, როდესაც იყო გაპროტესტება, სადაც მაარტო სტუდენტობა ვიდექით, ვიყავი 23 წლის – ახალგაზრდობა იდგა და პროფესორები უნივერსიტეტიდან. ეს ენა ჩვენ მაშინ დავიცავით და ჩვენგან გადედო სხვებს და დაიტოვეს საკუთარი ენა რესპუბლიკებში. ძალიან ცუდი მაგალითია მოჰყვანილი (მდინარაძის) – თან თურმე არის საშიშროება, რომ ქართულად არ ილაპარაკოთ, ვითომ მაგალითად არის მოყვანილი,” – ამბობს ბურჭულაძე.

რატომ შემოაბრუნეს რუსული კანონი? – ბურჭულაძე დარწმუნებულია, რომ ეს “არის დავალება, რაც უნდა შესრულდეს” და თვლის, რომ ეს დავალება რუსეთისგან მოდის.

ბურჭულაძე არ გამორიცხავს, რომ “ოცნება” ამ კანონპროექტით ვაჭრობდეს დასავლეთთან, მოსამართლეთა ვეტინგის ანუ კეთილსინდისიერების შემოწმების საკითხით.

”დარწმუნებული ვარ, რომ “ოცნებასაც” და ბიძინასაც რომ სცოდნოდა, რომ ასეთი წინააღმდეგობა ექნებოდა ამ კანონის ხელახლა შემოგდებას, ნამდვილად არ დაიწყებდა ამას და დაუშვეს დიდი შეცდომა. მიიღებენ ამ კანონს – ძალიან ცუდია, გამოიტანენ – ძალიან ცუდია, დღეს გამოსავალი არ აქვთ, მგონი, ბოლომდე მიიყვანენ.

(თუ მიიღებენ) ძალიან გამწვავდება პროცესები, ხომ ხედავთ ერთი დაძახებით ბევრი გამოვიდა რუსთაველზე,” – ამბობს ბურჭულაძე.

პროტესტი სცენიდან – მუსიკისა და დრამის თეატრში – “საშინელი საშიშროების წინაშე ვართ სულ ყველა“ –  ამ სიტყვებით დაამთავრეს სპექტაკლი „მეფე ლირი“  მუსკომედიის თეატრის  მსახიობებმა,  რასაც დარბაზში ოვაციები და ტაში მოჰყვა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share