ბიძინა ივანიშვილის ადვოკატები აცხადებენ, რომ „კრედიტ სუისთან“ სამართლებრივი დავის ფარგლებში მხოლოდ სასამართლოს გზით იბრძოლებენ, პროცესში კი სახელმწიფო ინსტიტუტების ჩართვას გამორიცხავენ. ამ თემაზე „ქრონიკასთან“ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ადვოკატმა, ვიქტორ ყიფიანმა ისაუბრა.
„ყველას გვახსოვს ბატონი ივანიშვილის წერილი, რომელშიც ის ხაზგასმით ამბობს, რომ ეს არის კერძო სამართლებრივი დავა და მიუხედავად იმისა, რომ ამ დავაში არის ძალიან ბევრი საეჭვო ელემენტი და გარემოება, ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, არ გავცდეთ კერძო სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებს. ამის უფლებას საკუთარ თავს არ მივცემთ და ვერც მივცემთ. ამიტომ, საუბრები, რაც გვესმის, თითქოს ჩვენი განზრახვაა სახელმწიფოთაშორის სიბრტყეში გადავიტანოთ [დავა], ეს არის საფუძველს მოკლებული და არასერიოზული განცხადებები. გამოწვევა, პრობლემა აქვს და ჩვენ არ გვაქვს სურვილი და მზაობა, ეს საკითხი დავუმატოთ. ამ ქვეყანას საგარეო ასპარეზზე ისედაც ბევრი გამოწვევა და პრობლემა აქვს, ბევრი საკითხია, რომელიც თანამედროვე დღის წესრიგით არის განპირობებული და ჩვენ არ გვაქვს არანაირი სურვილი და მზაობა, რომ ეს ჩვენი საკითხი დავუმატოთ იმ საკითხების ჩამონათვალს.
რა თქმა უნდა, უფლება გვაქვს შეფასება მივცეთ კონკრეტულ ნეგატიურ მოვლენებს, რომლებიც შვეიცარიულ მართლმსაჯულებაში ხდება. ჩვენ ვისაუბრეთ ძალიან უცნაურ სასამართლო გადაწყვეტილებაზე, არაერთი შეფასება მიგვიცია შვეიცარიის პროკურატურის მიკერძოებულ მოქმედებაზე – ეს არის ჩვენი უფლება, როგორც მომჩივანის, რომ შეფასება მივცეთ. მაგრამ რამდენად ქმნის ეს შეფასება საფუძველს საჯარო ინსტიტუტების მხრიდან რეაგირებისთვის? ვთვლი, რომ აქ ორგანული კავშირი არიკვეთება“, – აცხადებს ყიფიანი.