„რუსებით თავს ნუ შევიშინებთ. მით უმეტეს, გაქცეული რუსებით“ – ლაშა ბუღაძე

მწერალი, ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ ვრცელ სტატუსს აქვეყნებს.

„კიდევ ერთხელ: უნიკალური ისტორიული ვითარებაა. მსგავსი არასდროს არაფერი მომხდარა. ადამიანები უმეტესად ლტოლვილები მაშინ ხდებიან, როცა მათ ქვეყანას მტერი ესხმის თავს.

რუსები კი იმიტომ გარბიან რუსეთიდან, რომ რუსეთის გამო არ მოკვდნენ და რუსეთის გამო არ იქცნენ მკვლელებად!

რამდენიც არ უნდა შემოვიდნენ, გახსოვდეთ, რომ ისინი გარბიან!

ცხადია, ემიგრანტთა ნაკადი უსაფრთხოების საკითხია ჩვენი ქვეყნისთვის (მორალი შესაძლოა არააქტუალურიც კი იყოს ამწუთას), მაგრამ ახლა ამ პრობლემის პრაქტიკული სტრუქტურირება უნდა იყოს უმთავრესი საზრუნავი, რადგან ქვეყანა საემიგრაციო კრიზისის წინაშე დგას და არა პანიკით, პარანოიით და ისტერიკით, არამედ რამდენადაც შესაძლებელია, რაციონალურად უნდა მივუდგეთ ამ გამოწვევას. არადა, მეჩვენება, რომ ერთგვარ სისუსტეს ვავლენთ, როცა ფობიებით შეპყრობილები გავკივით, რომ ახლა “დამპყრობელთა ურდო მოიწევს ჩვენკენ”, – ურდოა თუ რაცაა, სუსტები ახლა ჩვენ კი არა, პუტინის რუსეთია და მისი ხალხი, ვინც ყველა მიმართულებით გარბის კვდომის პირას მისული უსუსური ქვეყნიდან.

გაქცეული ურდო არ არსებობს! ვის და რისი დაპყრობის თავი აქვთ! ტრავმებით ნუ ვპროეცირებთ რეალობას – ისეთად აღვიქვათ სინამდვილე, როგორიც ის არის!
ყაზახეთის პრეზიდენტმა აგერ კარვები გაუწყო და კინოდარბაზებში შეასახლა დროებით, როგორც ლტოლვილები, რადგან არიან კიდეც ლტოლვილები, რომელთაც იმაზე დიადი მნიშვნელობა არ უნდა მივანიჭოთ, ვიდრე მათი ქცევის შინაარსი და პოტენციაა.

რუსები არიან – და უნდა იყვნენ – პანიკაში და არა ჩვენ! პუტინი აგებს და არა უკრაინა დასავლეთთან ერთად!

ტოყაევმა უკვე დაანახა პუტინს, როგორ მფარველობს მის ლტოლვილად ქცეულ დეზერტირთა “არმიას”, – და ჩვენი მრჩეველი რატომაა ყოველთვის შიში, როცა შიში ყოველთვის ცუდი მრჩეველია?!

სულ მცირე, მოვრჩეთ თავის დაკომპლექსებას, რომ აქ გამოქცეული რუსი ეგზისტენციალურ პრობლემას შეუქმნის საქართველოს. საქართველოს ეგზისტენციალურ პრობლემას პუტინი უქმნის, რომელიც ჩვენს თვალწინ მარცხდება და ეს გაქცეული ხალხიც ამ მარცხის გამოვლინებაა…

ქართული საზოგადოების პრობლემა დამარცხებულზე ფსონის დამდები ივანიშვილის ხელისუფლებაა და არა რუსეთიდან გაქცეული რუსი, რომელიც რუსეთზე ბევრად კარგ საქართველოში ცდილობს გადარჩენას.

ივანიშვილმა სისუსტის სინდრომი გაგვიჩინა და ეს უსარგებლო პანიკაც აქედანაა. არადა, სუსტების გარდა ყველაფერი ვართ – არა მგონია, სუსტებს ისეთებისთვის გაეძლოთ, რასაც ჩვენ გავუძელით უკანასკნელი 30 წელი! რუსებით თავს ნუ შევიშინებთ. მით უმეტეს, გაქცეული რუსებით“, – წერს ლაშა ბუღაძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share