“მნიშვნელოვანია, საქართველოს მთავრობის შესაბამის ოფიციალურ პირებთან თანამშრომლობა გავაგრძელოთ” – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა ბრიფინგზე განაცხადა.
პატელის თქმით, საქართველო სწორედ ის ქვეყანაა, რომელთანაც შტატებს ორმხრივი ურთიერთობის ფარგლებში გარკვეული საკითხების განხილვა სურს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილე ასევე დასძენს, რომ რუსული კანონი ევროპულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ ვაშინგტონსა და ოფიციალურ თბილისს შორის თანამშრომლობა დადებით შედეგს გამოიღებს.
”რაც შეეხება საქართველოს, ვიცი, რომ ამ ბრიფინგის ოთახში ცოტა ხნის წინ მიღებულ ზოგიერთ კანონზე საუბარს დიდი დრო დავუთმეთ. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ასევე, საქართველოს მთავრობის შესაბამის ოფიციალურ პირებთან თანამშრომლობა გავაგრძელოთ. ეს არის ქვეყანა, რომელთანაც ჩვენ მთელი რიგი საკითხები გვაქვს, რომელთაც გვსურს ამ ორმხრივი ურთიერთობის კონტექსტში პრიორიტეტი მივანიჭოთ…
რა თქმა უნდა, როდესაც საქმე ამ კონკრეტულ კანონს ეხება, თქვენ მოისმინეთ, როგორც ჩემგან, ისე მეთისგან (მილერი) იმ ბევრი პრობლემის შესახებ, რომლებიც გვაქვს და როგორ ვფიქრობთ, რომ ეს საქართველოს ევროკავშირის მისწრაფებებს ეწინააღმდეგება. ჩვენ კვლავ გვჯერა, რომ თანამშრომლობა მნიშვნელოვანია და გვაქვს სხვა საკითხები, რომლებსაც, ეჭვი არ გვეპარება, რომ მათთან აუცილებლად განვიხილავთ”, – თქვა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ.