„ქართულმა ოცნებამ” კანონპროექტი პარლამენტში იმ განწყობით წარადგინა, რომ წელს უკეთ შეძლებდნენ საზოგადოებისთვის იმის ახსნას, რატომ არ უნდა ეშინოდეთ დოკუმენტის, რომელსაც ხალხმა „რუსული კანონი“ შეარქვა.
„ეს არის ძალიან პრინციპული საკითხი. ჩვენი საზოგადოება არის გონიერი. ჩვენი ბრალი შარშან იყო ერთადერთი რამ – კომუნიკაციაში იყო პრობლემები“, – თქვა 3 აპრილს ამ კანონის ერთ-ერთმა ინიციატორმა, დეპუტატმა „ქართული ოცნებიდან“ მამუკა მდინარაძემ, როცა მას ჰკითხეს, ხელახლა გაიწვევდა თუ არა მმართველი პარტია კანონპროექტს, თუკი ის შარშანდელივით მძლავრ პროტესტს მიიღებდა საპასუხოდ.
„83 მონა“ – დააწერეს ჭავჭავაძის გამზირზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის კედელზე მას შემდეგ, რაც „აგენტების კანონს“ პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი საქართველოს პარლამენტმა. 17 აპრილს კანონპროექტს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, ძირითადად „ქართული ოცნებიდან“.
„აგენტების კანონის“ მხარდამჭერი დეპუტატებისთვის „მონა“ ერთადერთი ეპითეტი არ არის, რომლითაც ქუჩაში მოიხსენიებენ. მაგალითად, რუსთაველის მეტროს ამოსასვლელთან, იქ, სადაც აქამდე მხოლოდ სტუდენტურ საცხოვრებელს ითხოვდა საზოგადოება, ახალი წარწერა გაჩნდა – 83 მოღალატე, წერია ვარდისფერი საღებავით.
ფილარმონიასთან მათ იუდას ეძახიან.
არის უფრო უცენზურო ეპითეტებიც.
და არის ენაში დამკვიდრებული მყარი სიტყვათშეთანხმებების ირონიული გამოყენებაც.
იმის მიუხედავად, რომ „ქართული ოცნების“ წევრები „აგენტების კანონის“ განხილვისას პარლამენტში კოლეგა ოპოზიციონერ დეპუტატებს მიკროფონს უთიშავდნენ, როცა ისინი ამბობდნენ – „რუსული კანონი“, მოქალაქეებისთვის ამ კანონის აღქმა არ იცვლება. „არა რუსულ კანონს“, წერდნენ ისინი 2023 წლის მარტში. „არა რუსულ კანონს“, წერენ 2024 წლის აპრილშიც.
მეტიც, ქუჩებში მრავლადაა ტექსტები, რომლებიც არა მხოლოდ რუსული კანონის, არამედ რუსული ხელისუფლების წინააღმდეგ პროტესტს გამოხატავს.
კიდევ ერთ წარწერაში, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მიწისქვეშა გადასასვლელშია გაკეთებული, ანონიმი ავტორი არანორმატიული ლექსიკით და კლასიკოსი ავტორის ცნობილი ლექსის სინთეზით ხსნის, რატომ იწვევს მის უკმაყოფილებას მოქმედი ხელისუფლება.
აქვე, კეკელიძის ქუჩის დასაწყისში არის კიდევ ერთი წარწერა, რომელიც იმ დღეს გამოჩნდა, როცა საქართველოს პარლამენტმა „აგენტების კანონის“ განხილვა დაიწყო. ამ ადგილას თითქმის ორი წელია ანტისაოკუპაციო და უკრაინის მხარდამჭერი ტექსტები და ნახატები ცვლიან ერთმანეთს, რამდენიმე კვირის წინ კი ქართული სასამართლოს კრიტიკის შემცველი ტექსტიც დაიწერა, რომელიც მყისიერად წაიშალა „ცენზორის უხილავი ხელის“ მიერ.
„მოქალაქეების წინააღმდეგ დაწყებულ ომს ყოველთვის მოქალაქეები იგებენ“, – წერია კედელზე, სადაც ამ ტექსტის ქვემოთ ჯერ კიდევ იკითხება წინა ტექსტი: „ჩვენ გვყავს ყველაზე მდიდარი მოსამართლეები არა გონებით, არამედ ქონებით“.
სხვა კედელზე კი, რომელიც თავისუფლების მოედანზე, პუშკინის ქუჩის კუთხეშია, გამოთქმულია იმედი, რომ ეს თაობა, რომელიც ახლა პროტესტშია ჩართული, ნახავს როგორ ინგრევა რუსული იმპერია.
სანამ ქუჩები დეპუტატების შეფასებითი ეპითეტებით აივსებოდა და მოქალაქეები ერთმანეთის დამაიმედებელი წარწერებით გამხნევებას დაიწყებდნენ ქუჩიდან, იყო მთავრობის პროპაგანდის საპირწონედ შექმნილი საინფორმაციო პოსტერები, სადაც დასმულია რიტორიკული კითხვა იმის შესახებ, ქართულია თუ რუსული კანონპროექტი, რომლის მიღების შემთხვევაშიც ქვეყნის დატოვება უფრო მეტ ადამიანს მოუწევს.
