“თქვენ და თქვენს მთავრობას გზა აგერიათ” – იან კელი ირაკლი კობახიძეს მიმართავს

აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელი სოციალურ ქსელ X-ზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს მიმართავს და ამბობს, რომ საქართველოს მთავრობას გზა აერია.

“ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე, პრემიერ-მინისტრი კობახიძე ამბობს, რომ ევროკავშირში გაწევრება უპირველეს პრიორიტეტად რჩება. მაგრამ, როგორც ჩანს, მცდარი შთაბეჭდილების ქვეშაა და ჰგონია, რომ ევროკავშირისკენ გზა ბუდაპეშტზე გადის. თქვენ და თქვენს მთავრობას გზა აგერიათ, ბატონო პრემიერ-მინისტრო”, – წერს იან კელი.

25 აპრილს უნგრეთში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე (CPAC), ირაკლი კობახიძე სიტყვით გამოვიდა. სიტყვით გამოსვლის ძირითადი ნაწილი მან ჰომოფობიურ განცხადებებსა და ლიბერალიზმის კრიტიკას დაუთმო.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ყველასთვის მისაბაძია უნგრეთის პრინციპულობა ქვეყნისა და მისი მოსახლეობის ეროვნული ინტერესების დაცვის თვალსაზრისით


კონსერვატიული პოლიტიკური სამოქმედო კონფერენცია (CPAC) არის 1974 წელს აშშ-ში დაფუძნებული კონსერვატორთა ყოველწლიური შეკრება. ევროპაში კი CPAC მეორე წელია უნგრეთში ტარდება. შარშან ბუდაპეშტში კონფერენციას უმასპინძლა „ფუნდამენტურ უფლებათა ცენტრმა“.

შარშან CPAC-ში მონაწილეობის გამო ირაკლი ღარიბაშვილს აკრიტიკებდა ევროპაში „ქართული ოცნების“ იმჟამინდელი პარტნიორი ევროპის სოციალისტური პარტია (PES) და ამის გამო „ოცნებასთან“ პარტნიორობის გადახედვაც განიხილეს. თუმცა საბოლოოდ, „ქართულმა ოცნებამ“ ევროპის სოციალისტური პარტიას გადაწყვეტილების მიღება თავად დაასწრო და მათთან პარტნიორობა შეწყვიტა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share