ეს იყო კონტრასტების კვირა, არამარტო ჩვენი თაობებისთვის წარმოუდგენელი შედეგით. სრული სადღესასწაულო ეიფორიის არათუ წუთები, საათები, არამედ დღეები, რომელიც გრძელდება და დიდხანს გაგრძელდება.
და მწარე სირცხვილის განცდა. მეტიც, მომენტის დრამატიზმის შედეგად გამოწვეული ლამის სასოწარკვეთა, როდესაც შენი მეგობრები, რომელთა წინსვლის მთავარი მოტივატორი და ხშირად მოტორიც შენ იყავი, ევროკავშირში ინტეგრაციის შემდგომ და გადამწყვეტ ეტაპზე გადადიან, შენ კი კვლავ მოსაცდელში რჩები შერცხვენილი და სამართლიანად დასჯილი. მეტიც, იაზრებ, რომ როგორც ქვეყანა, კიდევ დაგინდეს, შენივე ხალხის დამსახურებით და მისი ევროპული მისწრაფებისადმი რწმენით.
მხოლოდ ფაქტები:
ფეხბურთში საქართველოს ეროვნული ნაკრები გადამწყვეტ მატჩში ამარცხებს ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტ – რონალდუს პორტუგალიურ ნაკრებს. ამარცხებს დამაჯერებლად. იგებს 2:0-ს. მოედანზე მყოფი ყველა ფეხბურთელი, გამონაკლისის გარეშე იმსახურებს არამარტო ქართველი გულშემატკივრის, მსოფლიო პრესის აღფრთოვანებას და შექებას.
ევროპელები ქართველი ფეხბურთელების და ქართველი გულშემატკივრების დამსახურებით იწყებენ საქართველოს ხელახლა აღმოჩენას, დავიწყებული, უსამართლოდ დაჩაგრული და მივიწყებული უძველესი ცივილიზაციის და კულტურის შემჩნევას, დაფასებას და აღიარებას. საქართველოს ნაკრებით აღფრთოვანებული ინგლისელი ფანის კომენტარზე, რომელშიც ნახევრად ხუმრობით წერია, რომ ქართველებმა ინგლისურ დროშას კუთხეებში ჯვრები მიახატეს და ინგლისის ნაკრებზე გაცილებით უკეთ თამაშობენ, იქვე მიუთითებენ, რომ ეს ქართული დროშა მინიმუმ ათასწლოვანი ისტორიისაა, რომ საქართველო უძველესი ევროპული ცივილიზაციაა და რომ “ეს” ქართველები სინამდვილეში “ის” ძველი კოლხები – “ოულდ კოლხიანს” არიან.
ლისაბონიდან თბილისამდე გადაჭიმული ევროპის ჩემპიონატის ქართულ-პორტუგალიური შერკინების შემდეგ ორი იბერიის წარმომადგენლები ვემზადებით ღირსეული, და ჩვენთვის კიდევ ერთი ისტორიული თამაშისთვის.
და ამ ფონზე, ოცნების მიერ გამომწვევად ზურგშექცეული ევროპული საბჭო იღებს მძიმე გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობასთან დაკავშირებით. რაც ფაქტობრივად ნიშნავს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს მოძრაობის გაყინვას. ასევე ფაქტობრივად წყდება უმაღლეს დონეზე კომუნიკაცია ევროსტრუქტურებსა და საქართველოს მთავრობას შორის. მთელი რიგი ევროპის გავლენიანი ქვეყნებისა მხარს უჭერენ კიდევ უფრო მკაცრი ზომების არჩევნებამდე მიღებას ხალხის ნებისთვის საბოტაჟის მომწყობ საქართველოს მთავრობასთან მიმართებაში.
პირველად საქართველოს ისტორიაში, ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების პირველი პირის ყოველწლიურ საპარლამენტო მოხსენებას პროტესტის ნიშნად არ ესწრება არც ამერიკის შეერთებული შტატების, არც ევროკავშირის და არც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები გარდა უნგრეთისა.