პარლამენტში „აგენტების კანონის“ განხილვას წინ უძღოდა „ომი“ ფეისბუკში – სოციალური ქსელი დეზინფორმაციად ნიშნავდა იმ ბანერებს, რომლებსაც პროსამთავრობო გვერდები, საჯარო მოხელეები და პოლიტიკოსები მმართველი პარტიიდან ავრცელებდნენ ხალხის იმაში დასაწმუნებლად, რომ ეს კანონი უსაფრთხო იყო.
ფეისბუკის შემდეგ იმავე შინაარსის ბანერები თბილისის ქუჩებში – სამშენებლო ღობეებზე, მეტროს ამოსასვლელებში, ავტობუსის გაჩერებებზე გამოჩნდა.
„რატომ არის ეს კანონი ევროპული“, – ეწერა ხელისუფლების რიტორიკის გამავრცელებელ და ქუჩაში გამოკრულ ბანერებზე და რამდენიმე პუნქტად იყო ჩამოწერილი არგუმენტები.
„უხარისხოა“, – ამბობს თეატრის რეჟისორი, მიხეილ ჩარკვიანი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ხელისუფლების რიტორიკის გამავრცელებელ პოსტერებზე და ამატებს, რომ ისინი მათი ავტორების განვითარების ჩამორჩენილ ბუნებას აშიშვლებენ.
„ესენი არიან რეტროგრადების ჯგუფი, რომელთანაც თვითიდენტიფიცირებას ვერ ახდენენ ახალგაზრდები. აბსოლუტურად ყველაფერი, რასაც ესენი აკეთებენ, ძალიან ძველმოდურია და ეს აღარ მოქმედებს. ინფორმაცია წამყვანი რამეა დღეს მსოფლიოში და ამ ინფორმაციას ისინი ვერ ფლობენ“, – ამბობს მიხეილ ჩარკვიანი. მისთვის ხელისუფლებასა და ახალგაზრდებს შორის გაუცხოება და სხვადასხვა ენაზე საუბარი სწორედ ხელისუფლების გავლენის კარგვის ნიშანია.
„რატომ ვიღებთ ამ კანონს? იმიტომ რომ:
- აღარ იფიქრო უმუშევრობასა და სიღარიბეზე
- აღარ შეგაწუხოს დაბალმა პენსიამ
- აღარ გაბრაზდე კორუფციაზე
- აღარ ხედავდე ჩვენს უკანონო ქონებას
იმიტომ რომ ჩვენ მოგვცე ხმა!“
გარდა საინფორმაციო პოსტერებისა, გამოჩნდა სლოგანებიც, რომლებიც საპროტესტო აქციებზე ყველაზე ხშირად ისმის – „არა რუსულ კანონს! კი ევროპას!“ – მათ ბევრ ადგილას ჩაანაცვლეს კონკრეტული ადამიანების მადისკრედიტებელი პოსტერები, რომლებზეც სამოქალაქო სექტორის ის წარმომადგენლები იყვნენ გამოსახული, ვინც აქტიურად ეწინააღმდეგება „აგენტების კანონის“ მიღებას.
„აგენტების კანონის“ წინააღმდეგ პროტესტს, როგორც შარშან, ისე წელს, გულშემატკივრობს და ეხმაურება პოეტი ბესიკ ხარანაული. 2023 წლის მარტში მისი სიტყვები – „ჩემო ახალგაზრდა კაცო, საქართველო არის შენი“, რომელიც პარლამენტის შენობის წინ შადრევნების ფილებზე ეწერა, მალევე გადაიღება. წელს ბესიკ ხარანაულის ლექსის ფრაზა ისევ გამოჩნდა ამ ადგილას.
„მძიმე ტვირთს რომ
ზურგზე გკიდებ,
მართალს გეტყვი,
ცოტად მრცხვენის,
მაგრამ რა ვქნა, ეს ბებერი,
და ეს ოხრად დასარჩენი,
სხვისი არავისი არის,
საქართველო არის შენი!
ჩემო ახალგაზრდა კაცო,
სახით შენით თავსაც შვენი,
და იმედს თუ ჩამინერგავ,
ტკივილებსაც მოვირჩენდი,
გაჯავრდი და
განაწყენდი,
ხმამყივარი შეიქენი,
სხვისი არავისი არის,
საქართველო არის შენი!“
ეს ბესიკ ხარანაულის 2023 წლის 7 მარტს დაწერილი ლექსია. ამ ლექსის გამოქვეყნებიდან 2 დღეში „ქართულმა ოცნებამ“ აგენტების კანონი უკან გაიწვია, ხალხმრავალი, „ხმამყივარი“ საპროტესტო აქციების ფონზე. როგორც შარშან, ისე წელს, ამ აქციების მონაწილეთა მნიშვნელოვანი ნაწილი 25 წელზე ახალგაზრდაა.
„არც სახელი ვართ ჩვენ, არც გვარი,
ჩვენ ვართ საქართველო!“
დაწერა ბესიკ ხარანაულმა მას შემდეგ, რაც 19 აპრილს ათასობით ახალგაზრდამ 4-საათიანი მშვიდობიანი მსვლელობა მოაწყო თავისუფლების მოედნიდან პარლამენტის შენობამდე ბარათშვილის ქუჩის, სანაპიროს, გმირთა მოედნის, ვარაზის ხევისა და მელიქიშვილის გავლით.
კლასიკოსი პოეტების გარდა, თბილისის ქუჩებში ჩნდება ახალი სახალხო პოეზიაც – აი, მაგალითად, ეს წარწერა ინგლისურ ენაზე 17 აპრილს აბაშიძის ქუჩაზე მიაწერეს, ასევე ახალგაზრდების გასამხნევებლად.