„ჩვენი გუნდი იყო პირველი, რომელმაც საქართველოში პოლიტიკის ამოსავალ წერტილად ადამიანი და მისი უფლებები დასახა მიზნად“ – ამის შესახებ ”ქართული ოცნების” ოფისის გახსნაზე კახა კალაძემ ისაუბრა.
კალაძემ შეკრებილებს მიმართა და აღნიშნა, რომ ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში ადამიანებს განსხვავებული აზრის დაფიქსირების არ ეშინიათ. კალაძემ ისევ ოპონენტები გააკრიტიკა – “გულუბრყვილოები არ ვართ და კარგად გვესმის, რომ ამ გზაზე ურთულესი დაბრკოლებები გველის წინ, მითუფრო იმ პოლიტიკური ფონის გათვალისწინებით, რასაც რადიკალები და მათი დამფინანსებლები ცდილობენ, რომ შექმნან”.
კალაძე იწრმუნება, რომ “ოცნება” არჩევნებში გაიმარჯვებს – “ამ არჩევნებში ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, მშვიდობასაც შევინარჩუნებთ და ევროკავშირში გაწევრიანების ჩვენ მიერ დაწყებულ პროცესს ქართველ ხალხთან ერთად ლოგიკურ დასასრულამდე მივიყვანთ”.
”გულუბრყვილოები არ ვართ და კარგად გვესმის, რომ ამ გზაზე ურთულესი დაბრკოლებები გველის წინ, მით უფრო იმ პოლიტიკური ფონის გათვალისწინებით, რასაც რადიკალები და მათი დამფინანსებლები ცდილობენ რომ შექმნან. ამიტომაც, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ „ქართული ოცნების“ თითოეული წევრის, ჩვენი გუნდის თითოეული მხარდამჭერის ერთიანობით, გავაძლიეროთ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც მოქმედებს საქართველოს საკეთილდღეოდ. ძალა, რომელიც მოქმედებს არა ემოციებით თუ თავსმოხვეული წესებით, არამედ რაციონალურად და ჩვენი ხალხის უკეთეს მომავალზე ორიენტირებული გადაწყვეტილებებით მართავს ქვეყანას.
საბოლოო მიზნისაკენ მიმავალ გზაზე, ერთ-ერთი მთავარი წყალგამყოფი მოახლოებული საპარლამენტო არჩევნებია, რომლის შედეგსაც საქართველოს მომავლისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს. შესაბამისად, საარჩევნო კამპანიას ახალი შემართებით, სიმბოლურად, სწორედ ახალი ოფისიდან ვიწყებთ!
აქ შეკრებილი ადამიანების, ჩვენი გუნდის წევრებისა და მხარდამჭერების ენთუზიაზმი მარწმუნებს, რომ ამ არჩევნებში აუცილებლად გავიმარჯვებთ, მშვიდობასაც შევინარჩუნებთ და ევროკავშირში გაწევრიანების ჩვენ მიერ დაწყებულ პროცესს, ქართველ ხალხთან ერთად, ლოგიკურ დასასრულამდე მივიყვანთ – საქართველო იყო და არის ევროპა!,“ – ამბობს კალაძე.