ნატოს ისტორიულ ვაშინგტონის სამიტზე, რომელსაც უკვე ახალარჩეული გენერალური მდივანი გაუძღვება, საქართველო არ იქნება წარმოდგენილი უმაღლეს დონეზე და დიდი ალბათობით არ იქნება მიღებული რაიმე ტიპის გადაწყვეტილება, რომელიც ნატოსთან მიმართებაში საქართველოს ოდნავ პროგრესს მაინც აღნიშნავდა. აქვე შევნიშნოთ, რომ ნატოს გენერალური მდივანი გახდა ნიდერლანდების მოქმედი პრემიერ-მინისტრი რუტე, რომელიც იმ ქვეყნების რიგშია, ვინც აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მიმართ კიდევ უფრო მკაცრი სანქციების გატარებას, ანტიდასავლური პოლიტიკისა და ევროკავშირის ღირებულებების დისკრედიტაციის გამო.
ივანიშვილის ხელისუფლებამ საქართველოს გემს აფრები, რომელიც ევროკავშირიდან მონაბერი მძლავრი ნაკადით ივსებოდა – ჩამოხსნა, ტრიუმში ჩაკუჭა და ამის ნაცვლად, ჩაძირვისთვის განწირულ რუსეთის და საქართველოსგან ღირებულებითად აბსოლუტურად სხვა კონტინენტზე მყოფი ჩინეთის გემებს ბუქსირზე ჩააბა.
როგორადაც არ უნდა დამთავრდეს ეს ისტორიული კვირა, თამამად შეგვიძლია ავივსოთ ოპტიმიზმით და მომავლის რწმენით. ასეთი თავდაჯერებულები ჩვენ ბოლო ათწლეულების განმავლობაში არასოდეს ვყოფილვართ და ამდენი მიზეზი ამ თავდაჯერებულობისთვის არასოდეს გვქონია.
ევროპის ჩემპიონატიდან საქართველოში დაბრუნდებიან არამარტო ამ თვითრწმენის მთავარი მიზეზი – ქართველი ფეხბურთელები, არამედ დაბრუნდება 10 ათასობით ქართველი გულშემატკივარი. ის ხალხი, რომელმაც ერთის მხრივ ევროპელების საჩემპიონატო განწყობას სრულიად განსაკუთრებული მხურვალება და ენთუზიაზმი შესძინა, საქართველოსკენ კი გამოაგზავნა მძლავრი სიგნალი ქართული ევროპულობისა და საქართველოს გარდაუვალი გაევროპელებისა.
რაც მთავარია, სრულიად ნათელია, რომ ვერცერთი პოლიტიკური, ან სხვა ტიპის კამპანია ვერ მოახდენდა ასეთ მასშტაბურ გარდატეხას და არსებული, თუმცა ძალიან მცირე მასშტაბის კეთილგანწყობის მობილიზებას რიგითი ევროპელების და არა იმდენად პოლიტიკური ინსტიტუციების დონეზე. დღეს, ქართველი ფეხბურთელების და გულშემატკივრების შემყურე ევროპა არათუ გველის – მოუთმენლად ელის ევროპულ ოჯახში ხმაურიანი საქართველოს დაბრუნებას, იმ მუხტის, შემართების, ენთუზიაზმის, ენერგიის მიღებას და გაზიარებას, რომელიც 14 დღის განმავლობაში ქართველებმა ყველაზე მასობრივ, პოპულარულ და საყვარელ სატურნირო გარემოში შევიტანეთ.
ასე რომ, განსაკუთრებული მადლობა ქართველ ფეხბურთელებს, მთელ სამწვრთნელო გუნდს, ჩვენს ბრწყინვალე გულშემატკივართა არმიას და სირცხვილი საქართველოს მთავრობას, რომელმაც ამხელა ეროვნული გამარჯვებების კვირა პოლიტიკური დაღმასვლის და დამარცხების მორიგი რეკორდით აღნიშნა.
ჩვენი ნაკრებისთვის, ესპანეთთან მერვედფინალში კარგი თამაშის სურვილთან ერთად, მოკლედ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროკავშირი არ გვტოვებს და არც მიგვატოვებს, არჩევნებს დაელოდება, არამარტო დაელოდება – კარგად დააკვირდება, თუ საჭირო გახდა საქართველოს ნაკრებისთვის ასეთ საბედისწერო VAR-საც, ანუ “არბიტრის ვიდეოთანაშემწე”-საც გამოიყენებს, ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო მექანიზმს მკაცრად აამუშავებს, ქართველ ხალხთან ერთად შედეგის მიტაცების უფლებას არავის მიცემს და არჩევნებზეც გავიგონებთ სამართლიანობას და გამარჯვებას მოწყურებული ქართველის იმედიან შეძახილს “მიდის სანახავად!.. მიდის სანახავად!..”