საჯარო მოხელეები პარლამენტს მიმართავენ: მოგიწოდებთ, კანონპროექტი გაიწვიოთ

საჯარო მოხელეები რუსულ კანონთან დაკავშირებით პარლამენტს მიმართავენ და კანონპროექტის უკან გაწვევას ითხოვენ. ისინი შესაბამის პეტიციას ავრცელებენ.

საჯარო მოხელეები ამბობენ, რომ კანონპროექტი ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყნისთვის გადაულახავ წინაღობად იქცა.

ფორმულა მათ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“ჩვენ, საჯარო მოხელეები, წლების მანძილზე, ჩვენი კეთილსინდისიერებითა და პროფესიონალიზმით ვემსახურებით საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას და სწორედ ამ დაუღალავი შრომისა და ქართველი ხალხის ბრძოლის შედეგად, საქართველოს 2023 წლის ბოლოს მიენიჭა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ჩვენ ამაყი ვართ, რომ წილად გვხვდა პატივი ვიყოთ ამ ისტორიული პროცესის უშუალო თანამონაწილეები.

დღეს, ჩვენი მრავალწლიანი შრომის შედეგი და ჩვენი შვილების ევროპული მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის ხელახალი ინიციირებითა და მისი მიღების მცდელობით. ჩვენმა მეგობრებმა, ქვეყნის სტრატეგიულმა პარტნიორებმა ერთმნიშვნელოვნად განაცხადეს, რომ ამ კანონპროექტის მიღება საქართველოს დემოკრატიულ განვითარებასა და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს შეაჩერებს.

ჩვენ, საჯარო მოხელეები, ვემსახურებით რა ჩვენს ქვეყანას, მის შეუქცევად განვითარებასა და ჩვენი თითოეული თანამოქალაქის კეთილდღეობას, უმნიშვნელოვანესად მიგვაჩნია ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციის დაცვა, ჩვენი ისტორიული მიზნის მიღწევა – საქართველოს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობა. ჩვენ, საჯარო მოხელეები, მოგიწოდებთ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი, რომელიც ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყნისთვის გადაულახავ წინაღობად იქცა, გაწვეულ იქნეს და მოგვეცეს შესაძლებლობა გავაგრძელოთ მუშაობა კონსტიტუციის 78-ე მუხლის შესასრულებლად”, – წერია განცხადებაში.

თანამშრომლობის გადახედვაზე უკვე ილაპარაკეს ამერიკელმა სენატორებმა. კერძოდ, 26 აპრილს, 14 ამერიკელმა სენატორმა პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძეს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, აშშ-საქართველოს ურთიერთობის გადახედვის პირობა დადეს. გარდა ამისა, დღეს მსგავსი განცხადება ბუნდესტაგის წევრმა, ანიკო გლოგოვსკი-მერტენმა გააკეთა. გლოგოვსკი-მერტენი აღნიშნავს, რომ კანონი ევროკავშირის ღირებულებებთან შეუთავსებელია და თუ მას მიიღებენ, საქართველოსთან ურთიერთობის გადახედვა მოუწევთ.

17 აპრილს, ქართულმა ოცნებამ გამჭვირვალობის კანონს I მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა. 29 აპრილს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე რუსული კანონის მეორე მოსმენა დაიწყება. ამავე დღეს, ქართული ოცნება საკუთარი კანონპროექტის მხარდამჭერი აქციის გამართვას აპირებს.

მანამდე, ხვალ, 19:00 საათზე, პარლამენტთან   კანონის საწინააღმდეგო აქცია გაიმართება, რომლის ორგანიზატორებიც არასამთავრობო ორგანიზაციები არიან. აქციას ოპოზიციური პარტიებიც უერთდებიან.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share