საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სქემა 5 წელია მოქმედებს. პენსიის დაგროვება სავალდებულოა 40 წლამდე ასაკის ყველა დასაქმებულისთვის. ამ დროისთვის საპენსიო სქემაში გაწევრებულთა რაოდენობა 1 მილიონ 511 ათასი კაცია. მოქალაქეთა საპენსიო დანაზოგმა ჯამში 4,9 მილიარდ ლარს მიაღწია. როგორც ირკვევა, ახალი კანონპროექტის მიღების შემდეგ საპენსიო სააგენტოს მართვაც იცვლება, სახელიც და ის ლიმიტიც, რომლითაც საპენსიო ფონდს შეეძლება მსხვილი პროექტები დააფინანსოს. დღეს მოქმედ საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოში პარლამენტის მიერ არჩეული ოთხი უცხოელი წევრია. ისინი პარლამენტმა 2019 წლის ივნისში დაამტკიცა საბჭოს წევრებად და მათ საქმიანობის ვადა წლეულს, ივნისში ეწურებათ. საბჭოს ხელმძღვანელობს საფრანგეთის საპენსიო სარეზერვო ფონდის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი ოლივიე რუსო. ეს საბჭო საპენსიო აქტივების ინვესტირების თაობაზე იღებს გადაწყვეტილებებს. ახალი კანონპროექტის მიხედვით იცვლება სახელი და საპენსიო სააგენტოს “საპენსიო ფონდი” დაერქმევა. ამჟამად სააგენტოს ორი საბჭო ჰყავს: სამეთვალყურეო და საინვესტიციო. ახალი ცვლილებით, ორივე საბჭო უქმდება. სამეთვალყურეო და საინვესტიციო საბჭოებს მმართველობითი საბჭო ჩაანაცვლებს და საპენსიო ფონდს მმართველად მხოლოდ ეს ერთი საბჭო ეყოლება, რომელიც მინიმუმ 9 და მაქსიმუმ 15 წევრისგან იქნება დაკომპლექტებული. საბჭოს წევრებს სპეციალურად შექმნილი კომისია აირჩევს, რომელთაც პრემიერ-მინისტრი დაამტკიცებს და მათი უფლებამოსილების ვადა 5 წლით განისაზღვრება. დღეს მოქმედი კანონით, საინვესტიციო საბჭოს წევრებს პარლამენტი ამტკიცებს, ცვლილებების შემდეგ კი სააგენტო მთავრობას დაექვემდებარება. თავის მხრივ, კომისია, რომელიც საბჭოს წევრებს ირჩევს, 7 წევრისგან შედგება. ისინი იქნებიან: ფინანსთა მინისტრი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, პარლამენტის 3 წევრი (წარადგენს საკანონმდებლო ორგანო), 1 დამოუკიდებელი წევრი (წარადგენს ეროვნული ბანკი). ეს ნიშნავს, რომ სააგენტოს მმართველ საბჭოს, რომლის უფლება-მოვალეობების სია მოცულობითია, მთავრობა დააკომპლექტებს. სააგენტოში ყველა მნიშვნელოვანი კომიტეტი უნდა შექმნას ამ მმართველობითმა საბჭომ, მათ შორის, საინვესტიციო, რისკის მართვისა და შიდა აუდიტის კომიტეტები. საპენსიო ფონდს ზედამხედველობას გაუწევს ეროვნული ბანკი ანუ საპენსიო ფონდში ეროვნული ბანკის უფლებები გაიზრდება. მნიშვნელოვანი დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში სებ-ს შეეძლება თანამდებობიდან გაათავისუფლოს ფონდის დირექტორატის წევრები: გენერალური დირექტორი, მთავარი საინვესტიციო ოფიცერი, მთავარი რისკის ოფიცერი და შიდა აუდიტის უფროსი. ამჟამად ეროვნული ბანკი მხოლოდ საინვესტიციო ნაწილის ზედამხედველი და მარეგულირებელია, ის სააგენტოს დანარჩენ ნაწილში ვერ ჩაერევა.
რომან გოცირიძე, დამოუკიდებელი დეპუტატი: – დღეს მოქმედი კანონით, საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრებს ირჩევს პარლამენტი, სრული შემადგენლობის უმრავლესობით. საბჭოს წევრები და თავმჯდომარე უცხოელები არიან, რომლებიც პარლამენტმა აირჩია. ახალი კანონპროექტის მიხედვით, პარლამენტს ჩამოერთმევა საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრების არჩევის უფლებამოსილება და მათ პრემიერ-მინისტრი დაამტკიცებს, ეს კი ნიშნავს, რომ საბჭოში აირჩევენ ისეთ პირებს, ვისი კანდიდატურაც მთავრობას აწყობს, და გადაწყვეტილება იქნება პოლიტიკურად მიკერძოებული.
საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო და საინვესტიციო საბჭოები გაუქმდება და ისინი ჩანაცვლდება ერთიანი მმართველობითი საბჭოთი, რომელსაც 9-დან 15 წევრამდე ეყოლება. მმართველობითი საბჭო პასუხისმგებელი იქნება როგორც მენეჯმენტზე, ასევე აქტივების ინვესტირებაზე. ამასთან, იზრდება ლიმიტები – საპენსიო ფონდი მსხვილი პროექტების დაფინანსებას შეძლებს. ეს შესაძლებლობა გაჩნდება დაბალრისკიანი საინვესტიციო პორტფელის შემთხვევაშიც კი. ამასთან, მოქალაქეები ვეღარ შეძლებენ საპენსიო აქტივების გადატანას დამოუკიდებელ მმართველ კომპანიებში – მოგეხსენებათ, 2025 წლიდან მოქალაქეებს მიეცემოდათ შესაძლებლობა, საკუთარი საპენსიო აქტივები გადაეტანათ აქტივების მმართველ დამოუკიდებელ კომპანიებში.