ნელ-ნელა იმატებს საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების იმ მოთამაშეთა რიცხვი, რომლებიც პარლამენტში „ქართული ოცნების“ მიერ ამ დღეებში განსახილველად დაბრუნებული „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო სტატუსებს აქვეყნებენ.
წლების განმავლობაში ნაკრების ხერხემალის ჯაბა კანკავას მოკლე, მაგრამ ყველასთვის კარგად გასაგებ სიტყვებს – „რუსეთის დდშვც…“ – მალევე ქართველ ქომაგთათვის ერთ-ერთი ყველაზე საიმედო ფეხბურთელის გიორგი ჩაკვეტაძის დამაზუსტებელი სტატუსი მოჰყვა – „საქართველო ევროპაში“!
გაცილებით უხვსიტყვიანი და მრავლისმეტყველი გამოდგა გადამწყვეტ მატჩებში ყოველმხრივ თავგამოჩენილი ბუდუ ზივზივაძის მიმართვა:
„არა რუსეთს, საქართველოს გზა ევროპაშია!
P.S მადლობა არავინ გადამიხადოს, რადგან იმას ვამბობ, რაც ყველა ქართველმა უნდა თქვას“.
თანაგუნდელთა პოზიცია ნაკრების ლიდერმა ხვიჩა კვარაცხელიამ გაამყარა: „ევროპული გზა გვაერთიანებს! წინ ევროპისკენ!! მშვიდობა საქართველოს!“
და ბოლოს, ქვეყნის ინტერესები უმნიშვნელოვანეს მომენტში ნაკრების კარის დარაჯმა გიორგი მამარდაშვილმა დაიცვა: “საქართველოს გზა და მომავალი მხოლოდ ევროპაზე გადის!”
გარდა ამისა, სოციალურ ქსელში რუსული კანონის წინააღმდეგ გამოვიდნენ თორნიკე შენგელია, ილია თოფურია, გიორგი მიქაუტაძე, ზურიკო დავითაშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი, გიორგი ქვილითაია, შოთა არველაძე და ძალიან ბევრი სხვა.
დიდი ალბათობით, ამავე თემაზე, მალე სხვა ფეხბურთელთა და არა მარტო ფეხბურთელთა სტატუსებს უნდა ველოდოთ..