„თუ ვეტო დაძლეული იქნება, ამას ძალიან მკაფიოდ ექნება შედეგები“ – მილერი რუსულ კანონზე

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მეთიუ მილერი “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში რუსულ კანონთან დაკავშირებით ამბობს, რომ “თუკი საქართველო გადადგამს ამ ნაბიჯს, თუკი პრეზიდენტის ვეტო დაძლეული იქნება, ამას ძალიან მკაფიოდ ექნება შედეგები საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობაზე. ამას ექნება შედეგი სხვა ევროპულ სახელმწიფოებსა და საქართველოს შორის ურთიერთობაზე და საბოლოოდ საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე”.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ამერიკის დროით ხუთშაბათს საღამოს საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში პასუხისმგებელ ან თანამონაწილე პირებზე და მათი ოჯახის წევრებზე სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა გამოაცხადა.

“ჩვენ წარმოუდგენლად შეშფოთებულნი ვართ ამ კანონით. ამის მიზეზი ნაწილობრივ სწორედ ის შესანიშნავი მეგობრობაა, რომელიც ამერიკასა და საქართველოს შორის არსებობს. თუკი გასულ 30 წელს თვალს გადაავლებთ, ჩვენს ორ ქვეყანას, ორ ხალხს უდიდესი კავშირი ჰქონდა. ჩვენ სრულად ვუჭერდით მხარს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს. სრულად ვუჭერდით მხარს ევროპასთან მეტ ინტეგრაციას, ნაბიჯებს, რომელსაც დემოკრატიის გასაფართოებლად დგამდნენ…

სწორედ ამიტომ, როდესაც ვხედავთ ამის მსგავს უკან გადადგმულ ნაბიჯს, როცა ვხედავთ, რომ იღებენ კანონს, რომელიც საკმაოდ მკაფიოდ ეფუძნება რუსეთში [არსებულ] კანონებს, რომელთა მხარდამჭერი მოქმედებებიც სწორედ რუსეთის ორბიტაზე მყოფი ქვეყნებისგან გვინახავს, ეს ჩვენ ძალიან სერიოზულად გვაშფოთებს”, – ხსნის მილერი “ამერიკის ხმასთან” და დასძენს, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობაზე ამ კანონის ამოქმედება, კონკრეტულად კი ვეტოს დაძლევის გზით – აუცილებლად მოახდენს გავლენას.მილერი ამბობს, რომ შეშფოთებულია არა მხოლოდ შტატები და ევროპული საზოგადოების წევრები, არამედ უპირველესად – ქართველი ხალხი, რაც ჩანს ქუჩებში პროტესტით.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share