ლიხაური (ძველი სახელწოდება – რეხუელი) – სოფელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე აჭისწყლის ხეობაში, ზღვის დონიდან 120 მეტრზე, ოზურგეთიდან 5 კმ. თემის ცენტრი (სოფლები: ლიხაური, აჭი, კვაჭალათი, ნიაბაური). სოფლის ცენტრში მდებარეობს ექვთიმე თაყაიშვილის მუზეუმი.
ლიხაურის თემის ტერიტორიაზე ადამიანს ახალი ქვის ხანაში უცხოვრია. დიმიტრი ბაქრაძის სიტყვებით სოფლის ძველი სახელწოდებაა „რეხუელი“, ხოლო ექვთიმე თაყაიშვილი თავის შრომაში იხსენებს სოფელს, როგორც — „ლეხაური“. მოგვიანებით იწოდებოდა ლეხოურად. ფეოდალურ ხანაში წარმოადგენდა გურიის სამთავროს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ცენტრს. აქ იყო მთავრის საზაფხულო სასახლე და კარის ეკლესია, აგრეთვე ლიხაურის ციხე, რომელსაც ვახუშტი ბატონიშვილი იხსენიებს თავის თხზულებაში. ციხე აკონტროლებდა ქვემო გურიიდან მომავალ გზებს და სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა.
მეცხრამეტე საუკუნეში ლიხაური წარმოადგენდა სასოფლო საზოგადოების ცენტრს, რომლებშიც შეიდიოდნენ ქაქუთი, აჭი, ნაცხავატევი, კვაჭალათი და ნიაბაური, ხოლო ჭანიეთი წარმოადგენდა ლიხაურის ერთ-ერთ უბანს. ლიხაურის მოსახლეობა ჭანიეთითურთ იყო 140 კომლი. სოფელში მოქმედებდა 1873 წელს გახსნილი სკოლა. სოფელში ცხოვრობდნენ აზნაურები თაყაიშვილები, ბებურიშვილები და გოგოლიშვილები.